ალექსანდრე ბარამიძე პოლიტიკაში წასვლაზე ფიქრობს – ”პრეზიდენტობის არც ერთ კანდიდატს მხარს არ დავუჭერ”

ალექსანდრე ბარამიძე პოლიტიკაში წასვლაზე ფიქრობს - ”პრეზიდენტობის არც ერთ კანდიდატს მხარს არ დავუჭერ”ბიძინა ივანიშვილმა ძველ თანამებრძოლებს მოუწოდა, რომ გუნდს კიდევ ერთხელ დაუდგნენ მხარში. ერთ-ერთი პირველი, ვინც „ქართულ ოცნებას“ 2011-12 წლებში შეუერთდა, იურისტი ალექსანდრე ბარამიძე იყო, რომელიც ივანიშვილისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევის საკითხზე სასამართლოში მისი ინტერესების ერთ-ერთი დამცველიც იყო.

აპირებს თუ არა „ქართული ოცნების“ გუნდში დაბრუნებას და რა პრეტენზიები აქვს ხელისუფლების მიმართ? ამის შესახებ „ახალ თაობასთან“ იუსტიციის მინისტრის ყოფილი მოადგილე ალექსანდრე ბარამიძე საუბრობს.

_ ბიძინა ივანიშვილმა რამდენიმე დღის წინ გააკეთა განცხადება და „ძველ გვარდიელებს“ დახმარებისკენ უხმო. თქვენ იყავით ერთ-ერთი პირველი, ვინც ივანიშვილის გუნდში მივიდა. ხომ არ მიგიღიათ პირადად თქვენ შემოთავაზება ან თუ დათანხმდებით?

_ არა, ასეთი წინადადება არ ყოფილა და რომც ყოფილიყო, მე არ მივიღებდი. მე არ ვაპირებ დაბრუნებას.

_ რატომ? პრინციპული უთანხმოება არსებობს თქვენსა და „ქართული ოცნების“ გუნდს შორის?

_ რასაკვირველია, პრინციპული უთანხმოება არსებობს ჩვენ შორის.

_ რამ გამოიწვია თქვენი მთავარი უკმაყოფილება „ქართული ოცნების“ მუშაობაში?

_ ძალიან ბევრი ფაქტორია. მათ შორის სამართალდამცავ სისტემასა და მართლმსაჯულების სისტემაში რაც ხდება. ეს არ ყოფილა ჩემი მიზანი და ამოცანა. ეს არ ყოფილა ის იდეალი, რაც დეკლარირებული იყო 2012 წელს. ეს არის ყველაზე მთავარი. მე იურისტი ვარ და მე, როგორც იურისტი, ყველაზე მეტად ამას არ ვღებულობ.

_ ანუ თქვენ გინდოდათ სამართალდამცავი სისტემის დეპოლიტიზირება და ეს ნაბიჯები ვერ დაინახეთ?

_ მე ვცდილობდი, რომ ეს გამეკეთებინა იმ დარგში, რაზეც ვმუშაობდი, ეს იყო საკანონმდებლო რეფორმა. ვცდილობდი, რომ შეცვლილიყო კანონმდებლობა, მაგრამ კანონმდებლობის შეცვლა საკმარისი არ არის. იმიტომ, რომ მიდგომები უნდა შეცვალო. მიდგომები არ შეცვლილა.

_ მიდგომების შეცვლაში რას გულისხმობთ?

_ მაგალითად იმას, რომ პოლიტიკური ხელმძღვანელობა კულუარულად მართავდა მართლმსაჯულების სისტემას და სამართალდამცავ სისტემას. ეს ჩემთვის მიუღებელია.

_ ამ საკითხზე რამე კონკრეტულ ინფორმაციას ფლობთ თუ რაზე დაყრდნობით აცხადებთ ამას?

_ კონკრეტულ ინფორმაციას არ ვფლობ, მაგრამ ის, რაც თვალსაჩინოა, ეს ჩემთვისაც თვალსაჩინოა.

_ ანუ იმას გულისხმობთ, რომ სასამართლო სისტემაში მოხდა ძველი მოსამართლეების დაწინაურება _ მურუსიძე, ჩინჩალაძე და ა. შ?

