სააკაშვილი – „ქართულ საზოგადოებას მოვუწოდებ, არ აღიაროს ამ არჩევნების შედეგები”

სააკაშვილი - „ქართულ საზოგადოებას მოვუწოდებ, არ აღიაროს ამ არჩევნების შედეგები”„ეს არ იყო და არ არის ლეგიტიმური არჩევნები და მე არასდროს არ ვაღიარებ ბიძინა ივანიშვილს. დღევანდელი დღიდან ბიძინა ივანიშვილი აღარ არის ლეგიტიმური მმართველი საქართველოსი,“ – ეს განცხადება საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა, გააკეთა.

მიხეილ სააკაშვილის თქმით, არჩევნები ზეწოლის, მოსყიდვის და ძალადობის ფონზე წარიმართა.

„მინდა, მივმართო ჩვენ ხალხს, ხალხო, თქვენ დღეს ამ ბინძურმა ოლიგარქმა თავზე გადაგახიათ კანონი, კონსტიტუცია, დემოკრატია, არჩევნების ინსტიტუტი. დღეს და ამ კვირებშიც, რაც ტარდებოდა, ეს არ იყო არც არჩევნები, არც დემოკრატიული პროცესი და ამას არაფერი კავშირი არ აქვს ხალხის ნებასთან.

ეს იყო ქურდული სამყარო, ძველი ბიჭები, აფერისტები და გარეწრები, რომლებიც საქართველოში რაღაც პროცენტი ყოველთვის იყო და არის, შავი სამყაროს წარმომადგენლები, ის ხალხი, ვინც გძარცვავდათ ტრადიციულად, მთლიანად შერწყმული ამ ოლიგარქთან. ეს იყო ძალადობა და არის ძალადობა, ეს არის მოსყიდვა, ეს არის ღიად დარიგება საარჩევნო უბნებში ფულის, ეს არის დაჭრა და ცემა აქტივისტების,“ – ამბობს მიხეილ სააკაშვილი.

მიხეილ სააკაშვილი ასევე გამოეხმაურა ბიძინა ივანიშვილის გამოსვლას და აღნიშნა, რომ მან ახლაც არ დაიყენა საპრეზიდენტო კანდიდატი გვერდში.

„ვიხილეთ ამ წუთში ქართველი ხალხის მტერი, ოლიგარქი ივანიშვილი, რომელმაც იმდენი პატივიც კი არ სცა ქართველ ხალხს, რომ საპრეზიდენტო კანდიდატი გამოეყვანა წინ, თვითონ გამოვიდა და თვითონ ჩაატარა, თვითონ ილაპარაკა ეს სისულელეები,“ – განაცხადა სააკაშვილმა.

მიხეილ სააკაშვილმა მოსახლეობას მოუწოდა, რომ არ აღიაროს საპრეზიდენტო არჩევნების შედეგი.

„ქართულ საზოგადოებას მოვუწოდებ, არ აღიაროს ამ არჩევნების შედეგები. დემოკრატიულ პროცესთან არანაირ კავშირში არ არის იმიტომ, რომ დგება მომენტები ყველა ერის ისტორიაში, როდესაც იმ პირობებში, როცა კრიმინალი მთლიანად შეერწყა ხელისუფლებას, როდესაც მთავარი მძარცველი მოაჯდა თავზე ყველა სახელმწიფო ინსტიტუტს, აკონტროლებს უკლებლივ ყველა პროცესს, დგება მომენტი, როცა საზოგადოებამ უნდა აიღოს კანონის დაცვა, კონსტიტუციის და თავისი თავისუფლების საკუთარ ხელში,“ – განაცხადა სააკაშვილმა.

მიხეილ სააკაშვილის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებამ კონსტიტუცია დაიცვას.

„დავიწყოთ მოთხოვნა ღია საპროტესტო აქციებით, მშვიდობიანით, რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების და ამ ე.წ. არჩევნების არალეგიტუიმურად გამოცხადების. ჩვენ გვჭირდება საქართველოში ახალი ხელისუფლება, ჩვენ გვჭირდება საქართველოში ხალხმა აიღოს ხელში ხელისუფლება, წინააღმდეგ შემთხვევაში საქართველოს გადარჩენა არ უწერია. მე ვარ რიგითი რიგითთა შორის, თანასწორი თანასწორთა შორის, მე არ ვიბრძვი ხელისუფლებისთვის და ეს არაერთხელ მითქვამს და ამას ახლაც ვიძახი – მე არ მინდა თანამდებობა, საქართველოში არცერთი პოსტი ისე, როგორც არ მიბრძოლია არასდროს არც სიმდიდრისთვის, არც ფუფუნებისთვის, და არასდროს არ ყოფილა ჩემთვის თანამდებობა თვითმიზანი, მაგრამ საქართველო არის ჩემი ხატება, ისევე როგორც ყველა ქართველის პატრიოტის ხატება და ჩვენ საქართველოს ამ ფაროსანას არ მოვასპობინებთ,“ – განაცხადა სააკაშვილი.

მიხეილ სააკაშვილი გაერთიანებული ოპოზიციის დამკვირვებლებს ხმების დაცვისკენ მოუწოდებს.

„ხვალინდელი დღიდან, მიუხედავად იმისა, რა შედეგები დადგება და იმედია, რომ შედეგი მაინც იქნება, ჩვენ გადავდივართ მასობრივ დაუმორჩილებლობის მოძრაობაზე, მე მოვუწოდებ საქართველოს პოლიციას, დადგეს ხალხის მხარეს, მე მოვუწოდებ შეირაღებულ ძალებს, არ შეასრულონ უკანონო ბრძანებები, მე მოვუწოდებ სახელმწიფო აპარატის ჯანსაღ ნაწილს, გაემიჯნოს კრიმინალურ-მაფიოზურ ბანდას, რომელიც დაეპატრონა საქართველოს. ხვალინდელი დღიდან ჩვენ ვიწყებთ მასობრივ ქმედებებს საქართველოს მასშტაბით, სამოქალაქო მშვიდობიანი დაუმორჩილებლობის, ივანიშვილის მიუღებლობის და ივანიშვილის ხელისუფლების დასრულების საქართველოში,“ – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

Edison research-ის ეგზიტპოლის შედეგების მიხედვით, 17:00 საათის მონაცემებით, სალომე ზურაბიშვილს ამომრჩევლის 55%, ხოლო გრიგოლ ვაშაძეს 45% უჭერს მხარს.

რუსთავი 2