ინციდენტი წყნეთის ”წისქვილში” – დააკავეს ე.ზ., რომელმაც ჭაბუკა გუშარაშვილს თავის არეში დოქი ჩაარტყა

ინციდენტი  წყნეთის ”წისქვილში” - დააკავეს ე.ზ., რომელმაც ჭაბუკა გუშარაშვილს თავის არეში დოქი ჩაარტყაშინაგან საქმეთა სამინისტრომ წყნეთში მომხდარ ინციდენტში მონაწილე პირი დააკავა.

როგორც ირკვევა, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომელმა, 36 წლის მამაკაცმა რესტორან “წისქვილში” ჭაბუკა გუშარაშვილს თავის არეში დოქი ჩაარტყა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში “ნიუპოსტს” დაუდასტურეს, რომ დაკავებული ნამდვილად თანამშრომელია, თუმცა აღნიშნეს, რომ ე.ზ. მოცემულ მომენტში სამსახურეობრივ მოვალეობას არ ასრულებდა და შვებულებაში იმყოფებოდა.

“შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო და სამძებრო ღონისძიებების შედეგად, საგნის იარაღად გამოყენებით ჩადენილი ხულიგნობის ბრალდებით, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომელი, 1982 წელს დაბადებული ე.ზ. დააკავეს. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულმა მიმდინარე წლის 10 დეკემბერს, ღამით, წყნეთის ერთ-ერთ რესტორანში მომხდარი დაპირისპირების დროს, თავის არეში საგნის ჩარტყმით დაზიანება მიაყენა 1985 წელს დაბადებულ ჭ.გ-ს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცველებმა ე.ზ. მომხდარიდან მალევე, ცხელ კვალზე დააკავეს.

გამოძიება საგნის იარაღად გამოყენებით ჩადენილი ხულიგნობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 239-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს.

ასევე, დადგენილია სავარაუდო დამნაშავის ვინაობა, რომელმაც აღნიშნული დაპირისპირების დროს, ცივი იარაღის გამოყენებით დაზიანებები მიაყენა სამ პირს. მის დასაკავებლად ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს” – აღნიშნულია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

სისხლიანი გარჩევა რესტორანში 2 დღის წინ მოხდა. ერთ-ერთი ვერსიით, ყოფილმა პატიმარმა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უფროსის ყოფილ მოადგილეს ზვიად მიხანაშვილს, ციხეებზე ზედამხედველობის სამსახურის ორ მაღალჩინოსანს, ჭაბუა გუშარაშვილსა და ირაკლი ჭითანავას ჭრილობები მიაყენა და ადგილიდან მიიმალა.

აღსანიშნავია, რომ ერთ-ერთი დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა.