მედიაში მიმდინარე გამოწვევების, ტელეკომპანია „იბერიაში“ შექმნილი ვითარებისა და საზოგადოებრივი მაუწყებლის პროცესების შესახებ „ახალი თაობა“ ჟურნალისტ ზვიად ქორიძეს ესაუბრა.
_ როგორ შეაფასებთ ტელეკომპანია „იბერიის“ გარშემო მიმდინარე მოვლენებს, ეს არის მედიაზე ზეწოლა თუ სხვა რამესთან გვაქვს საქმე?
_ ზოგადად, მედია მთლიანად უნდა იყოს ორიენტირებული იმაზე, რომ იყოს მდგრადი. იმ პროდუქტმა, რომელსაც ქმნის და აწვდის საზოგადოებას, მოუტანოს შემოსავალი. ეს რთული მისაღწევია თანამედროვე პირობებში. ამიტომ ხშირად მესაკუთრე დამატებით ბიზნესს ანვითარებს, რომელიც ეხმარება მედიასაშუალებას განვითარებაში. ასეთი რამე ბევრი გვხვდება, მაგრამ ყოველთვის უმჯობესია, რომ ის დამატებითი საქმიანობა დაკავშირებული იყოს იმ საზოგადოებრივ საქმიანობასთან, რომელსაც თავად ემსახურება.
ჩვენს შემთხვევაშიც, ისევე როგორც სხვა ქვეყნებშიც, ძირითადად ტრანსფორმაციაში მყოფ ქვეყნებში გვხვდება ასეთი მოდელი, რომ მედია-მფლობელი მედიით კი არ იწყებს საქმიანობას და შემდეგ დამატებით ბიზნესს მედიას კი არ ახმარს, არამედ აქვთ დამატებითი ბიზნესი, საკმაოდ შემოსავლიანი და მნიშვნელოვანი სეგმენტი უკავია ამ ბიზნესს ბაზარზე და დამატებით საშუალებად ქმნიან მედიას. მათი ინტერესი ნაკლებადაა, რომ მედია განვითარდეს, როგორც მდგრადი ბიზნესი.
ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მედია იყოს მდგრადი. თუ ის ასე ვერ იქნება, მაშინ დამოკიდებული იქნება იმაზე, სხვა ბიზნესს როგორ წარმართავს ეს მედია-მფლობელი.
ასეთი პრობლემა რამდენიმე თვის წინ დაუდგა ტელეკომპანია „პირველს“, როცა მის მფლობელს ჰქონდა ასეთივე პრობლემები სხვა ბიზნესში, რომლებიც ასახვას ჰპოვებს მედიასაშუალებაში. იგივეს ვხედავთ „იბერიაშიც“. სხვა ბიზნესში გაუჩნდა მის მფლობელს პრობლემა და ერთი მხრივ ის კონფრონტაციაში შევიდა ხელისუფლებასთან, ხოლო მეორე მხრივ _ კორუფციულ გარიგებებში მთავრობასთან.
ის აუდიოჩანაწერები რომელთაც გვთავაზობს „იბერია“, ამაზე მეტყველებს. ეს არ არის მხოლოდ „იბერიის“ პრობლემა, ეს არის თანამედროვე მედიის პრობლემა მთელ მსოფლიოში. ბიზნესში შოულობენ ფულს და ინახავენ ცალკეულ მედიასაშუალებებს. მერე, როდესაც იმ ბიზნესში უჩნდებათ პრობლემა, უმცირდებათ რესურსი მედიასაშუალებისთვის. ამ დროს მედია აღმოჩნდება ჩიხში, ჟურნალისტები ვერ იღებენ ხელფასს, ვერ აკეთებენ სიუჟეტებს და ა. შ.
_ ახსენეთ აუდიოჩანაწერები, სადაც ტელეკომპანიის დათმობის კონტექსტშიც იყო საუბარი.
