გურჯაანის რაიონულ სასამართლოში დავით კირკიტაძისთვის აღკვეთის ღონისძიების საკითხზე პროცესი დაგვიანებით დაიწყო. ამის მიზეზი კი ის არის, რომ დაცვის მხარის ადვოკატი სასამართლოში გვიან მივიდა. გიორგი კონდახაშვილმა 27 დეპუტატის მიერ ხელმოწერილი თავდებობის წერილიც წარადგინა, რათა დავით კირკიტაძეს არასაპატიმრო აღკვეთის ღონისძიება შეეფარდოს.
სხდომათა დარბაზში ნაციონალური მოძრაობის ლიდერები არიან, მათ შორის პროცესს ესწრება მიხეილ სააკაშვილის ძმა დავით სააკაშვილიც.
სასამართლოში ხმაურიც იყო. ნაციონალების წევრი, დეპუტატი თინა ბოკუჩავა სამართალდამცველებს დაუპირისპირდა.
ბოკუჩავა დავით კირკიტაძის სასამართლო პროცესზე შესვლას ითხოვდა, უსაფრთხოების სამსახური კი მას ამის საშუალებას არ აძლევდა, ვინაიდან სხდომათა დარბაზი სრულად სავსეა დამსწრეებით. რამდენიმეწუთიანი დაპირისპირების შემდეგ ბოკუჩავა სასამართლო დარბაზში შეუშვეს.
სასამართლოსთან პოლიციაა მობილიზებული. სასამართლოს მთელ პერიმეტრს სამართალდამცველები იცავენ.
მოძრაობა შეზღუდულია სასამართლოს მიმდებარე რამდენიმე ქუჩაზეც. პარალელურად სასამართლოსთან ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერები და ლიდერები იკრიბებიან.
როგორც შსს-ში განმარტავენ, პოლიციის მობილიზება მოქალაქეთა უსაფრთხოების და წესრიგის დაცვას უკავშირდება. გუშინ უწყებამ ამის შესახებ განცხადებაც გაავრცელა.
დავით კირკიტაძის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების სხდომა 10:30 საათზე დაიწყება. პროკურატურა პატიმრობას ითხოვს, ბრალდებულის ადვოკატი კი გირაოთი გათავისუფლებას.
დავით კირკიტაძეს ბრალი ოფიციალურად 19 დეკემბერს წარუდგინეს. კირკიტაძე შსს-მ პოლიციელზე თავდასხმის, ფიზიკური შეურაცხყოფისა და ქონების დაზიანების გამო 17 დეკემბერს გურჯაანში დააკავა. ამ დროს ის თანაგუნდელთან, ნიკა მელიასთან ერთად იყო.
იმედინიუსი