_ ბუნებრივია, ამ კლანს ვგულისხმობ და იქ ასევე პროკურატურის სისტემაშიც, როგორც ეს გამოირკვა. რაც სარალიძის საქმემ აჩვენა. აბსოლუტურად ძველი მიდგომებია იმ თვალსაზრისით, რომ საკმარისია პროკურატურის რომელიმე თანამშრომელმა მოისურვოს, რომ თავისი ოჯახის წევრები ახლობლები განარიდოს სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას, იმას ადვილად აღწევს. ეს ნათლად აჩვენა სარალიძის მაგალითმა.

_ როდესაც იყავით ხელისუფლებაში, პოლიტიკურ ხელმძღვანელობასთან ამ თემაზე არ გქონიათ საუბარი?

_ მე პოლიტიკურ ხელმძღვანელობასთან ასეთი კონტაქტი არ მქონია. საკუთარ აზრს გამოვთქვამდი ყველგან, სადაც საკუთარი აზრის გამოთქმა შესაძლებელი იყო. სადამდეც საკანონმდებლო რეფორმაზე მუშაობა შეიძლებოდა და სადამდეც გავწვდი, იქამდე ვიმუშავე. როდესაც დავინახე, რომ ეს ყველაფერი უკვე ფუჭი იყო, მაშინ ავდექი და წამოვედი. იქ დაბრუნებას ნამდვილად არ ვაპირებ.

_ ამ თემებზე საუბარი თეა წულუკიანთანაც არ გქონიათ?

_ თეა წულუკიანთან რაზე მქონდა საუბარი და რაზე არ მქონდა, ამაზე განცხადებების კეთებისგან თავს შევიკავებ. მე მისი მოადგილე ვიყავი და რაღაც საუბრები ცხადია მქონდა. თუმცა, დეტალებზე არ ვისაუბრებ.

_ თქვენსა და თეა წულუკიანს შორისაც იყო აზრთა სხვადასხვაობა?

_ ამ კითხვაზე მე უკვე გიპასუხეთ და დეტალებზე საუბარს არ ვაპირებ.

_ ალბათ გეგმავთ, რომ გააგრძელოთ მოღვაწეობა პოლიტიკურ-სამართლებრივ სფეროში. რა გეგმები გაქვთ?

_ ცხადია, ამ სფეროში გავაგრძელებ მოღვაწეობას. გარკვეული ცოდნა და გამოცდილება მაქვს ამ სფეროში. მყავს უამრავი მეგობარი. ასე, რომ მეგობრებთან ერთად ვიმუშავებ სამართლებრივ საკითხებზეც და არ გამოვრიცხავ პოლიტიკაში წასვლასაც.

_ პოლიტიკაში ვისთან წარმოგიდგენიათ თანამშრომლობა?

_ ახლა ამაზე საუბარი ნაადრევია. უახლოეს მომავალში ამაზე ვისაუბრებ.

_ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში არცერთ კანდიდატს არ უჭერთ მხარს.

_ დიახ, ეს არის ჩემი შეგნებული პოზიცია. ჩემთვის მიუღებელია როგორც ნაციონალური მოძრაობის კანდიდატი, ისე „ქართული ოცნების“ კანდიდატი. ამის შესახებ სოციალურ ქსელში ჩემი პოსტის საშუალებით ძალიან ცხადად დავწერე. აქედან გამომდინარე, მე ვაპირებ არჩევნებზე წასვლას და არჩევანის გაკეთებას იმაზე, რომ არცერთ კანდიდატზე არ გავაკეთო არჩევანი. მე არ გავურბივარ სამოქალაქო პასუხისმგებლობას, მე არ ვაპირებ სახლში დარჩენას და აქტიური არჩევანი ის არის, რომ ხმა არ მივცე არცერთ კანდიდატს.

_ თქვენი პოზიციებიდან გამომდინარე ხომ არ უნდა ვივარაუდოთ, რომ მაგალითად ითანამშრომლებთ დავით უსუფაშვილთან? ის და მისი პოლიტიკური გუნდიც არცერთ კანდიდატს უჭერს მხარს.

_ კონკრეტულად არაფერზე არ ვილაპარაკებ. მე ძალიან ბევრი მეგობარი მყავს. თავის დროზე ყველაფერს ვიტყვი.

იაგო ნაცვლიშვილი, ახალი თაობა