_ ზუსტადაც. როდესაც არის სხვა ბიზნესები და ტელეკომპანია არის დამატებითი ბიზნესი, ამ შემთხვევაში ტელეკომპანია ასრულებს პოლიტიკური ფარის როლს. როდესაც გარიგებაში შედიან, ისინი სთავაზობენ, რომ მოდი მე მოგიგვარებ პრობლემებს და შენ ამ მედიას თავი დაანებე. ბიზნესმენს იმიტომ აქვს მედია დამატებით, რომ ასეთ კრიტიკულ სიტუაციებში უფრო მეტ აუდიტორიას მიაწოდოს ინფორმაცია. გამოჩნდა, რომ როცა „ომეგა ჯგუფთან“ წავიდნენ გარიგებაზე სიგარეტის ბიზნესში, სთავაზობდნენ, რომ მას დაეთმო ტელევიზია. იმიტომ, რომ ხვალ-ზეგ თუ ის ჩათვლიდა, რომ რაღაცა არასწორად წავიდოდა, ისევ არ გამოეყენებინა მედია. მოდით, ასე ვთქვათ, კარტელურად მუშაობენ, მედიის ადგილი კი კარტელებში არ არის. მედიის ფუნქცია არის, ყველა პროცესზე საზოგადოებას მიაწოდოს ბევრი ინფორმაცია და საზოგადოება იყოს ინფორმირებული ყველა პროცესზე და არა მხოლოდ იმაზე, რაც ამ კორპორაციებში შედის.
სატელევიზიო სივრცე მიბმულია და ტრიალებს ბიზნეს და პოლიტიკური ინტერესების ორბიტაზე და არა _ დამოუკიდებლად განვითარებაზე. ტელევიზიაზე აქცენტს იმიტომ ვაკეთებ, რომ დღეს ინფორმაციის მთავარ წყაროდ რჩება. უახლოეს ხანებში შეიცვლება, მაგრამ ჯერჯერობით ასეა. კომუნიკაციების გვერდი კარგად აჩვენებს ტენდენციებს. ტელეარხების სარეკლამო შემოსავლები არის 25%-მდე, დანარჩენი კი მოდის სხვა დაფინანსებაზე. მოდით, პირდაპირ ვთქვათ, ეს არის არალეგალური დაფინანსება.
მე ამას ნიშნისმოგებით კი არ ვსაუბრობ და იმას კი არ ვამბობ, რომ ეს რა კარგია. არა! როგორც ყველა ჟურნალისტი, მეც სოლიდარული ვარ ჟურნალისტების, პროდიუსერებისა და ოპერატორების მიმართ. ტელეკომპანიის სარედაქციო დამოუკიდებლობა უნდა იყოს გარანტირებული. ასეთივე პათოსი გვქონდა ჩვენ რამდენმე თვის წინ ტელეკომპანია „პირველთან“ მიმართებაშიც. დიახ, ჟურნალისტების საქმიანობა სწორედაც ამ სარედაქციო დამოუკიდებლობით უნდა იყოს დაცული. მაგრამ, მეპატრონეს ტელევიზია თავისი ლოკალური ინტერესებისთვის სჭირდება.
ჟურნალისტის ვალდებულება არ არის, რომ დაიცვას მეპატრონის ბიზნესი, ჟურნალისტის მთავარი თემა არ არის, დაიცვას სიგარეტის ბიზნესი. მისი მთავარი თემაა, მომიყვეს სიმართლე, რა ხდება სიგარეტის ბაზარზე.
მედია-მფლობელი დღეს გვასმენინებს ჩანაწერს, მაგრამ ის ხომ დღეს გაკეთებული ჩანაწერი არ არის?! ეს არის რამდენიმე თვის წინ, შეიძლება რამდენიმე წლის წინ გაკეთებული ჩანაწერიც. ამაზე ინფორმაციას არ მაწვდიან მანამ, სანამ მფლობელს არ გაუჩნდა პრობლემა ვალების დაფარვის მხრივ. რესტრუქტურიზაციის პრობლემა რომ მოგვარებულიყო, ჩვენ ხომ ამ ჩანაწერს ვერასდროს ვერ მოვისმენდით?
აქ უნდა დაუსვან კითხვა ჟურნალისტებმა მფლობელს, რომ ისინი უნდა მოუყვნენ საზოგადოებას, რა ხდება რეალურად და არა ის, რაც მფლობელის ლოკალურ ინტერესებში შედის.
ამით სარედაქციო დამოუკიდებლობაც იზღუდება. ეს არის პროცესი, როცა მედია მზადაა, თვითშეზღუდვა განახორციელოს ან მის დამოუკიდებლობაზე ასეთი ტიპის პრესინგი განახორციელოს მეპატრონემაც, მთავრობამაც და ყველამაც. ეს არ უნდა დავუშვათ ჩვენ.
_ დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე რისი გაკეთება შეუძლიათ ჟურნალისტებს?
