მესაფლავეები, რომლებმაც მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ბანძაში საფლავის გათხრის დროს ოქროს და ვერცხლის მონეტები იპოვეს, სისხლის სამართლის პასუხსიგებაში მისცეს. “კურიერთან” საუბრის დროს მესაფლავე ბუკა ქუთელია ამბობს, რომ მათ მონეტების ისტორიული მნიშვნელობის შესახებ არაფერი იცოდნენ, რის გამოც, ნაპოვნი ნივთები ლომბარდში ჩააბარეს.
“პირადად მე ვიპოვე. გათხრის დროს წერაქვი მოხვდა ქოთანს და გასკდა. ვინც ვიყავით ბიჭები, გავიყავით”, – ამბობს ქუთელია.
ერთ-ერთი მესაფლავი დედა, ეკა დანელია კი აცხადებს, რომ ამ ამბის შემდეგ მის ოჯახს ემუქრებიან.
“არ ვიცოდით რა იყო, შემდეგ წაიღეს ლომბარდში, ოქრო აღმოჩნდა და ჩააბარეს იქ. ახლა “ფეისბუქში” გვწერენ რაღაცეებს, ვითომ გვაშინებენ, გვემუქრებიან. ვინ არის ვერ გავარკვიე”, – ამბობს ეკა დანელია.
ცნობისთვის: “პრაიმტაიმმა” გუშინ ექსკლუზიურად გაავრცელა ინფორმაცია, რომ მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ბანძაში საფლავის გათხრის დროს მესაფლავეებმა დიდი ოდენობით ოქროს და ვერცხლის მონეტები იპოვეს.
როგორც ერთ-ერთი ადგილობრივი გვიყვება, 24 ნოემბერს გარდაცვლილის დასაკრძალად საფლავის გათხრა ჭირისუფლებმა მესაფლავეებს სთხოვეს, რომლებმაც მიწაში ჩამარხულ თიხის ქოთანში მოთავსებული სხვადასხვა ძვირფასი ნივთები, მათ შორის ოქროს და ვერცხლის მონეტები აღმოაჩინეს.
ინფორმაცია ცნობილია კულტურის სამინისტროსთვის და ამჟამად მიმდინარეობს მუშაობა, რათა ექსპერტიზის მეშვეობით დადგინდეს ძვირფასი ნივთების დათარიღებისა და წარმომავლობის საკითხი. შინაგან საქმეთა სამინისტრომ კი გამოძიება ქურდობის ფაქტზე დაიწყო.
“შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის მარტვილის რაიონულ სამმართველოში, შემოვიდა შეტყობინება, რომ სოფელ ბანძაში მოქალაქეებმა საფლავის გათხრისას ოქროსა და ვერცხლის სხვადასხვა ნივთები იპოვეს. ფაქტის დასადგენად გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 177-მუხლით, რაც ნივთის ფარულად დაუფლებას გულისხმობს”.
შსს-ში “პრაიმტაიმს” განუცხადეს, რომ საქმეზე ჩატარებული ოპერატიული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად სამართალდამცველების მიერ სრულად ამოღებულია ფულის სანაცვლოდ ჩაბარებული ოქროსა და ვერცხლის ნივთები, ასევე გამოძიების ფარგლებში ექსპერტიზის მიზნით ამოღებულია მუზეუმისთვის გადაცემული ნივთები და ყველა ნივთი ამ დროისთვის დაცულია შინაგან საქმეთა სამინისტროს ნივთმტკიცებებისთვის განკუთვნილ სპეციალურ ოთახში.
ადგილობრივების გადმოცემით, მონეტები, სავარაუდოდ რამდენიმე საუკუნეს ითვლის, თუმცა ეს ოფიციალურად მას შემდეგ გაირკვევა, რაც შესაბამისი ექსპერტიზის დასკვნა გახდება ცნობილი.
პრაიმ ტაიმი

