“ვის მოუვიდა თავში სალომე ზურაბიშვილის ვაჟის ჩართვა საარჩევნო პროცესებში?”

"ვის მოუვიდა თავში სალომე ზურაბიშვილის ვაჟის ჩართვა საარჩევნო პროცესებში?"“ახალი თაობა” ქრისტიან-კონსერვატიული პარტიის ლიდერს, ყოფილ დეპუტატ შოთა მალაშხიას ესაუბრა.
– რა შეიცვალა საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შემდეგ? ორივე კანდიდატის მხარდამჭერები აქტიურობენ.
– ხელისუფლება შეცდომას შეცდომაზე უშვებს. ეს იმიტომ ხდება, რომ ის სრულ ისტერიკაშია. “ქართული ოცნება” მის მიერ მხარდაჭერილი კანდიდატის გულისთვის თითქოს ბევრს აკეთებს, მაგრამ ყველაფერი უკუღმა მისდის. ავიღოთ ისეთი მაგალითი, როგორიცაა ზურაბიშვილის შვილის მიმართვა ვაშაძის შვილისადმი.
– ეტყობა, ამ ადამიანს, რომელიც საზღვარგარეთ ცხოვრობს, ჰგონია, რომ სწორად იქცევა.
– ნეტა ვის მოუვიდა თავში სალომე ზურაბიშვილის ვაჟის ჩართვა საარჩევნო პროცესებში! გაუგებარია, რატომ აკეთებს ასეთ მოწოდებებს, მით უმეტეს, როცა ის საქართველოს მოქალაქე არ არის და ეს კანონდარღვევაა. ამ კაცმა წამოსწია არა სახელმწიფოებრივი, არამედ პირადული და მორალური კრიტერიუმები.
თუ ზნეობაზე მიდგა საქმე, სხვებსაც შეიძლება გაუხსენონ წარსული. ამას არავინ კადრულობს. ქართულ პოლიტიკაში ასეთ რამ არ მომხდარა. უცნაურია, როცა მორალური ოლიმპიდან გვესაუბრებიან ისინი, ვისაც ხმა არ ამოეღება. თვითონ ივანიშვილი როგორ გველაპარაკება?
– როგორ?
– იხვეწება, კიდევ ერთი წელი მომეცითო. 6 წლის წინ ხალხს დაჰპირდა უფასო კრედიტებს, გაზის, დენის, ბენზინის გაიაფებას, კარგ ხელფასებსა და პენსიებს, დასაქმებას. აქედან არაფერი შეუსრულებია. ბოლო ორ წელიწადში სიღარიბე და სიღატაკე სამ-სამი პროცენტითაა გაზრდილი. ლარის გაუფასურების პირობებში არსებული პენსია და ხელფასები რეალურად შემცირებულია.
ბოლო წლებში ეკონომიკა სულ 2 ან 3 პროცენტით იზრდებოდა, რაც სახელმწიფოს კვდომას ნიშნავს. დიდია სახელმწიფოს ვალი. ივანიშვილმა ააფეთქა საყდრისი, თავისი ხეების გატანა-გადარგვით ყოფა უტირა ეკოლოგიას. ახლა გვეუბნება, მერე რა, ერთი წელი კიდევ მადროვეთო.
– რატომ მაინცდამაინც ერთი წელი?
– მომავალი საპარლამენტო არჩევნები 2020 წელსაა. იცის, რომ იქამდე მისი არაფორმალური მართვა, რომელსაც სინამდვილეში სახელმწიფო არ ჰქვია, ვერ მიატანს. ამიტომ იხვეწება, ცუდად მოვიქეცი, მაგრამ ერთხელ მაპატიეთო. ეს კრიმინალური აზროვნების გამოხატულებაა. სისხლის სამართლის დამნაშავეც გაიძახის, ახლა მაპატიეთო.
– საზოგადოების ნაწილი შეიძლება სულ არ იყოს ივანიშვილის მომხრე, მაგრამ მოტყუვდეს ან გაიყიდოს. ამ გზით “ქართულ ოცნებას” და მათ “დამოუკიდებელ” კანდიდატს ამომრჩეველი ეზრდებათ.
