თორნიკე შარაშენიძე – “გრიგოლ ვაშაძემ მაგრად იმუშავა და ეს დაუფასდა”

თორნიკე შარაშენიძე - "გრიგოლ ვაშაძემ მაგრად იმუშავა და ეს დაუფასდა"“ახალი თაობის” კითხვებს ექსპერტი საერთაშორისო საკითხებში თორნიკე შარაშენიძე პასუხობს.
– ბატონო თორნიკე, მეორე ტურის ალბათობაზე არაერთხელ გვისაუბრია. საზოგადოებაშიც იყო ეს მოლოდინი, თუმცა “ოცნებისთვის” ეს მოულოდნელი აღმოჩნდა. რა ვერ გათვალა “ოცნებამ”? რამდენად ელოდით ასეთ შედეგს და ზოგადად როგორი არჩევნები იყო?
– როცა ვამბობთ, რა გათვალეს და რა ვერ გათვალეს, გავითვალისწინოთ, რომ ეგენი ცხოვრობენ საერთოდ სხვა რეალობაში, ჩვენ სხვა რეალობაში ვართ. შესაბამისად, ვერ ითვლიან ისე, როგორც წესით უნდა დაითვალონ.
ეს არის მათი მთავარი პრობლემა. როგორ უნდა დათვალო, როცა აცდენილი ხარ კოორდინატების სისტემას?! როგორ უნდა დათვალო, როცა გუნდში არ გყავს არცერთი სერიოზული პოლიტიკოსი, არცერთი პოლიტიკური გამოცდილების მქონე ადამიანი, როგორ უნდა მოიპოვო მოსახლეობის ნდობა?! აი, ეს არის მთავარი პრობლემა.
– ნაციონალებს სრული მობილიზება ჰქონდათ გამოცხადებული?
– გრიგოლ ვაშაძემ ამ საარჩევნო კამპანიის დროს დაკარგა დაახლოებით 20 კილო. ეს ძალიან თვალში საცემია ყველასთვის. საოცრად იმუშავა ამ კაცმა, იმის გათვალისწინებით, რომ არ იყო მიჩვეული ამ ყველაფერს.
მთელი ცხოვრება იყო დიპლომატი, იყო მინისტრი და მიჩვეული იყო ფუფუნებაში ცხოვრებას და მას ჰქონდა კომფორტის ზონა შექმნილი. ბოლო წლები, როცა აღარ იყო მინისტრი, მშვენივრად გრძნობდა თავს სახლში ჯდომით, კითხვით, ფილმების ყურებით და კარგი ღვინის წრუპვით.
ამ კაცმა გადაწყვიტა, გასულიყო კომფორტის ზონიდან და პირდაპირ თავი გადადო. მისი გარდასახვა ჩემთვის იყო მოულოდნელი და გასაოცარი. არ მეგონა, თუ ამდენს შეძლებდა და ეს დაუფასდა.
– უმრავლესობა აცხადებს, რომ არჩევნები ჩატარდა დემოკრატიულად. ვერ გაბედა “ოცნებამ” გაყალბება?
– გაყალბების რაღაც შანსები არსებობდა და ამის სურვილიც ჰქონდათ. ჩვენ ვნახეთ მათი უტიფარი განცხადებები, სალომე ზურაბიშვილი იგებს 53%-თო. როგორც ჩანს, მოგვიანებით გათვალეს რისკები და დაასკვნეს, რომ ძალიან სარისკო იქნებოდა ეს. არავინ დაიჯერებდა, რომ სალომე ზურაბიშვილმა გაიმარჯვა პირველ ტურში. უზარმაზარი პოლიტიკური ფასი დაედებოდა სალომეს გაყვანას და გადაწყვიტეს, თავი შეეკავებინათ ამ სარისკო ნაბიჯისგან. თორემ ეჭვი მაქვს, არსებობდა გაყალბების ბერკეტები. სანამ ჩვენ არ გადავალთ ელექტრონული ხმის მიცემის პრინციპებზე, გაყალბების რისკი ყოველთვის იარსებებს.
– არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე აშშ-დან საქართველოს მაღალი რანგის პირები სტუმრობდნენ. გაჩნდა ვერსიები, რომ ხელისუფლებამ გაფრთხილება და მითითებები მიიღო. რას იტყვით თქვენ?
– მიჭირს ამის თქმა. მათ აქვთ ტრადიციული ტექსტი, რომ ამერიკა უჭერს მხარს დემოკრატიას და ამერიკა უჭერს მხარს სამართლიან არჩევნებს და ამას გამგები გაიგებდა. მე ძალიან შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ამერიკამ დატუქსა, თითები უქნია, ან უთხრა, რომ წადით.
ალბათ უთხრა, რომ ამერიკა უჭერს მხარს იმ ქვეყანას, რომელიც დემოკრატიულია და ამით დამთავრდა.
– რამდენად ასწავლის ჭკუას ეს არჩევნები “ქართულ ოცნებას”?
– ეს გამოჩნდება. მე იმედი მქონდა, რომ ჭკუას ისწავლიდა მავანი იმის მერე, რაც ჩვენ ვნახეთ ტელევიზიით. კომპრომატები უამრავი, მაგრამ სამწუხაროდ ამას ადეკვატური რეაგირება არ მოჰყვა.
მოჰყვება ამ არჩევნებს ადეკვატური რეაგირება? სამწუხაროდ, ეჭვი მეპარება.
– რა იქნება მეორე ტურში?
