ჯამალ ხაშოგი – წამებით მოკლული ჟურნალისტი, რომელმაც მსოფლიო პროცესები შეცვალა

ჯამალ ხაშოგი - წამებით მოკლული ჟურნალისტი, რომელმაც მსოფლიო პროცესები შეცვალაჟურნალისტ ჯამალ ხაშოგის ტრაგედია უკვე ორ თვეზე მეტია, მსოფლიოს მთავარი ნიუსების თემაა. სამწუხაროდ, ამის მიზეზი არა მისი პროფესიული კარიერა, არამედ მისი მკვლელობა გახდა _ ის თურქეთის ტერიტორიაზე, საუდის არაბეთის საკონსულოში მოკლეს.

ამ შემზარავ მკვლელობას დასავლურ საზოგადოებაში დიდი გამოხმაურება მოჰყვა და ის შესაძლოა ახლო მომავალში სერიოზული პოლიტიკური ცვლილებების მიზეზიც გახდეს.

გავლენიანი ოჯახის შვილი

ჯამალ ხაშოგი 1958 წელს მედინაში, საუდის არაბეთში დაიბადა. მისი ბებია მეფის, აბდულ-აზიზ ალ საუდის პირადი ექიმი იყო, ამიტომაც მისი ოჯახი გავლენით სარგებლობდა. ხაშოგი ეგვიპტელი მილიარდერის,  დოდი ალ ფაიედის ბიძაშვილიც იყო, რომელიც პრინცესა დაიანას პარტნიორი გახლდათ და მასთან ერთად დაიღუპა 1997 წელს ავტოავარიაში, პარიზში.

მომავალმა ჟურნალისტმა სკოლა საუდის არაბეთში დაამთავრა და სასწავლებლად ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა, სადაც ინდიანას სახელმწიფო უნივერსიტეტი დაამთავრა.

სირთულეებით და ხიფათებით სავსე გზა

ხაშოგი უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ საუდის არაბეთში დაბრუნდა, სადაც ძალიან მალე ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ჟურნალისტი გახდა. ის ათწლეულების განმავლობაში დაახლოებული იყო სამეფო ოჯახთან და მთავრობის მრჩევლადაც კი მუშაობდა.

მისი კარიერა გრძელი, საინტერესო და რთული იყო. ის 1980-1990-იან წლებში დეტალურად აშუქებდა ალ-ქაიდასა და მისი ლიდერის, ოსამა ბინ ლადენის საქმიანობას. მან ბინ ლადენთან რამდენიმე ინტერვიუს ჩაწერაც კი მოახერხა. ის ასევე აშუქებდა რეგიონში მიმდინარე ყველა მნიშვნელოვან მოვლენას, მათ შორის კუვეიტის ომს.

1999 წელს ხაშოგი გახდა ინგლისურენოვანი არაბული გაზეთის ,,არაბ ნიუსის” რედაქტორი, ხოლო 2003 წელს _ გაზეთ ,,ალ უატანის”, თუმცა ამ  თანამდებობიდან ორი თვის შემდეგ გაათავისუფლეს, მიზეზი არაბეთის მთავრობის კრიტიკა გახდა.

თანამდებობიდან გათავისუფლების შემდეგ ის ლონდონში, შემდეგ კი ვაშინგტონში წავიდა, სადაც საუდის არაბეთის უშიშროების ყოფილი  მეთაურის, პრინც თურკი ბინ-ფაისალის მრჩეველად მუშაობდა.

ხაშოგი 2007 წელს ისევ საუდის არაბეთში დაბრუნდა. ის მხარს უჭერდა ისლამისტურ ჯგუფებს, რომლებმაც 2011 წლის არაბული გაზაფხულის შემდეგ რამდენიმე ქვეყანაში ძალაუფლება მოიპოვეს. 2012 წელს კი სატელევიზიო არხის ,,ალარაბ ნიუსის” დირექტორად აირჩიეს, რომელსაც ყატარული ალ-ჯაზირასთვის კონკურენცია უნდა გაეწია, თუმცა, ბაჰრეინელი ოპოზიციონერის ეთერში მიწვევის გამო, არხი მაუწყებლობის დაწყებიდან 24 საათში დახურეს.