– გაყიდულები პირველ ტურში გამოჩნდნენ. ხალხის უმრავლესობამ კარგად იცის, რომ ბევრჯერ მოატყუეს და ვინც გააცურა, იმას აღარ უჯერებს. ობივატელი ასე ფიქრობს – თუ უიმედო კრედიტს დამიფარავენ, ამაში დიდი სიკეთე არ არის, იმიტომ რომ მანამდე მე გამძარცვესო.
ადამიანები გაერკვნენ, რომ პირადად ივანიშვილი არავის არაფერს უხდის და არაფერს ჩუქნის. ამას სხვები გააკეთებენ. რა დაპირებებიც არ უნდა გასცენ, საზოგადოებას ვერ შეუცვლიან იმ განწყობას, რომელიც პირველი ტურის შემდეგ ჩამოუყალიბდა.
– რა განწყობა ჩამოუყალიბდა საზოგადოებას?
– გაჩნდა იმის რწმენა, რომ ივანიშვილის დამარცხება შესაძლებელია. მანამდე ბევრს ეგონა, რომ მის ფინანსებთან და ძალაუფლებასთან შებრძოლება უშედეგო იყო. ოპოზიციამ მიიღო მილიონზე მეტი ხმა. მეორე ტურში ამაზე ბევრად მეტი ეტყვის უარს კრიმინალურ მმართველობას.
– ბევრია სააკაშვილის დროს დაზარალებული. მეორე ტურის წინ საზოგადოების ჯგუფები დადიან და ხალხს 9 წელს ახსენებენ.
– დაზარალებულები არიან. მათ არაფრის შეხსენება არ სჭირდებათ. ამ ადამიანებმა ისიც გამოიარეს და ბოლო 6 წელიც. “ქართული ოცნების” დროს მათ სამართალი ვერ იპოვეს. ამ ხალხის მდგომარეობა გაუარესდა. რომ დადიან და ბაზრობებსა და ქუჩებში ჭკუას ასწავლიან გაძვალტყავებულ თანამოქალაქეებს, რა ჰგონიათ? იმ ადამიანებმა ისედაც იციან, როგორ ცხოვრობენ. წინა ხელისუფლებას ჰქონდა შეცდომები, მაგრამ საქმე კეთდებოდა. ბოლო 6 წელია, მარტო ფულის შოვნაზე არიან გადასული.
– ბიძინა ივანიშვილმა ორჯერ პირველი ტურის წინ მოგვმართა, ერთხელ – ამ დღეებში. ეს გამოსვლები ერთმანეთისაგან განსხვავებულია?
– ფაქტობრივად, არა. სავლეს პავლედ გარდაქმნა ბიბლიური მოვლენაა. ცხოვრებაში ეს არ ხდება. თაღლითი სპეტაკ და პატრიოტ ადამიანად ვერ გარდაისახება. რაც უფრო ხშირად გამოვა ხალხის წინაშე, მით უფრო მეტს შეიტყობს საზოგადოება.
– კერძოდ?
– ხანდახან ადამიანებს არ სჯერათ ყველაფერი, რასაც ივანიშვილის ოპონენტები ამბობენ. ივანიშვილი ბევრ რამეს თვითონ ადასტურებს. მაგალითად, მან აღიარა, რომ ყიფიანმა შეაგინა ფარცხალაძეს. ფარცხალაძემ მას საქმე გაურჩია, მაგრამ იქ სარდაფი არ იყოო. ივანიშვილმა გვითხრა, რომ მისი ხელისუფლების წარმომადგენლები 37.000 დოლარიან სამსართულიან სახლებს იშენებენ, მაგრამ აუზში წყალს ვერ ასხამენ.
ივანიშვილმა ბიზნესში ჩარევაც აღიარა. მისი ინფორმაციით, ჩხარტიშვილი და თიბისი-ს ხალხი დაიბარა, სადაც ჩხარტიშვილმა თიბისი-ს 100: 0 მოუგო.
ეს სამი აღიარებაა. თუ ხშირად გამოვა, უფრო მეტ ფაქტს დაადასტურებს.

მარიამ მჭედლიშვილი, ახალი თაობა