გაერთიანებული ოპოზიციის წევრის ზაალ უდუმაშვილის თქმით, ის თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებდა სასამართლო დავით კირკიტაძესთან მიმართებაში, ცხადი ჯერ კიდევ მაშინ გახდა, როდესაც დილით სასამართლოს შენობასთან მისულებს ათასობით პოლიციელი დახვდათ.
„როდესაც აქ დაგვხვდა ათასობით სამართალდამცავი მობილიზებული ეს ნიშნავდა იმას, რომ გადაწყვეტილება დაწერილია, მოსამართლეს დაუდეს მაგიდაზე, და ეს უნდა წაეკითხა მოსამართლეს. დღეს დავით კირკიტაძე არის ბიძინა ივანიშვილის და გიორგი გახარიას პირადი პოლიტიკური პატიმარი. ეს არის პირდაპირი ანგარიშსწორება ოპოზიციაზე. ნებისმიერი ასეთი ქმედება რომელიც იქნება ჩადენილი ოპოზიციის მიმართ, ეს არის ივანიშვილის რეჟიმის დასასრულთან მიახლოება. დღეს ხელისუფლებამ გადაწყვიტა რომ ყველაფერი შეუძლია, ყველაფერი ფეხქვეშ გათელოს, არ შეეგუოს მოსახლეობის აზრს, აკეთოს ის რაც მას სურს. ამას არავინ არ მოითმენს, არ მოითმენს პირველ რიგში საქართველოს მოსახლეობა და აუცილებლად გაეცემა პასუხი ბიძინა ივანიშვილსაც და იმ ბინძურ ადამიანებსაც, რომლებმაც გადაწყვიტეს, რომ დავით კირკიტაძე პატიმრობაში დაეტოვებინათ.“-განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

