ადვოკატი მანელიძე – “მინდია გოგოჭური თავს დამნაშავედ არ თვლის, რომელ იარაღზე მესაუბრებით? ასეთი რამ ბუნებაში არ არსებობს”

ადვოკატი მანელიძე - "მინდია გოგოჭური თავს დამნაშავედ არ თვლის, რომელ იარაღზე მესაუბრებით? ასეთი რამ ბუნებაში არ არსებობს"მინდია გოგოჭურის ადვოკატის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი თავს დამნაშავედ არ თვლის.

როგორც ადვოკატმა შოთა მანელიძემ „ინტერპრესნიუსს” განუცხადა, დაკავებული დუმილის უფლებას გამოიყენებს თუ თავის პოზიციას უბრალოდ უარყოფასა და კონკრეტული გარემობების დაფიქსირებით გამოხატავს, ამას ერთობლივად გადაწყვეტენ.

„იმედი გვაქვს, რომ ჩვენ სამართლებრივი ბრძოლით სათანადო შედეგს მივაღწევთ და მინდია დაამტკიცებს, რომ უდანაშაულოა. ამ ეტაპზე მისი პოზიციის დაფიქსირების აუცილებლობაც არ ყოფილა, ჯერ დაკითხვის ეტაპი არ არის და აქედან გამომდინარე, ჩვენ გადავწყვეტთ, ეს დუმილში გამოიხატება, უბრალოდ უარყოფასა და კონკრეტული გარემოებების დაფიქსირებაში თუ სხვა რამეში”,- აღნიშნა მან.

შეკითხვაზე, უკავშირდება თუ არა მინდია გოგოჭურისა და გიორგი რაზმაძის დაკავება გიორგი რაზმაძის მიერ მიმდინარე წელს ჩადენილ ორ კანონსაწინააღმდეგო ქმედებას, შოთა მანელიძემ უპასუხა, რომ აღნიშნული პირების დაკავებას ის არც ერთ კონკრეტულ მოვლენას არ უკავშირებს, სანამ საქმის მასალებს არ გაეცნობა.

„სანამ დეტალებს არ გავცნობივარ, ჩემი ამოსავალი წერტილი არის და იქნება მინდია გოგოჭურის პოზიცია, რომელიც ყველა ნაწილსა და ბრალდებაში ცალსახად უდანაშაულოა”,- აღნიშნა მან.

ადვოკატის თქმით, მინდია გოგოჭურთან ან გიორგი რაზმაძესთან დაკავშირებული დანაშაულის რაიმე კონკრეტული საგანი არ არსებობს.

„მთელი ღამის განმავლობაში, საცხოვრებელ ბინაში ტარდებოდა ჩხრეკა. ჩვენ იმთავითვე ვიცოდით, რომ უკანონო იქ არაფერი იყო. თვალსაჩინოებისთვის, ჩვენ მზად ვიყავით, რომ სახლში ნებისმიერი კუთხე სათანადოდ ყოფილიყო დათვალიერებული. ამიტომაც ვიჩენდით მაღალ სამართლებრივ კულტურას, მოთმინებას. ფაქტობრივად, დილის 08:00 საათამდე მორჩილად ველოდებოდით”, – განაცხადა მანელიძემ.

იარაღთან დაკავშირებული კითხვის პასუხად ადვოკატმა აღნიშნა, რომ ბუნებაში არ არსებობს გოგოჭურთან და მის მეგობართან დაკავშირებული „დანაშაულის რაიმე კონკრეტული საგანი“.

“რომელ იარაღზე მესაუბრებით?დღეს დამირეკეს და მითხრეს, რომ თურმე ერთ კი არა ორ იარაღზეც ყოფილა საუბარი. ცალსახად გეუბნებით, ბუნებაში ასეთი არ არსებობს. მინდია გოგოჭურთან ან გიორგი რაზმაძესთან დაკავშირებული დანაშაულის რაიმე კონკრეტული საგანი არ არსებობს”, – განაცხადა მანელიძემ.

სპეცოპერაცია ამაშუკელის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში, რომლის დროსაც გოგოჭური და რაზმაძე დააკავეს, წუხელ ჩატარდა. აღნიშნული ბინა გოგოჭურს ნაქირავები ჰქონდა. ბინიდან ამოღებულია ტყვიაგაუმტარი ჟილეტი, კორპუსის მიმდებარე ტერიტორიიდან კი 2 პისტოლეტი, რომელიც შსს-ს ინფორმაციით, ბრალდებულებმა სპეცრაზმის გამოჩენისას ბინის აივნიდან გადაყარეს.

შსს-ს ინფორმაციით, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შენახვის და დანაშაულის შეუტყობინელობის ფაქტებზე, 1989 წელს დაბადებული მ.გ. და 1994 წელს დაბადებული, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით ძებნილი გ.რ. დააკავეს.