_ რა რეალობაც არ უნდა გვქონდეს, ის არ უნდა მოვიდეს წინააღმდეგობაში მთავარ ფუნდამენტურ პროფესიულ სტანდარტებთან. ჟურნალისტები უნდა იყვნენ მაქსიმალურად მიუკერძოებლები და მებრძოლები, რომ მოიპოვონ ინფორმაცია და მიაწოდონ საზოგადოებას და იყვნენ ღია.
თუმცა, მეორე მხარეა მოთხოვნა, დათმონ ტელევიზია. მთავრობიდან მიგზავნილი ემისრების მხრიდან ეს მოთხოვნა, რა თქმა უნდა, ზეწოლაა. ეს უნდა დავგმოთ ყველამ. ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ მედიის მფლობელი ასეთი ტიპის გარიგებებზე არასოდეს არ დაჯდეს. თუ ამაზე მიდის, უნდა ხვდებოდეს, რომ ძალიან დიდი რისკის ქვეშ დააყენებს ჟურნალისტებს.
_ „იბერიაში“ შექმნილი ვითარება ქართულ მედიაში არ არის ერთადერთი პრობლემა. ვნახეთ, რა პროცესებთან გვქონდა საქმე საზოგადოებრივ მაუწყებელში.
_ ეს კიდევ სხვა თემაა, იქ სხვა ტიპის პრობლემებია. აქამდე ჯერ არ მივსულვართ, რომ კარტელური შეთანხმებები ყოფილიყო, მაგრამ რაც ხდება, ის ცალკე განხილვის თემაა.
_ საზოგადოებრივთან დაკავშირებით რა კითხვები გიჩნდებათ?
_ ამ თემაზე ვსაუბრობთ საჯაროდაც და ვესაუბრებით ყველა აქტორს. არ შეიძლება მაუწყებელი დაშორდეს ასე რადიკალურად და დიამეტრიულად თავის მისიას. ვერ ჩამოაყალიბოს მკაფიოდ თავისი პროგრამული პრიორიტეტები, ვერ განსაზღვროს შრომის პოლიტიკა, რამდენი ადამიანი სჭირდება და რამდენი _ არა. რომ არ სჭირდება, რატომ არ სჭირდება. აქვს 44 მილიონი და კიდევ 43 მილიონს ითხოვს სამეურვეო საბჭოსგან ნებართვის სახით, რომ ბანკებთან დაიწყოს მოლაპარაკებები კრედიტის აღებაზე.
კითხვები ჩნდება სარედაქციო დამოუკიდებლობასთან დაკავშირებითაც. იმიტომ, რომ ჟურნალისტები და პროდიუსერები, რომლებსაც ტოვებენ თამაშგარე მდგომარეობაში, საკმაოდ მაღალკვალიფიციურები არიან, ამიტომ მათი გაყრა არ იქნებოდა სწორი მიდგომა.
ჯერ მაღლაფერიძეს უნდოდა შტატების მინიმუმამდე დაყვანა, მერე აღმოჩნდა, რომ „ჯი-დი-ეს-იდან“ გადმოიყვანეს თანამშრომლები, ახლა წელიწადნახევრის თავზე მაღლაფერიძის ახალი ინიციატივაა, რომ ახლა უნდა მოხდეს შტატების ოპტიმიზაცია, ოღონდ უნდა გაუშვას არა ის ხალხი, ვინც 2017 წლიდან მიიღო, არამედ ვინც აქამდე იყო. ანუ აქ პოლიტიკური კომპონენტი ჩანს.
აღარაფერს ვამბობ იმ კანონპროექტის მიღებაზე, რომელიც გაზაფხულზე მკლავის გადაქაჩვის პრინციპით პარლამენტმა მიიღო და რისკი გაჩნდა საზმაუში.
_ რას გულისხმობთ?
_ კანონის მიღებას, რომლითაც პარლამენტმა მაუწყებელს მისცა რეკლამისა და სპონსორობის უფლება. ეს იყო კორუფციული ბუნების კანონი და ის აუცილებლად გახვევს საზოგადოებრივ მაუწყებელში კორუფციაში.
_ რა გაძლევთ ამის თქმის საფუძველს?
_ საზმაუ უნდა იყოს დაცული კომერციული ინტერესებისგან. აქ როცა განუსაზღვრელი რაოდენობით უშვებ რეკლამას და სპონსორებს, გაჩნდება რისკი. ეს გამოჩნდა მსოფლიო ჩემპიონატიდან, როცა ფული მოდის შვილობილი კომპანიების მეშვეობით. პირველადი ინფორმაციები იყო გამოქვეყნებული. მესამე კვარტლის შემდეგ სრული სახით დავინახავთ, რა თანხები და რა გზებით შევიდა მაუწყებელში. მას სურს, დაფაროს იმ კომპანიების ვინაობა, საიდანაც შევიდა ფული. გადაცემები შეიძლება მოხდეს სპონსორობის და ირიბად პოლიტიკური ზეგავლენის ქვეშ. ეს არ უნდა მომხდარიყო მაუწყებელში.
