დიმიტრი ცქიტიშვილი – “ქართულ ოცნებაში” სერიოზული ცვლილებებია საჭირო”

დიმიტრი ცქიტიშვილი - "ქართულ ოცნებაში" სერიოზული ცვლილებებია საჭირო"“ქართული ოცნების” საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი, დიმიტრი ცქიტიშვილი “ახალ თაობასთან” ინტერვიუში 28 ოქტომბრის არჩევნების შედეგებზე საუბრობს.
– ბატონო დიმიტრი, თქვენ რას უკავშირებთ საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს?
– ალბათ, სწორი ანალიზი არის საჭირო. ასევე, იმ სტრატეგიის, იმ მოქმედებების გადახედვაა საჭირო, რომელსაცც ჩვენ ვახორციელებდით. ერთ-ერთი ყველაზე სწორი საზოგადოებრივი კვლევა არის არჩევნები. ამ არჩევნების შედეგები ცხადყოფს, რომ სწორად ვერ ვხედავდით იმ შედეგებს, იმ მდგომარეობას, რომელიც არის.
ამ ეტაპზე მნიშვნელოვანი ანალიზი არის გასაკეთებელი, რომ არა მხოლოდ ამ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში მივიღოთ შედეგი, არამედ ზოგადად საზოგადოებასთან მეტი კავშირი გვქონდეს, მეტი კომუნიკაცია.
რაც მთავარია, მეტ შედეგზე ორინეტირებული პოლიტიკა უნდა გვქონდეს, რომელიც თითოეული ადამიანისთვის იქნება ხელმისაწვდომი და თვისობრივი. გარკვეული შეცდომები იყო, რომელიც უნდა გავიაზროთ. ჩვენი შემდეგი ქმედებები ამ შეცდომების გამოსწორებით უნდა იყოს ნაკარნახევი.
– თქვენი თანაგუნდელი რომან კაკულია ამბობს, რომ ეს იყო ამომრჩევლისგან შემოლაწუნება. რამდენად მზად არის “ქართული ოცნება” რადიკალური ცვლილებებისთვის?
– ბუნებრივია ყველას თავისი ეპითეტი აქვს და ყველა თავისებურად ხედავს ამ ყველაფერს. ზოგისთვის შხაპია და ზოგისთვის – გალაწუნება და კიდევ რა, მაგრამ რაც მოხდა, ეს არის საზოგადოების მხრიდან ძალიან მნიშვნელოვანი სიგნალი.
ამ შემთხვევაში არა მხოლოდ პროცენტულ განაწილებაზე ვსაუბრობ. ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენელმა პარტიებმა ჯამურად საკმაოდ მნიშვნელოვანი ხმები რომ მიიღეს, ეს ნიშნავს, რომ ადამიანებისთვის წარსულის და მომავლის გადაფასება მოხდა. ამდენად, ჩვენი დამოკიდებულებაც შესაბამისი და ადეკვატური უნდა იყოს. ჩვენ უნდა დავინახოთ ახალი რეალობა და ამ ახალ რეალობას უნდა ავუწყოთ ჩვენი პოლიტიკური პროცესი.
თუ ჩვენ ზოგიერთ შემთხვევაში გარკვეული საკითხები წარმატებული გვგონია, ხალხს ეგრე არ ჰგონია. ამიტომ ისე უნდა გავაკეთოთ, რომ ხალხისთვის მისაღები შედეგი გვქონდეს.
– “ქართული ოცნება” არის მზად რადიკალური ცვლილებებისთვის? თუ გრძნობდით ხალხის უკმაყოფილებას?
– რა თქმა უნდა, საზოგადოების მხრიდან კრიტიკულ დამოკიდებულებას ვგრძნობდით, მაგრამ არ გვეგონა, რომ თუ ასეთი ფორმით და ამ მასშტაბით გამოიხატებოდა ეს უკმაყოფილება. მე მაინც ვფიქრობ, რომ რესურსი არის. საკმაოდ მნიშვნელოვანი რესურსები გვაქვს, რომ გადააზრება და ქმედებების ახლებულად დალაგება მოხდეს. მე ახლა საკმაოდ მნიშვნელოვან თვისობრივ ცვლილებებზე ვსაუბრობ, ვფიქრობ, ამას შევძლებთ.
– რამდენად უშვებთ, რომ ეს შედეგები განპირობებული იყო იქიდან გამომდინარეც, რომ სალომე ზურაბიშვილი არ იყო უშუალოდ “ქართული ოცნების” წევრი კანდიდატი?
