ჯონი გიგანი – “მანქანა ბადრი პატარკაციშვილის უსაფრთხოების უფროსმა ამიფეთქა” – რა მოხდა 15 წლის წინ

ჯონი გიგანი - "მანქანა ბადრი პატარკაციშვილის უსაფრთხოების უფროსმა ამიფეთქა" - რა მოხდა 15 წლის წინბიზნესმენი ჯონი გიგანი 15 წლის წინ მისი მანქანის აფეთქებას იხსენებს და საქართველოს მთავარ პროკურატურას საქმის თავიდან გამოძიებას სთხოვს. შპს „მორკინალის“ მფლობელის მტკიცებით, ავტომობილი ბადრი პატარკაციშვილის უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა აუფეთქა. ამის მიზეზად კი საფეხბურთო კლუბ „თბილისის დინამოს“ ასახელებს, რომელშიც მაშინ წილის 90 პროცენტს ფლობდა. როგორც ამბობს, სწორედ აქ გადაიკვეთა მისი, პატარკაციშვილისა და კახა თარგამაძის ინტერესები.

ბიზნესმენის ვარაუდით, თარგამაძე და პატარკაციშვილი მის წინააღმდეგ ერთად მოქმედებდნენ. გიგანი ყვება, რომ 2001 წელს რამდენიმე მილიონის სანაცვლოდ, კახა თარგამაძემ, როგორც შინაგან საქმეთა მაშინდელმა მინისტრმა, ბადრი პატარკაციშვილთან ხელშეკრულება გააფორმა, რის საფუძველზეც სამინისტროს 10 პროცენტიანი წილი და ხელახლა რეგისტრირებული „დინამო თბილისი“ პატარკაციშვილის საკუთრება გახდა. მანქანა კი მისი აზრით, მას შემდეგ აუფეთქეს, რაც საფეხბურთო კლუბის დასაბრუნებლად ბრძოლა დაიწყო.

Toyota-ს მარკის ჯიპი, სპორტის სასახლესთან 2003 წლის 8 მაისს ააფეთქეს. აფეთქებულ მანქანასთან რამდენიმე წუთში, ალექსანდრე მაისურაძე მივიდა, იგი ადგილზე დააკავეს.

ბიზნესმენის მანქანის აფეთქების საქმეს თბილისის პროკურატურა იძიებდა. საგამოძიებო ნაწილის მაშინდელი ხელმძღვანელი იხსენებს, რომ ბრალდებულის სახლიდან დიდი ოდენობით საბრძოლო მასალა და ორ კილომდე ტროტილი ამოიღეს. ვალერი გრიგალაშვილის შეფასებით, უზენაეს სასამართლოს უტყუარი მტკიცებულებები წარუდგინეს, თუმცა მოსამართლემ არ გაიზიარა და არც საქმე დააბრუნა ხელახლა ძიებაში. ბიზნესმენის განზრახ მკვლელობის მცდელობის ნაწილში ალექსანდრე მაისურაძე მოსამართლე მერაბ ტურავამ, გაამართლა.

მერაბ ტურავა 2003 წლის რევოლუციის შემდეგ სასამართლო სისტემიდან გაუშვეს. მოსამართლის საქმიანობას „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ დაუბრუნდა და ახლა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეა.

აფეთქებასთან ალექსანდრე მაისურაძის კავშირს გამორიცხავს მისი ადვოკატი. უფლება დამცველი ამბობს, რომ საქმეში არ იყო მაისურაძის ბრალეულობის დამადასტურებელი პირდაპირი მტკიცებულებები.

გიგანს მანქანა ედუარდ შევარდნაძის პრეზიდენტობის დროს აუფეთქეს.

რუსთავი 2