მამუკა არეშიძე – “დიდი ხანია, ასეთი ადეკვატური ივანიშვილი არ მინახავს”

მამუკა არეშიძე - "დიდი ხანია, ასეთი ადეკვატური ივანიშვილი არ მინახავს"პოლიტოლოგი მამუკა არეშიძე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე საუბრობს.
– ბატონო მამუკა, ბიძინა ივანიშვილმა მეორე ტურის წინ კიდევ ერთხელ მიმართა ამომრჩეველს. ეს ინტერვიუ წინა ორი ინტერვიუსგან განსხვავდებოდა. თქვენ რა გზავნილები დაინახეთ?
– სიმართლე გითხრათ, ბიძინა ივანიშვილი სიტუაციის მიმართ ასეთი ადეკვატური კარგა ხანია არ მინახავს. პირველ რიგში ის იყო თვითკრიტიკული. კრიტიკული იყო გუნდის მიმართ. მან თქვა, რომ პირველი ტურის შედეგები იყო “ცივი შხაპი”, რაც გუნდმა მიიღო. ხელისუფლებასა და საზოგადოებას შორის კომუნიკაცია იყო დაკარგული და ამაზე გააკეთა მან მთავარი აქცენტი, რაც სწორია.
ასევე სწორი იყო აქცენტის გაკეთება იმ კოჰაბიტაციაზე, რომლის მოთხოვნაც იყო დასავლეთის მხრიდან და რომლის შესახებაც მთლად ერთიანი პოზიცია არ იყო ჩვენს საზოგადოებაში. მეტიც, ამან თავის დროზე ბევრი მიმართულებით გააჩინა კითხვები ხალხში.
რაც შეეხება შეცდომებს, რა თქმა უნდა, უამრავი იყო და მათზე აქცენტების გაკეთება სწორია. ამ შეცდომების აღიარება და მათ გამოსწორებაზე ლაპარაკის დაწყება დადებით ეფექტს იქონიებს.
– თქვენ რა მოლოდინი გაქვთ, გუნდის გადახალისებას ელოდებით? დაანონსდა კიდეც, გარკვეული მინიშნებებიც გაკეთდა.
– მე ვთვლი, რომ ეს აუცილებლად გასაკეთებელია. არათუ გადახალისება, ძირეული ცვლილებებია აუცილებელი. ახალი კონსტრუქციის შექმნაა საჭირო. “ქართული ოცნების” ელიტა და პარტიის რიგითი წარმომადგენლები ერთმანეთს დაშორებული არიან. პარტიიდან პრაქტიკულად გარიყულია ის ხალხი, ვინც “ქართული ოცნების” გამარჯვებაში 2012 წელს ლომის წილი შეიტანა.
– ივანიშვილმა ხომ მიიპატიჟა ის ხალხი?
– მიპატიჟება არ ნიშნავს, რომ ისინი პარტიის საქმიანობაში, პროცესებში ჩართულები არიან. ამ მოპატიჟების შემდეგ ეს ხალხი მოაწყდა საარჩევნო შტაბებს, მაგრამ ვერ ჩაერთნენ ამ სამუშაოებში.
– რატომ?
– იმიტომ, რომ შტაბების ხელმძღვანელებს არ უნდოდათ. რაიონებში მიმდინარე პროცესები თბილისში ისე არ ჩანს, რომ შესაბამისის რეზონანსი მოჰყვეს.
რაც შეეხება გუნდის გადახალისებაზე გაკეთებულ განცხადებას, ეს აუცილებელია და ამ მიმართულებით მუშაობა უნდა დაიწყოს ბიძინა ივანიშვილმა.
– არჩევნების შემდეგ მთავრობაშიც მოსალოდნელია ცვლილებები?
– მე მაქვს ინფორმაცია, რომ ასეთი ცვლილებები იგეგმება არჩევნების შემდეგ, მაგრამ ეს განცხადება, რაც გაკეთდა, მთავრობის მიმართ არ იყო.
– რა ინფორმაცია გაქვთ?
