გედევან ფოფხაძე – “სააკაშვილის ეპოქის მოსამართლეების დანიშვნით სააკაშვილის ეპოქას დავაბრუნებთ”

გედევან ფოფხაძე - "სააკაშვილის ეპოქის მოსამართლეების დანიშვნით სააკაშვილის ეპოქას დავაბრუნებთ"საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გედევან ფოფხაძე მიიჩნევს, რომ მიხეილ სააკაშვილის ეპოქის მოსამართლეების დანიშვნით, „სააკაშვილის ეპოქა დაბრუნდება“.

მისივე თქმით, არ შეიძლება კაბინეტში განმარტოებული იუსტიციის საბჭოს რამდენიმე წევრის მიერ დასახელდეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების სია, თან ყველანაირი წინაპირობის გარეშე.

„ერთიან პოზიციაზე საუბარი ნაადრევია, თუმცა ჩემი პოზიცია ასეთია – პროცედურა, რომლითაც საკითხის განხილვა დაიწყო, არასწორია. ეს პროცესი მაქსიმალური ყურადღების ცენტრში უნდა მოექცეს. ყველამ უნდა გავაცნობიეროთ, რომ ნებისმიერი მოსამართლე უნდა სარგებლობდეს მაღალი პროფესიული ავტორიტეტით და უმწიკვლო ბიოგრაფიით. ეს ადამიანები მერე განაგებენ სამართალს. ფორმალურად პროცედურა დაცულია, მაგრამ ყველანაირ პროცედურას აქვს სტანდარტი. მაგალითად, ჟურნალისტებს არსად უწერიათ, როგორ უნდა ეჭიროთ მიკროფონი, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მიკროფონი თავში ჩამარტყათ”, – განაცხადა გედევან ფოფხაძემ.

უმრავლესობის დეპუტატი მიიჩნევს, რომ მოხდა ვიღაცებისთვის სასურველი კანდიდატების შეთავაზება პარლამენტისთვის.

„აქ მოვლენ კანდიდატები და მერე გამოვხატავ ჩემს პოზიციას თითოეულ მათგანზე. უნდა მოხდეს მათი წარდგენა კომიტეტის წინაშე, უნდა შემოგვხედონ თვალებში და გასცენ პასუხები შეკითხვებზე, რომელსაც დავუსვამთ. მე მიმაჩნია, რომ სააკაშვილის ეპოქის მოსამართლეების დანიშვნით, დავაბრუნებთ სააკაშვილის ეპოქას”, – აღნიშნა გედევან ფოფხაძემ.

შეგახსენებთ, რომ იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაეს სასამართლოში წარსადგენი მოსამართლეთა 10 კანდიდატურა დაასახელა. ესენი არიან: მარიამ ცისკაძე, ნინო ქადაგიძე, მიხეილ ჩინჩალაძე, პაატა სილაგაძე, დიმიტრი გვრიტიშვილი, მერაბ გაბინაშვილი, ნინო სანდოძე, თამარ ალანია, გიორგი ტყავაძე და გიორგი მიქაუტაძე.

აღნიშნული კანდიდატები საბჭომ დასამტკიცებლად საქართველოს პარლამენტს წარუდგინა.