აკაკი ასათიანი – “ოცნება” 2020-ის არჩევნებს ყველა შემთხვევაში წააგებს”

აკაკი ასათიანი - "ოცნება" 2020-ის არჩევნებს ყველა შემთხვევაში წააგებს"“ახალი თაობის” კითხვებს ტრადიციონალისტი აკაკი ასათიანი პასუხობს.
– ბატონო აკაკი,  ოპოზიცია არ აღიარებს სალომე ზურაბიშვილს პრეზიდენტად. როგორია თქვენი შეფასებები დღეს შექმნილ პოლიტიკურ ვითარებაზე?
– პირველ რიგში არჩევნების თემით დავიწყებ და ვიტყვი, რომ ძალიან საინტერესო არჩევნები იყო, ძალიან ბევრი თვალსაზრისით.
– კერძოდ, რით იყო საინტერესო?
– დაფიქსირდა ერთი სრულიად ახალი რეალობა. მაგალითად ის, რომ კონსტიტუციური უმრავლესობის მსგავსიც აღარაფერი აქვს “ქართულ ოცნებას”, ეს ერთი და მეორე, უპრეცედენტოდ მაღალი იყო იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებმაც არ დაიზარეს, მივიდნენ და წაშალეს ორივე. სხვა დროს ხდებოდა ხოლმე, რომ ასეთი ხალხი სახლში რჩებოდა. ახლაც დარჩა ნახევარი, მაგრამ ის, რომ პირველ და მეორე ტურში 100 ათასამდე ადამიანმა არ დაიზარა, მივიდა და გადახაზა ორივე, ეს ძალიან ნიშანდობლივი იყო.
ამან გააჩინა ახალი ძალის, ე.წ. მესამე ძალის მოლოდინი. თუმცა რატომ მესამე, ვერ გავიგე. ახლა ჩვენ ვხედავთ მცდელობას, რომ ყველას მესამეობა უნდა და ამდენი მესამე აღარ გამოვა.
– რა არ გამოვა?
– 3%-იანი ბარიერი იქნება, ყველას იმედი აქვს, რომ ასე თუ ისე გადალახავს და ეს მესამე ძალები იქნება დიდი რაოდენობით.
– ჭრელი იქნება 2020 წლის პარლამენტი, ამის თქმა გინდათ?
– არც ისე ჭრელი, რადგან ეს ორი ძალა ისევ რჩება ძირითად ობიექტებად, ნაციონალური მოძრაობა და “ოცნება” და დანარჩენი იქნება ის პარტიები, ვინც 3%-იან ბარიერს გადალახავს.
– გაერთიანებული ოპოზიცია ვადამდელ არჩევნებს და საარჩევნო კანონში ცვლილებებს ითხოვს. რამდენად არის შესაძლებელი ამ ყველაფრის მოსწრება 2020-მდე და რამდენად აწყობს ხელისუფლებას ვადამდელი არჩევნები?
– ამის მოსწრება შესაძლებელია სავსებით. მთავარი ალბათ პროპორციულ სისტემზე გადასვლაა და კოდექსის შეცვლა. თუ ეს საკითხი იქნება მიღწეული, რიგგარეშე არჩევნები ამის შემდეგ გახდება აქტუალური, მაგრამ ხელისუფლებას ხომ ვატყობთ ქცევაზე და გამომეტყველებაზე, რომ არაფრის შეცვლას არ აპირებს.
რომც გადაწყვიტოს “ქართული ოცნების” ხელმძღვანელობამ ეს ცვლილება, მაჟორიტარები ამის საშუალებას არ მისცემენ. თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ თავის დროზე, როცა ამის შანსი იყო, ნაციონალები რომ მიბრძანებულიყვნენ სხდომაზე, მითუმეტეს, რომ “ოცნება” იძახოდა, რომ ჩვენ მზადა ვართო, მაშინ ეს მიღებული იქნებოდა. ასე რომ თავის თავს უნდა დააბრალონ, სხვას ვერავის ვერ დააბრალებენ.
ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ამ თვალსაზრისით დიდი ცვლილებები არ მოხდება. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ამისთვის არ უნდა ვიბრძოლოთ.
– ვადამდელ არჩევნებზე რას იტყვით?
– ვადამდელი არჩევნების მოთხოვნა ამ სისტემით და ამ საარჩევნო კოდექსით არაფრის მომცემი არ იქნება.
– ისევ “ოცნებისთვის” იქნება ხელსაყრელი?
– არა, “ოცნება” საპარლამენტო არჩევნებს ყველა ვარიანტში წააგებს. ვინც წამგებია, ის აგებს ნებისმიერი სისტემის პირობებში. ნაციონალები 2012-ში თავად აკონტროლებდნენ ყველაფერს, მაგრამ წააგეს. ასევე “ოცნებამ” პირველი ტური პირწმინდად წააგო.
