ლომჯარია – “მირთაგ ასადოვის დაკავების გარემოება საეჭვო იყო”

ლომჯარია - "მირთაგ ასადოვის დაკავების გარემოება საეჭვო იყო"სახალხო დამცველი მუსლიმი თემის სულიერი ლიდერის მირთაგ ასადოვის მიერ საქართველოს ხელისუფლების მიმართ გამოთქმულ ბრალდებებს ეხმაურება. ასადოვი არ გამორიცხავს, რომ მისი ბაქოში დაკავების უკან, შესაძლოა საქართველოს ხელისუფლება იდგეს.

ნინო ლომჯარია ამბობს,რომ ასადოვის დაკავებაზე სახალხო დამცველის აპარატი ინფორმირებული იყო, თუმცა მასთან შეხვედრა არ შემდგარა.

სახალხო დამცველის განცხადებით, დეტალებზე საუბარს მას შემდეგ შეძლებს რაც გათავისუფლებულ ასადოვს შეხვდება, თუმცა ფიქრობს, რომ დაკავების გარემოება საკმაოდ საეჭვო იყო. ლომჯარიას თქმით, როგორც ცნობილია, ასადოვის მხრიდან სამართალდარღვევა არ მომხდარა.

„ასადოვის დაკავებისთანავე ვიყავით ინფორმირებულები, მოგვაწოდეს ინფორმაცია. ამ ეტაპამდე არ გავსაუბრებივარ, მასთან შეხვედრის შემდგომ მეტი ინფორმაცია მექნება. რა თქმა უნდა, დაკავების გარემოება საკმაოდ საეჭვოა, როგორც ცნობილია არ ხორციელდებოდა მისი მხრიდან სამართალდარღვევა.  ის მაინც ადმინისტრაციული მუხლით იყო დაკავებული. მას შემდეგ რაც შევხვდებით უფრო მეტი დეტალები გვექნება. რადგან აზერბაიჯანში დააკავეს ჯერჯერობით პირდაპირ  კავშირზე და გარიგებაზე ვერაფერს ვერ ვიტყვი,“-ამბობს ნინო ლომჯარია.

მირთაგ ასადოვი არ გამორიცხავს, რომ მისი დაკავების უკან საქართველოს ხელისუფლება იდგეს. ასადოვი ამბობს, რომ ბაქოში დაკავების შემდეგ, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, მისი საქმით არ დაინტერესებულა.

მუსლიმი თემის ლიდერი, რომელიც ხელისუფლებას ხშირად აკრიტიკებდა, 7 ნოემბერს წვრილმანი ხულიგნობისთვის დააკავეს და ბაქოში გადაიყვანეს. ასადოვიმომხდარის გასაჩივრებას სტრასბურგში გეგმავს.

ასადოვის ბრალდებებს უსაფუძვლო უწოდეს დღეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში.

რუსთავი 2