საქართველოს მთავარი პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე საბერძნეთიდან საქართველოში, დამამძიმებელ გარემოებებში ნატო კვეზერელისა და გურამ კვეზერელის განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებულის გიორგი ყუფარაძის ექსტრადირება განხორციელდა. ინფორმაციას მთავარი პროკურატურა ავრცელებს.
გიორგი ყუფარაძის მიმართ ძებნის გამოცხადების თხოვნით საქართველოს მთავარმა პროკურატურამ ინტერპოლის ეროვნულ ცენტრალურ ბიუროს 2016 წლის 21 აპრილს მიმართა. პარალელურად, უწყებამ, ბერძნულ მხარეს გ. ყუფარაძის წინასწარი დაკავების თხოვნით მიმართა.
2016 წლის 3 ივნისს ათენის ინტერპოლის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, გ.ყუფარაძე საექსტრადიციო პატიმრობაში აიყვანეს, რის საფუძველზეც, ქართულმა მხარემ, 2016 წლის 14 ივნისს, მისი ექსტრადიცია მოითხოვა.
გიორგი ყუფარაძე ქ. ალექსანდრუპოლისში ვინმე პოჰლოდკოვ მიროსლავის გაყალბებული პასპორტით იმყოფებოდა.
მას ბრალად ედება ნატო კვეზერელის და გურამ კვეზერელის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობა, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო დაუფლება, შეძენა და შენახვა. ასევე, ზურაბ ესიაშვილის მიმართ, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე.
გამოძიებით დადგინდა, რომ 2014 წლის დეკემბერში, დამამძიმებელ გარემოებაში მკვლელობისთვის ნასამართლევმა გიორგი ყუფარაძემ და ვასილ გოშაძემ წინასწარი შეთანხმების საფუძველზე, ანგარებით, ქ.თბილისში, დაბა კოჯორში მდებარე აგარაკზე, დანით რამდენიმე დარტყმით მოკლეს გურამ კვეზერელი, შემდეგ კი კვალის დაფარვის მიზნით გვამი წინასწარ შეძენილ პლასტმასის კასრში მოათავსეს და მისი დაშლის მიზნით ქიმიური მჟავა ჩაასხეს. ვინაიდან გვამი არ დაიშალა, მათ კასრში ცემენტი ჩაყარეს და აგარაკის ეზოში დამარხეს.
იმავე დღეს გიორგი ყუფარაძემ და ვასილ გოშაძემ, ქ.თბილისში, თბილისის ზღვაზე მდებარე ნატო და გურამ კვეზერელების საცხოვრებელ ბინაში, დანის ჩარტყმით ნატო კვეზერელი მოკლეს, შემდეგ კი ფარულად დაეუფლნენ ბინაში არსებულ დაახლოებით 12/000 აშშ დოლარს, ე.წ. „ლეპტოპ”-ს, საბუთებს, ბანკის ბარათებს, ოქროს ნივთებს, გურამ კვეზერელის სახელზე რეგისტრირებულ ორ ცეცხლსასროლ იარაღს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.
ამჟამად საქმეს თბილისის საქალაქო სასამართლო განიხილავს.
იმედინიუსი

