გოჩა მირცხულავა – ”ირაკლი კობახიძე და დიტო სამხარაძე შეიძლება დაიჭირონ – ლაშა გოგიას პარლამენტის თავმჯდომარე მფარველობდა”

გოჩა მირცხულავა - ”ირაკლი კობახიძე და დიტო სამხარაძე შეიძლება დაიჭირონ - ლაშა გოგიას პარლამენტის თავმჯდომარე მფარველობდა”“ქართულ ოცნებაში” დიდი წმენდისთვის ემზადებიან. ამ წმენდის ფარგლებში შეიძლება რამდენიმე მაღალჩინოსნის თავი გაგორდეს. არაა გამორიცხული, თავგასაგორებელთა სიაში პარლამენტის თავმჯდომარე და დეპუტატი დიტო სამხარაძეც მოხვდნენ.
რა კავშირი აქვთ მათ ზუგდიდის ყოფილ მერთან, როგორ და სად გაქრა ივანიშვილის ფულები, ვინ ავრცელებდა ცრუ ინფორმაციებს პრეზიდენტების კანდიდატების რეიტინგებთან დაკავშირებით? – ამის შესახებ “ახალ თაობას” ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა ესაუბრება.
გოჩა მირცხულავა:
– რაც ზუგდიდის ყოფილი მერის, ლაშა გოგიას დაკავებასთან დაკავშირებით ხდება, ეს არის კანონზომიერი. ჩემთვის ისაა გაუგებარი, ადამიანი, რომლის წინააღმდეგაც აღძრული იყო სისხლის სამართლის საქმე და მიდიოდა გამოძიება, ადამიანი, რომელიც სკანდალის შემდეგ თანამდებობიდან წავიდა, რატომ დატოვა “ქართულმა ოცნებამ” პარტიის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარედ და რატომ ჩააბარა მას საარჩევნო შტაბი ადგილზე.
ბატონი ივანიშვილი ხშირად გვეუბნება, ფაქტები წარმოგვიდგინეთო, ახლა მას ინფორმაციას მივაწვდი და თავად გადაამოწმოს, ესაა მისი საქმე. მოიძიოს ბატონმა ივანიშვილმა, ვინ ლობირებდა ბატონ გოგიას პარტიაში და გაარკვიოს, ვინ მიიღო გადაწყვეტილება, მისთვის ჩაებარებინათ საარჩევნო შტაბი.
ინფორმაციის გადამოწმებაზე დრო რომ არ დაკარგოს, ბატონ ივანიშვილს ვეტყვი, რომ პარტიის თავმჯდომარედ გოგიას დატოვების გადაწყვეტილება ირაკლი კობახიძემ და დიტო სამხარაძემ მიიღეს.
მეტსაც გეტყვით, როცა ლაშა გოგიამ თანამდებობა დატოვა, სამხარაძე იყო ის პიროვნება, ვინც მას აგულიანებდა. სამხარაძე იყო ის პიროვნება, რომელიც გოგიას არწმუნებდა, რომ მთავარია, სალომე ზურაბიშვილს არჩევნები მოეგო ზუგდიდში და მაისში ისევ ის იქნებოდა “ოცნების” ზუგდიდის მერობის კანდიდატი.
დიტო სამხარაძის მიერ გულმიცემული, მერობიდან გადამდგარი გოგია ზუგდიდის საქალაქო სამსახურის უფროსებს თათბირებს უტარებდა და მათ უკანასკნელი სიტყვებით ლანძღავდა.
ადამიანი, რომლის წინააღმდეგაც საქმე იყო აღძრული, მერიის თანამშრომლებს პირდაპირ ეუბნებოდა, თქვენ მე მართლა წასული ხომ არ გგონივართ, მაისში ისევ ვიყრი კენჭსო.
ივანიშვილმა შეიძლება მართლა არაფერი იცოდა, იმიტომ, რომ პოლიტიკური ჯოჯოები ჰყავს გვერდით და არაფერს ეუბნებიან. მან თუ არ იცის, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ხალხმაც არ იცის. ასე რომ, თავი დაანებოს ამ ჯოჯოებს და საზოგადოებას მოუსმინოს.
ბატონ ივანიშვილს კიდევ მივცემ მინიშნებას. გაარკვიოს, ვინ მფარველობს მარტვილის მერს და რა კომპრომატები არსებობს მასზე. გაარკვიოს ისიც, იცოდა თუ არა ამ კომპრომატების შესახებ გიორგი კვირიკაშვილმა. გაარკვიოს, არის თუ არა მარტვილის მერის მფარველი ირაკლი კობახიძე.
გადაამოწმოს ეს ინფორმაციები და გაიგებს, ვინ ურევს პარტიაში. პარტიის ვერტიკალის გაჯანსაღება რომ უნდა, სათავეში ჰყავს ადამიანები, რომლებიც ქმნიან ამ პრობლემებს. ეს ხალხი პოლიტსაბჭოში უზის და იმათ აზრს იზიარებს. ამ შემთხვევაში ივანიშვილი მხოლოდ საკუთარ თავზე უნდა გაბრაზდეს.
– საკუთარ თავზე რატომ უნდა გაბრაზდეს?
– იმიტომ, რომ ერთუჯრედიან სამხარაძეს და კონსტიტუციის მამად წოდებულ კობახიძეს უსმენს. ეს უკანასკნელი ყოველი ფეხის ნაბიჯზე არღვევს კანონს. დიახ, პარლამენტის თავმჯდომარემ მნიშვნელოვნად შეუშალა ხელი საგამოძიები უწყებებს, ეწარმოებინათ სრულფასოვანი გამოძიება. მან ლაშა გოგიას ფაქტიურად ინდულგენცია მისცა. დანაშაულის დაფარვა იურიდიულად რასაც ითვალისწინებს, ყველას კარგად მოეხსენება.
