შინაგან საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ კახა საბანაძემ 2004 წელს გორში გაუჩინარებული მოზარდის საქმესთან დაკავშირებით თქვა, რომ ამოღებულია დოკუმენტური მასალა.
საბანაძე ამბობს, რომ დამატებით გამოიკითხა ბრალდებული იაგო ნებიერიძე და ჩატარდა საგამოძიებო ექსპერტიმენტი.
„იაგო ნებიერიძის ჩვენების ფარგლებში ჩატარდა დამატებითი საგამოძიებო ექსპერტიმენტი, დავათვალიერეთ მითითებული ადგილი და ავიღეთ დოკუმენტური მასალა. ამჟამად მიმდინარეობს ამ დოკუმენტური მასალის დამუშავება. რა დრო დაჭირდება ზუსტად ვერ ვიტყვით”, – აცხადებს მინისტრის მოადგილე.
იაგო ნებიერიძე გორში 8 წლის გოგოს მკვლელობის ბრალდებით არის დაკავებული.
14 წლის წინ გაუჩინარებული ბავშვის შესახებ ინფორმაციამ ხელახლა 8 წლის ნანა ბერიაშვილის მკვლელობის შემდეგ გაიჟღერა. 11 წლის ზაქრო ბერძნიშვილი გორში, 2004 წლის 1 ნოემბერს გაუჩინარდა. ოჯახს უცნობმა პირებმა გამოსასყიდი მოსთხოვეს. გაუჩინარებული ზაქრო ბერძნიშვილის საქმეში ფულის გამოძალვის ბრალდებით იაგო ნებიერიძე იხდიდა სასჯელს.
დაკარგული მოზარდის დედა ხათუნა ნოზაძე ვარაუდობს, რომ საქმეში იაგო ნებიერიძე ფიგურირებს, მაგრამ მას გამოძიებამ თავის დროზე ბრალი სხვა მუხლით წაუყენა.
გორის ცენტრში სამძებრო ღონისძიებები რამდენიმე დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.