,,ჩვენ უკეთესს ვიმსახურებთ”

არხის დახურვის შემდეგ ხაშოგი საერთაშორისო მედია-სააგენტოებთან თანამშრომლობდა და ღიად აკრიტიკებდა საუდის არაბეთის რეჟიმს. მისი სამშობლოში ცხოვრება უკვე საშიში გახდა, ამიტომ 2017 წლის ზაფხულში საუდის არაბეთი დატოვა და აშშ-ში გაემგზავრა. ის ქვეყნის დატოვების გადაწყვეტილებას ასე ხსნიდა:

_ მე დავტოვე ჩემი სახლი, ოჯახი, სამსახური და გადავწყვიტე, ხმა ავიმაღლო. სხვანაირად მოქცევა იმ ადამიანების ღალატია, რომლებიც ციხეში იტანჯებიან. მე შემიძლია ლაპარაკი, როდესაც ძალიან ბევრს იგივე არ შეუძლია.

მინდა, იცოდეთ, რომ საუდის არაბეთი ყოველთვის ისეთი არ ყოფილა, როგორიც ახლაა და ჩვენ, საუდისარაბელები, უკეთესს ვიმსახურებთ.

ამერიკული კარიერა

ჯამალმა გაზეთ ,,ვაშინგტონ პოსტში” დაიწყო მუშაობა, სადაც საუდის არაბეთსა და ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე პოლიტიკური მოვლენებზე ყოველ თვეში სტატიებს აქვეყნებდა. თავის ქვეყანას აკრიტიკებდა იემენში ომისთვის. მისი კრიტიკის ქარცეცხლში განსაკუთრებით ხშირად ხვდებოდა პრინცი მუჰამედ ბინ-სალმან ალ საუდი. ხაშოგიმ ის ერთ-ერთ სტატიაში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინსაც კი შეადარა.

თავის უკანასკნელ სტატიაშიც, რომელიც 11 სექტემბერს გამოქვეყნდა, ჟურნალისტი აკრიტიკებდა საუდის არაბეთის აგრესიას იემენის მიმართ.

სამი უიღბლო ქორწინება და უკანასკნელი სიყვარული

ჯამალ ხაშოგი სამჯერ იყო დაქორწინებული და გაშორებული. ოთხივე შვილი პირველი ქორწინებიდან ჰყავდა. ოთხივენი აშშ-ში სწავლობდნენ, სამი ამერიკის მოქალაქეა, მაგრამ მამის მკვლელობის შემდეგ მათ საუდის არაბეთის ტერიტორიის დატოვება აეკრძალათ.

ჯამალ ხაშოგი 2018 წელს თურქ ჰატიჯე ჯენგიზზე დაინიშნა. საყვარელი ქალის გამო მან სტამბულში სახლიც კი შეიძინა.

ჯენგიზზე დაქორწინებისთვის მას საბუთი სჭირდებოდა საუდის არაბეთისგან, რომ მისი განქორწინებები დაედასტურებინა, რადგან  თურქეთში მრავალცოლიანობა აკრძალულია. ამ საბუთის ასაღებად ხაშოგი საუდის არაბეთის საკონსულოში, სტამბულში წავიდა და ამის შემდეგ გაუჩინარდა.

ჯამალ ხაშოგი - წამებით მოკლული ჟურნალისტი, რომელმაც მსოფლიო პროცესები შეცვალასაბედისწერო დღე

ხაშოგს საკონსულოში შეხვედრა 28 სექტემბერს ჰქონდა დანიშნული, თუმცა იმ დღეს შეხვედრა არ შედგა და ის საკონსულოში 2 ოქტომბერს დაიბარეს.

როგორც მისი საცოლე ,,ვაშინგტონ პოსტთან” ამბობს, ჟურნალისტს არ სჯეროდა, რომ თურქეთის ტერიტორიაზე რაიმე ცუდი შეემთხვეოდა,  მიუხედავად იმისა, რომ 28 სექტემბერს მას საკონსულოში დაემუქრნენ. ჯამალმა მაინც გადაწყვიტა, ჯენგიზი გაეფრთხილებინა და მას მობილური ტელეფონის ორი ნომერი დაუტოვა, რომ მისი გაუჩინარების შემთხვევაში თურქეთის პრეზიდენტ რეჯეპ ტაიპ ერდოღანის მრჩევლისთვის დაერეკა.

ჯენგიზი საქმროს საკონსულოსთან 10 საათის განმავლობაში ელოდებოდა. ამის შემდეგ მან სამართალდამცავებს აცნობა, რომ ხაშოგი გაუჩინარდა.

შემზარავი მკვლელობა

ამ საქმეში თავიდანვე გამოიკვეთა საუდისარაბელი მაღალჩინოსნების, განსაკუთრებით ტახტის მემკვიდრის, პრინც მუჰამედ ბინ-სალმან ალ საუდის ინტერესი, თუმცა საუდის არაბეთი ამ საქმესთან რამენაირ კავშირს უარყოფდა. ,,ბლუმბერგთან” საუბრისას პრინცი ირწმუნებოდა, რომ ჯამალმა საკონსულო მისვლიდან ერთი საათის შემდეგ დატოვა და მათ დასამალი არაფერი ჰქონდათ.