– ერთადერთი შანსი ხელისუფლების, რომ მოაგებინოს სალომე ზურაბიშვილისნაირ ძალიან სუსტ კანდიდატს, არის ის, რომ გაათამაშოს ისევ სააკაშვილის ბუა, აი, ჩამოვა და გაგაუპატიურებთ. მეტი არანაირი შანსი მათ არა აქვთ ამომრჩევლის მობილიზაციის.
აქტიურობა ამოწურეს გუშინ, ადმინისტრაციული რესურსი მაქსიმალურად ამოქაჩეს, რაც კი შეიძლებოდა. ეს ხომ ფაქტია. თუმცა დარჩა ძალიან ბევრი ადამიანი ვინც არჩევნებზე არ მივიდა. ახლა თუ იმათ მიიყვანენ არჩევნებზე, რომ სალომეს მისცენ ხმა, იმიტომ, რომ თუ ასე იქნება, სააკაშვილი ჩამოვა და ვაიმე რას გვიზამს, მაშინ შეიძლება სალომე გაათრიონ, სხვა შანსი არ აქვთ. გააჩნია, თუ გამოუვათ სააკაშვილის ბუას გათამაშება.
– ამომრჩევლის ძალიან მაღალი პროცენტი არ მივიდა არჩევნებზე. იმედგაცრუების და პროტესტის გამო?
– აპათიის გამო. ეს არის პროტესტი დღევანდელი ხელისუფლების მისამართით. არ ენდობიან ხელისუფლებას. თვითონ ივანიშვილმაც მიმართა ხალხს, კალაძემაც და ყველამ, არიქა მოდით, სალომე გაიყვანეთო, მაგრამ ხალხმა გაატარა მათი მოწოდება. ეს არის პროტესტი პირველ რიგში მთავრობის მისამართით.
– როდესაც ორი კანდიდატი რჩება ერთმანეთის პირისპირ, უფრო მარტივი ხდება ამომრჩევლის მობილიზება?
– კი, წესით ასეა ხოლმე. ვნახოთ, აქ რა იქნება. ევროპული საქართველოს ხმები წავა ვაშაძისკენ, მაგრამ ამათ აქვთ შანსი, რომ საფრთხობელა გაათამაშონ და გადაუწყვეტელი ამომრჩეველი წაიყვანონ თავისკენ. თორემ ფაქტია, რომ ადმინისტრაციული რესურსით ვეღარ იგებენ არჩევნებს.
– ეს იყო სერიოზული რეპეტიცია 2020 წლისთვის. გამოდის, რომ “ოცნებას” გაუჭირდება შემდეგი არჩევნების მოგება?
– “ოცნებამ” ამ არჩევნებით სერიოზული დარტყმა მიიღო. გამოჩნდა, რომ “ოცნება” არ არის ყოვლისშემძლე. მორჩა, ამით ძალიან ბევრია ნათქვამი. თავიდან ვხედავდით, რომ დარაზმულები იყვნენ იმისთვის, რომ პირველ ტურშივე გამოეცხადებინათ გამარჯვება, ამის მცდელობაც იყო, როცა 53%-ზე დაიწყეს საუბარი. თუმცა აწონ დაწონეს და მიხვდნენ რაოდენ ხიფათის შემცველი იქნებოდა ეს ყველაფერი და დათანხმდნენ მეორე ტურს.
– რას ელოდებით თქვენ?
– მიჭირს თქმა, პროგნოზი ძალიან რთულია. ორივეს აქვს შანსი გამარჯვების. ჩემთვის, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქისთვის, მთავარი არის იმის იმედი, რომ ჩვენი პოლიტიკური კულტურა ამ არჩევნების შედეგად უფრო განვითარდა. ამომრჩეველს უფრო მეტი მოთხოვნა აქვს ყველას მიმართ. ასე უნდა იყვნენ ყველას მიმართ. არ შეიძლება, რომ მიუშვან რომელიმე, არც სააკაშვილის მიშვება შეიძლება და არც – ივანიშვილის. იმედია, ხალხმა ეს ისწავლა და ეს გამოჩნდა გუშინ.
– ანუ ამომრჩეველმა კარგად შემოულაწუნა ხელისუფლებას?
– რა თქმა უნდა. ხალხმა ყოველთვის უნდა ულაწუნოს ხელისუფლებას და არ უნდა აიტანოს მისი გაზულუქება და კორუფცია. კორუფცია რომ არსებობს, ესეც ფაქტია, ამას ყველა ვუყურებთ.
– არჩევნებზე ძალიან დაბალი აქტივობა იყო. ამას მთელი დღე ვაკვირდებოდით.
– ბევრი არ მივიდა, რადგან ფიქრობენ, ეს მთავრობა ხომ არ მომწონს, მაგრამ ვის მივცე ხმა? ვაშაძეს რომ მივცე სააკაშვილი ჩამოვა. ამიტომაც ბევრი დარჩა სახლში.
– რაც შესაძლოა აღარ მოხდეს მეორე ტურზე?
– აი, ეგ ვნახოთ. ეგ ძალიან საინტერესო იქნება. ხელისუფლებამ, რაც შეეძლო, ყველა კომპრომატი გამოყარა, ბადრის მკვლელობის ამბავი და კიდევ გამოიტანა რაღაცეები. ვფიქრობ, რომ კომპრომატები დასრულდა ორივე მხრიდან.
დაველოდოთ, საკმაოდ საინტერესო პროცესი გველოდება.

ნონა ცაბაძე, ახალი თაობა