_ გვესმის ხელისუფლებისგან ჟურნალისტების მიმართ კრიტიკა, რა კითხვა უნდა დასვან და რა აქცენტები გააკეთონ. ასევე გვამადლიან, რომ მედია დღეს თავისუფალია, განსხვავებით წინა მმართველობისგან. გვაქვს გაცილებით უკეთესი ვითარება?
_ ჩვენ ორ თემას შევეხეთ, „იბერიის“ და საზოგადოებრივი მაუწყებლის, მაგრამ ორივე თემაში სხვადასხვა ფორმით არის მოცემული სარედაქციო დამოუკიდებლობა. ყველა მედიასაშუალებაში არიან ჟურნალისტები, რომლებმაც იციან ჟურნალისტიკა. სხვა საკითხია, როცა გარკვეულ ეთიკურ დათმობებზე მიდიან. ამ დროს მათ სარედაქციო დამოუკიდებლობაზე ხდება პირდაპირი ან ირიბი ზეგავლენა. ამ დროს ჩვენ მედია არ მოგვწონს და ამას ვიღაცა აქეთ გვაყვედრის.
დღეს ჟურნალისტიკა კარგ დონეზეა. ძალიან ბევრი მაღალკვალიფიციური ჟურნალისტი გვყავს. ვხედავთ პერიოდულად მცდარ ინფორმაციებს და გვიჩნდება კითხვა, რატომ გააკეთა ეს ამ ჟურნალისტმა _ მან არ იცის, თუ მასზე ხორციელდება ზეწოლა. არის შემთხვევები, მას რომ ეს არ გაეკეთებინა, მას გაუშვებდნენ სამსახურიდან. როცა უშვებენ, მერე იწყებენ საუბარს, მაგრამ სარედაქციო დამოუკიდებლობა არის პროცესი, მთავარი ამ პროცესში არის ის, რომ ჟურნალისტმა და პროდიუსერმა არ დაუმალონ საზოგადოებას, რომ მათზე ხდება ზეგავლენა პოლიტიკური ან კომერციული მიზნით, თუ სხვა მეთოდებით.
ეს სტანდარტები თავად ჟურნალისტებმა უნდა დაიცვან პოლიტიკოსებისგან, ბიზნესმენებისგან, მათ შორის მესაკუთრეებისგანაც. ასევე იმ კოლეგებისგანაც, ვინც შეიძლება დანებდნენ იმას, რომ პროფესიული სტანდარტები დაკნინდეს.
ეს რთული მისაღწევია, მაგრამ ჩვენ ხომ იოლი მედია არ გვინდა! ჟურნალისტიკა ერთ-ერთი რთული მეცნიერებაა, მაგრამ ჩვენ ამ პრინციპებიდან გამომდინარე უნდა შევხედოთ და ამ შემთხვევაში ვერავინ წამოგვაძახებს, რომ ასეთი ჟურნალისტიკა გვაქვს.
ღიაობის შემთხვევაში გარწმუნებთ, რომ გაცილებით უკეთესი ბიზნესგარემო იქნება ქვეყანაში და გაცილებით უკეთესი პოლიტიკური გარემო გვექნება. სააკაშვილის დროს უკეთესი იყო თუ დღეს, ან შევარდნაძის დროს, ეს არ არის სწორი ინდიკატორი. მედიის მდგომარეობა ასე არ იზომება. 7-8 წლის წინ ერთი და იგივე სიუჟეტები და კადრები რომ არ მოგვწონდა, დღეს არ წავიდეთ ამ გზით! ისე არ გავაკეთოთ, რომ როდესაც ჟურნალისტი სტუდიაში მოიწვევს პოლიტიკოსს და მას ფურცელზე დაწერილი „მესიჯბოქსი“ აქვს, ის ფურცელი ჟურნალისტსაც არ ედოს მაგიდაზე. იმ ტექსტების გამმეორებელი არ იყოს, რომლითაც პოლიტიკოსი საუბრობს. იყო ასეთი შემთხვევაც.
იაგო ნაცვლიშვილი, ახალი თაობა