20 ოქტომბერს კი საუდის არაბეთის სახელმწიფო ტელევიზიით გავრცელდა ინფორმაცია, რომ ხაშოგი საკონსულოში ბოროტმოქმედთა ჯგუფთან ჩხუბისას დაიღუპა.

დასავლეთის პოლიტიკური ლიდერებისთვის ეს ვერსია სარწმუნო არ იყო, ამიტომ საუდისარაბელებმა ვერსია კიდევ შეცვალეს და ტელეკომპანია ,,როიტერთან” განაცხადეს, რომ ჟურნალისტმა წინააღმდეგობა გაუწია მისი საუდის არაბეთში იძულებით დაბრუნების მცდელობას და მოგუდვით გარდაიცვალა.

რა მოხდა საკონსულოში

თურქეთის ინფორმაციით, 15-კაციანი ჯგუფი კერძო თვითმფრინავით ერთი დღით ჩაფრინდა სტამბულში. იმ დღეს საკონსულოში  უსაფრთხოების კამერები მოხსნეს და ხაშოგის მოკვლის შემდეგ ქვეყანა დატოვეს.

პრეზიდენტი ერდოღანი ამბობს, რომ ეს ოპერაცია დიდი ხნით ადრე იყო დაგეგმილი. გავრცელებული ინფორმაციით, თურქეთს აქვს აუდიო მასალა, სადაც ხაშოგის მკვლელობაა ჩაწერილი, თუმცა ეს ჩანაწერი  ჯერჯერობით არ საჯაროვდება. ერთ-ერთი თურქი მაღალჩინოსნის ინფორმაციით, ხაშოგი მოკვლამდე აწამეს კიდეც. ამბობენ, რომ მისი ცხედარი ძვლის ელექტროხერხით დაანაწევრეს.

ხაშოგის დაკარგვის შემდეგ თურქი გამომძიებლები საკონსულოს შესამოწმებლად მივიდნენ, მაგრამ მათ შენობის კედლები ახალი გადაღებილი და ოთახები საგულდაგულოდ დალაგებული დახვდათ. გამომძიებლები მივიდნენ საუდის არაბეთის ელჩის სახლშიც, თუმცა ელჩი  გაქცეული დახვდათ.

პრინცი მუჰამედი ამ საქმესთან ყველანაირ კავშირს უარყოფს, თუმცა პოლიტიკური ლიდერების უმრავლესობას მისი უდანაშაულობის არ სჯერა.

დიპლომატიური ჩიხი

ამ შემზარავმა მკვლელობამ დღის წესრიგში დააყენა აშშ-ს მიერ საუდის არაბეთისთვის იარაღის მიყიდვის საკითხი. ამერიკელი პოლიტიკოსების უმრავლესობა ითხოვს, რომ იარაღის მიყიდვასთან დაკავშირებით საუდის არაბეთს სანქციები დაუწესონ.

მიუხედავად ასეთი მწვავე გამოხმაურებისა, ამერიკის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ის ენდობა პრინც მუჰამედს და არ აპირებს საუდისარაბელებთან მრავალმილიონიანი იარაღის გაყიდვის კონტრაქტის შეწყვეტას. ასეთი პოლიტიკის გამო ტრამპს აკრიტიკებენ როგორც  დემოკრატები, ასევე რესპუბლიკელები.

სიმწვავით გამოირჩეოდა სამხრეთ კაროლინელი სენატორის, რესპუბლიკელი ლინდზი გრეჰემის 5 დეკემბერს გაკეთებული განცხადება:

– პრინცი მუჰამედი შეშლილია. არ არსებობს იმის შანსი, რომ მას ამ მკვლელობის შესახებ არ სცოდნოდა. მისი ქვეყნის სათავეში დანიშვნის შემთხვევაში უნდა გადაიხედოს ჩვენი ურთიერთობა საუდის არაბეთთან.

ჯამალ ხაშოგის პოლიტიკური მკვლელობა ამ წლის ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული საქმეა, რომლის ზუსტი გრძელვადიანი შედეგების გამოცნობა ამ დროისთვის შეუძლებელია, თუმცა წარმოუდგენელია იმაზე ფიქრი, რომ ჟურნალისტზე თავდასხმის ასეთი შემზარავი ფაქტი რეაგირების გარეშე დარჩება.

ელენე გოგალაძე, ახალი თაობა