აქედან გამომდინარე, ივანიშვილს შორს არ მოუწევს წასვლა ამრევების მოსაძებნად, ასეთები პოლიტსაბჭოში უზის. ასევე მოიძიოს, თუ რა ზეწოლებს ახორციელებდა ამ ორი წლის მანძილზე მდინარაძე სასამართლოებზე და ა.შ.
– რაც თქვენ თქვით, ეს თუ მართალია, მომავალში კობახიძის და სამხარაძის თავები ხომ არ დაგორდება?
– რა შედეგითაც არ უნდა დასრულდეს არჩევნები, ივანიშვილს აქვს ძალიან ცოტა დრო იმისთვის, რომ მოახდინოს რეაგირება კონკრეტულ ფაქტებთან დაკავშირებით. მე არ ვიცი, აქვს თუ არა “ოცნების” ლიდერს ამის პოლიტიკური ნება.
ბატონ ივანიშვილს ამისი ნება რომ ჰქონდეს, ბატონი კობახიძის თავი უკვე დაგორებული უნდა იყოს. უმრავლესობის რამდენიმე ლიდერს უკვე დაწერილი უნდა ჰქონდეს განცხადება პარლამენტის დატოვების შესახებ.
ამ პირებმა თუ პარლამენტის პრეზიდიუმიდან მხოლოდ დაბლა ჩამოინაცვლეს, ამით არაფერი არ შეიცვლება. კოსმეტიკური ცვლილებები აქ საკმარისი არ არის.
– თქვენი აზრით, კობახიძის გადადგომა საკმარისი არ იქნება?
– რა თქმა უნდა, არ იქნება. კობახიძის საქციელი ლაშა გოგიასთან მიმართებაში არის დანაშაულზე ხელის დაფარება.
ბუნებრივად გაჩნდა კითხვა, რომ რაღა არჩევნების შემდეგ დაიჭირეს გოგია და რაღა სამეგრელოდან დაიწყო წმენდა. პარტიაში განიხილეს მარცხის მიზეზები და ბატონ ივანიშვილს უთხრეს, ზუგდიდის წაგების მიზეზი იყო ის, რომ კორუფციაში მხილებული პირი იყო საარჩევნო შტაბის უფროსი.
ეს ადამიანი ემუქრებოდა და აგინებდა საქალაქო სამსახურის უფროსებს და ემუქრებოდა, რომ ის ისევ დაბრუნდებოდა მერად. ამ ადამიანებს კი არ სურთ, რომ კოორუფციაში მხილებული პირი მერად დაბრუნდეს და ადმინისტრაციულმა რესურსმა არაფერი არ გააკეთა.
კიდევ ერთხელ ვამბობ, ბატონმა ივანიშვილმა დამნაშავეები პოლიტსაბჭოში მოიკითხოს და ისიც გაარკვიოს, რა ხდებოდა სინამდვილეში რეიტინგებთან დაკავშირებით.
– რეიტინგები რა შუაშია?
– ირაკლი კობახიძესთან არის კავშირში. კვლევებს ატარებდა ფსიქოპროექტი და ამ კვლევებით სალომე ზურაბიშვილს 35%-ზე მეტი არასდროს ჰქონია, მაგრამ ივანიშვილს ეუბნებოდნენ, რომ სალომეს რეიტინგი იყო 53%. ასეთ ცრუ ინფორმაციას ფსიქოპროექტი ივანიშვილს ვერ მიაწვდიდა. ისინი ამას ირაკლი კობახიძესთან შეთანხმებით აკეთებდნენ.
კობახიძის სურვილი იყო, ივანიშვილს დაეჯერებინა, რომ მათ კანდიდატს 53% უჭერდა მხარს.
ბატონ ივანიშვილს კიდევ ერთ მითითებას მივცემ, კარგად მოიძიოს პარტიის სათაო ოფისში დავთრები.
– რა დავთრები უნდა მოიძიოს?
– დავთრები, სადაც წერია, თუ რა რაოდენობის თანხა გავიდა ცენტრალური ოფისიდან რეგიონებში და ისიც გაარკვიოს, რა თანხა მიიღეს რეგიონებში “ოცნების” საარჩევნო შტაბებმა. ჩემი ინფორმაციით, ზოგიერთ რეგიონში განსხვავება 50%-ია, ზოგან 30 და ა.შ.
– გინდათ თქვათ, რომ “ოცნების” ლიდერებმა ფული მოტეხეს?
– მოიძიოს ბატონმა ივანიშვილმა დავთრები და ბევრ საინტერესოს ნახავს. მას დიდად არ ადარდებს, როგორ იხარჯება საბიუჯეტო სახსრები, მაგრამ თავისი ფულის მიმართ სულ სხვა განწყობა აქვს.
ჰოდა, მოიძიოს ივანიშვილმა, სად გაქრა მის მიერ არჩევნებისთვის გამოყოფილი ფული.
ძალიან ცოტა დრო აქვს ივანიშვილს. მან ამ დროში მეტად მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები უნდა მიიღოს. პასუხი, პირველ რიგში, მან პოლიტსაბჭოს წევრებს უნდა მოსთხოვოს.

შორენა მარსაგიშვილი, ახალი თაობა