– მთავრობაში ცვლილებები ძირითადად იმ ვითარებიდან არის გამომდინარე, რომელიც ქვეყანაში ეკონომიკას უკავშირდება. “ქართულმა ოცნებამ” ვერ შექმნა სერიოზული ბაზა მნიშვნელოვანი ეკონომიკური აღმავლობისთვის, რისი გაკეთებაც თავის დროზე შეიძლებოდა.
შენიშვნა, რომელიც გამოითქვა, ძირითადად პარტიის სტრუქტურას და პარტიულ ელიტას ეხებოდა. ასევე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, პარტიის რეგიონულ ხელმძღვანელობას ეხებოდა.
– მეორე ტურის მოლოდინებზეც მინდა გკითხოთ, რა შედეგებს ელოდებით?
– “ქართულმა ოცნებამ” უნდა შეძლოს იმ რესურსის სერიოზულად ამოქმედება, რომელიც მას აქვს. მათ უნდა შეძლონ განაწყენებული ხალხის საარჩევნო ურნებთან მიყვანა, წინააღმდეგ შემთხვევაში შედეგს ვერ დადებენ. როგორც ჩანს, ახლა ამ განაწყენებული ხალხის შემორიგების პროცესი მიმდინარეობს. მართალია, ისეთი მასშტაბური ვერ იქნება, ცოტა დროა დარჩენილი, თან “ქართული ოცნების” ქვედა რგოლი არაორგანიზებულია, მაგრამ აშკარაა, რომ ეს პროცესი მიდის. მე მრჩება განცდა, რომ განაწყენებული ხალხის ნაწილის მიყვანას არჩევნებზე “ოცნება” ნამდვილად მოახერხებს.
– ვალების განულება ამას ემსახურება?
– ვალების განულება, რასაკვირველია, გარკვეულწილად არჩევნების კონტექსტში იყო. ამაზე საუბარი ბევრად ადრე იყო დაანონსებული, თუმცა, “ქართული ოცნების” ხელმძღვანელობას უნდა თუ არ უნდა, ეს მაინც არჩევნების კონტექსტში იქნება აღქმული მიუხედავად იმისა, რომ “ქართული ოცნების” ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან ამაზე სულ იყო საუბარი.
გაზაფხულზე რომ გაეკეთებინათ, ხომ არავინ იტყოდა, ამომრჩევლის მოსყიდვაა და შედეგიც დადებითი იქნებოდა.
რაც შეეხება მოლოდინებს, მე დარწმუნებული ვარ მეორე ტურში სალომე ზურაბიშვილის გამარჯვებაში, თუმცა, ამას მაინც პირობითად ვამბობ.
მთავარი მაინც ის არის, რომ ძალიან მნიშვნელოვანი ფუნქცია და როლი დაეკისრა ხალხს, საზოგადოებას. ეს საზოგადოების გამარჯვება იქნება, იმ საზოგადოებისა, რომელმაც თავისი წყენა აჩვენა “ქართულ ოცნებას” და უთხრა, ისე არ არის ყველაფერი, როგორც თქვენ ფიქრობთ და გგონიათ.
საზოგადოებას ყოველთვის შეეძლება უთხრას ხელისუფლებას, რომ თუ ის არ გამოასწორებს შეცდომებს, მეტ ნდობას ვეღარ მიიღებს და რომ ნდობის მანდატიც ამოწურვადია.
– თუ ასე მოხდა, ნაციონალების პოზიცია როგორი იქნება, მშვიდად შეხვდებიან?
– არა, რასაკვირველია, მშვიდად არ შეხვდებიან. თუმცა, ძალიან დიდი მნიშვნელობა ექნება მეორე ტურის შედეგებს. რა ანგარიშით დასრულდება მეორე ტური. თუ დამაჯერებლად მოიგებს სალომე ზურაბიშვილი, მაშინ მათ არგუმენტი გამოეცლებათ. რაც შეეხება გაყალბებას, “ქართულმა ოცნებამ” არჩევნების გაყალბება როგორ უნდა, არ იცის. ეს ხომ ასეთი მარტივი საქმე არ არის.
– ყალბი პირადობების დაბეჭდვაზეა საუბარი.
– ამ საქმის მთავარი მცოდნეები ნაციონალურ მოძრაობაში არიან.

ნათია ხურცილავა, ახალი თაობა