– პირწმინდად?
– დიახ, პირწმინდად. რატომღაც ანგარიშობენ მარტო ვაშაძე-ზურაბიშვილის შედეგებს და ამავე დროს, იგივე ხალხი იძახის, ”ევროპული საქართველო” არის იგივე ნაციონალური მოძრაობაო. მეც ვეთანხმები მათ და მაშინ გამოდის, რომ 47-39 მოუგია პირველი ტური ნაციონალურ მოძრაობას. ანუ წააგო პირწმინდად ”ოცნებამ”.
სრული სურათს თუ დავდებთ და მთლიან ოპოზიციას გავაერთიანებთ, “ოცნებამ” წააგო 62-39 ოპოზიციასთან. მაშინ როდესაც მის ხელში იყო ყველაფერი. ამიტომ 2020-ში ყველა შემთხვევაში წააგებს “ოცნება”.
თუ ეყოფა ჭკუა, რომ შეცვალოს სისტემა და საარჩევნო კოდექსიც, ჩაეთვლება, რომ დემოკრატიული ნაბიჯი გადადგა და შეიძლება მეტი შანსი გაუჩნდეს არჩევნებზე, მაგრამ ისინი ასეთ პარადოქსულ ლოგიკას კი არა, მარტივ ლოგიკასაც ვერ ითვისებენ ხოლმე და ასეთი ტიპის ლოგიკა მათთვის სრულიად უცხოა.
– ივანიშვილმა პირობა დადო, რომ სერიოზული ცვლილებები გატარდება მომდევნო ერთ წელში. უმრავლესობაში კი აცხადებენ, რომ საკადრო ცვლილებაც კი არ იგეგმება.
– არ იქნება არანაირი სერიოზული ცვლილებები. შეიძლება დიდი დიდი პრემიერი შეცვალონ გაზაფხულზე. არანაირ ცვლილებებს ივანიშვილი არ ჩაატარებს, უფრო ზუსტად, ვერ ჩაატარებს, რადგან ის გახდა მძევალი ამ თავისი გარემოცვის, როგორც ყველა მისი წინამორბედი მანამდე.
– შესაძლოა, ბახტაძე გახარიამ ჩაანაცვლოს?
– დიახ, რა თქმა უნდა.
– “ოცნება” 2020 წლის არჩევნებს წააგებსო, აცხადებთ, მაშინ გამოდის, რომ დიდი შანსები აქვს გაერთიანებულ ოპოზიციას, უფრო ზუსტად, ნაცმოძრაობას?
– ოპოზიციამ ამ არჩევნებზე დიდი უპირატესობა აჩვენა. მეორე ტური ხელისუფლებამ დიდი გაჭირვებით სერიოზული მობილიზების და გაყალბების ფონზე მოიგო. ეს ვალების ჩამოწერაც სერიოზული მოსყიდვა იყო. თუ ასე უნდოდათ ეს, მანამდე უნდა გაეკეთებინათ.
ნაციონალურმა მოძრაობამ უნდა გაიფართოვოს ბაზა და მყარი გარანტია მისცეს ხალხს, რომ არ განმეორდება ის უმსგავსობები, რაც ახლდა მის მმართველობას თავის დროზე. საპრეზიდენტოში მათ ვერ დააჯერეს ხალხი. ამ ფონზე კიდევ ძალიან ბევრი ხმა აიღეს.
– რამდენად აზარალებს ნაცმოძრაობას მიხეილ სააკაშვილი და მისი განცხადებები?
– ამას მედალივით ორი მხარე აქვს. სააკაშვილი მშვიდად როცა გამოდის, დადებით შთაბეჭდილებს ტოვებს, ის ნიჭიერი კაცია, მოდი, ამას ნუ დავუკარგავთ. თუმცა მისი ეს გამოხდომები სრულიად დაუკავშირებელია აქაურ რეალობასთან, რევოლუციაზე ლაპარაკი და ასე შემდეგ.
ამ მედლის მეორე მხარე კი ის არის, რომ ამ გაერთიანებულ ოპოზიციას დიდი უმრავლესობა სწორედ სააკაშვილის გამო უჭერს მხარს. ამიტომ ოპოზიცია ასე მარტივად ვერ მოხსნის სააკაშვილის საკითხს. უბრალოდ, მათი ამოცანაა, რომ როგორმე შეაკავონ მისი არაადეკვატური განცხადებები. სააკაშვილის ჩაჩოჩება არ გამოვა.

ნონა ცაბაძე, ახალი თაობა