– შესაძლებელია, ერთ-ერთი ვარიანტი ესეც იყო, რადგან ამ შემთხვევაში ის ჩვენი შიდაპარტიული კანდიდატი არ ყოფილა. ის უფრო პარტიასთან დაახლოებული ადამიანი იყო. პარტიის კანდიდატს შესაძლებელია უფრო ეფექტური კამპანიის წარმართვის შესაძლებლობა მოეცა, ადგილობრივ ორგანიზაციებში პარტიულ მხარდაჭერას უფრო მეტი კავშირი ჰქონოდა, რაც უფრო დაეტყობოდა. თუმცა, ეს მაინც არ შეიძლება ერთადერთ მიზეზად განვიხილოთ.
მე ვფიქრობ, რომ აქ მიზეზები უფრო კომპლექსურია. ეს შედეგი იყო არა ერთი ადამიანის, თუნდაც კანდიდატის, ან ერთი რომელიმე შეცდომის ბრალი, არამედ მიზეზი კომპლექსური იყო. გარკვეული დასკვნა გააკეთა საზოგადოებამ, რაც არჩევნებზე აისახა.
მთავარი ამ შემთხვევაში მაინც არის ის, რომ ნება მკაფიოდ არის გამოხატული. არჩევნები თავისუფალ გარემოში ჩატარდა, ჩვენ გვაქვს დემოკრატიული ინსტიტუტები, რომლებიც ყოველთვის მიგვანიშნებს სწორი მიმართულებით. ამ შემთხვევაში ჩვენ მივიღეთ სიგნალი და ამ სიგნალის მიხედვით მოხდება კურსის კორქტირება, სწორედ ამაში მდგომარეობს დემოკრატიის არსი.
– მეორე ტურში რა მოლოდინები გაქვთ? შეძლებს მანამდე სწორი მესიჯების დალაგებას, ამომრჩევლის შემობრუნებას?
– ამ შემთხვევაში არის ერთი პროცესი, რომელიც კონკრეტულად არჩევნებს უკავშირდება, და არის მეორე პროცესი, რომელიც ზოგადად კრიტიკულ შეფასებას უკავშირდება. ორივე მიმართულებით სამუშაოა.
უახლოესი პერსპექტივის ამოცანაა ამომრჩეველთან მუშაობა. მეორე, გრძელვადიან პერსპექტივაში, როგორც გითხარით, პარტიაში გადააზრება უნდა მოხდეს. მე ვფიქრობ, ერთდროულად შეიძლება ორივე მიმართულებით მუშაობა. ამ შემთხვევაში წარმატების საშუალება არის და ვფიქრობ, რომ ეს არჩევნები საბოლოოდ წარმატებით დასრულდება.
– ბატონო დიმიტრი, ამ არჩევნების შედეგებამდეც, ექსპერტები ჩვენთან ინტერვიუებში საუბრობდნენ, რომ ყველა შემთხვევაში შემდეგი ეტაპი მაინც კოალიციური მთავრობაა. რას იტყვით?
– მოდით, ასე ვთქვათ, კოალიციური მთავრობა არის პარლამენტში პარტიების ბალანსის შედეგი. ამ ეტაპზე, “ქართულ ოცნებას” საკმაოდ მყარი უმრავლესობა აქვს პარლამენტში. ამ ეტაპზე მთავრობის დასაკომპლექტებლად კოალიციები არ არის საჭირო.
2020 წლის არჩევნების შემდეგ იქნება თუ არა ამის საჭიროება, ამის წინასწარ განჭვრეტა ძალიან რთული იქნება.
– ვადამდელ არჩევნებზეა საუბარი თუ ოპოზიციური პარტიიდან ეყოლება ქვეყანას პრეზიდენტი.
– ვიღაცა ჩათვლის, რომ ეს არის კრიტიკული ზღვარი და ვადამდელი არჩევნები უნდა დაინიშნოს. ვიღაცა კიდევ სხვანაირად ჩათვლის. ძალიან ბევრი აზრი შეიძლება ფორმირდებოდეს, მაგრამ მე არ ვთვლი, რომ დღეს პარლამენტი ფუნქციადაკარგულია. მას აქვს უნარი, რომ თავისი ფუნქცია და როლი შეასრულოს, პოლიტიკური კრიზისის ელემენტები არ ჩანს. შესაბამისად, დღეს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების საჭიროება არ არის. თუ ამის საჭიროება დადგება, ამას მომავალი გვიჩვენებს, მაგრამ აქამდე არ მივა საქმე.
ამ ეტაპზე არჩევნების ბოლომდე მიყვანა და გამარჯვებაა საჭირო და ამ შედეგების ბოლომდე გააზრება და გამოსწორება.

ნათია ხურცილავა, ახალი თაობა