მაიკლ კოენი – ,,ტრამპისადმი ერთგულებამ მაიძულა, მევლო სიბნელის გზით”

მაიკლ კოენი - ,,ტრამპისადმი ერთგულებამ მაიძულა, მევლო სიბნელის გზით"ამერიკის პრეზიდენტ დონალდ ტრამპისთვის დეკემბერი ცუდად დაიწყო, მის საწინააღმდეგოდ სულ უფრო მეტი მტკიცებულება ჩნდება, რომლებმაც შეიძლება მისი პოლიტიკური კარიერა იმპიჩმენტით დაასრულოს.

ტრამპის საყვარლების მოსყიდვა

5 დეკემბერს ტრამპის ყოფილ პირად ადვოკატ მაიკლ კოენს სამწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს.

კოენმა სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ „პრეზიდენტის ბინძური საქმეების დამალვას საკუთარ მოვალეობად მიიჩნევდა“.

მაიკლ კოენმა ემოციურად მოიხადა ბოდიში სასამართლოს წინაშე იმისთვის, რომ ტრამპის სქემაში ჩაერთო და მოისყიდა ორი ქალი _ პორნო ვარსკვლავი სტორმი დენიელსი და ,,პლეიბოის” მოდელი კარენ მაკდუგალი. სტორმი დენიელსს 150 ათასი დოლარი გადაუხადეს, კარენ მაკდუგალს _ 130 ათასი დოლარი.

ამერიკული პრესის მიხედვით, ტრამპმა ამ ქალებთან სასიყვარულო ურთიერთობა მაშინ გააბა, როცა უკვე მელანია ტრამპზე იყო დაქორწინებული, კოენმა კი მის საყვარლებს ფული იმისთვის გადაუხადა, რომ პრესასთან ამ საკითხზე არ ელაპარაკათ, რადგან ეს სკანდალი ტრამპს 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შანსს დაუკარგავდა.

_ ყველა დანაშაული შეიცავდა თაღლითობის ელემენტებს და მოტივირებული იყო პირადი ამბიციითა და სიხარბით, _ განაცხადა მოსამართლე უილიამ პოლი მესამემ.

მაიკლ კოენი მართლაც მოიაზრებოდა მომავალი პრეზიდენტის ადმინისტრაციის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ფიგურად, მაგრამ ამ სკანდალში მისი მონაწილეობის გამო სასურველი თანამდებობა ვეღარ მიიღო.

მოსამართლე პოლიმ ასევე დაამატა, რომ კოენმა საპრეზიდენტო კამპანიის ფინანსური კანონების დარღვევით, კონგრესის მოტყუებითა და გადასახადებისაგან თავის არიდებით ქვეყნის დემოკრატიულ ინსტიტუტებს დიდი ზიანი მიაყენა.

გარიგება – 30 მილიონიანი პენტჰაუსი პუტინს           

კოენი ორ განსხვავებულ საქმეში ცნეს დამნაშავედ. ერთი საქმე (ქალების მოსყიდვა) მანჰეტენის ფედერალური პროკურორის წარდგენილი იყო, მეორე _ სპეციალური გამომძიებლის, რობერტ მიულერის, რომელიც 2016 წლის არჩევნებში რუსეთის ჩარევის საქმეს იძიებს.

მიულერის მიერ წარმოებული გამოძიების მიხედვით, ტრამპი მოსკოვში „ტრამპ თაუერის“ აშენების უფლების სანაცვლოდ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს ჰპირდებოდა, რომ 30 მილიონის ღირებულების პენტჰაუსს გადასცემდა.

_ მე საკუთარ თავს ვადანაშაულებ იმ ქმედებებში, რომლებმაც დღეს აქ მომიყვანა. ეს იყო ჩემი სისუსტე და ბრმა ერთგულები ამ კაცისადმი (ტრამპს გულისხმობს, რედ.შენ.), რამაც მაიძულა, რომ სიბნელის გზა ამერჩია და არა სინათლის, _   განაცხადა კოენმა სასამართლოზე და საზოგადოებასაც მოუბოდიშა, _ თქვენ სიმართლის ცოდნას იმსახურებთ და თქვენი მოტყუება უსამართლობა იყო.

,,სერიული მატყუარა”

პრეზიდენტ ტრამპის ამჟამინდელმა ადვოკატმა, რუდი ჯულიანიმ, რომელიც 1994 წლიდან 2001 წლამდე ნიუ იორკის მერი იყო, კოენის სიტყვებს, რომ მან ყველაფერი ტრამპის ერთგულების გამო გააკეთა, სიცრუე უწოდა.

_ ვწუხვარ იმის გამო, რაც მას დაემართა. ის პათეტიკური, სერიული მატყუარაა, _ განაცხადა ჯულიანიმ.

ფედერალურმა აგენტებმა აპრილში კოენის სახლი და ოფისი გაჩხრიკეს. მან სწორედ ამის შემდეგ განაცხადა, რომ ტრამპის იდეა იყო დენიელსისა და მაკდუგალისთვის თანხის გადახდა.

ტრამპმა თავდაპირველად თქვა, რომ ამის შესახებ არაფერი იცოდა, რამდენიმე დღის წინ კი განაცხადა, რომ ეს პირადი ტრანზაქციები იყო და საარჩევნო კამპანიის თანხებთან კავშირი არ ჰქონდა. მან ასევე დაამატა, რომ მაშინაც კი, თუ გადახდა კამპანიის თანხებით მოხდებოდა, ეს სამოქალაქო კანონდარღვევა იქნებოდა და არა _ კრიმინალური.

იმის შემდეგ, რაც კოენის გამოძიება დაიწყო, ტრამპმა მას დაცინვით სუსტი ადამიანი უწოდა, რომელიც პროკურორებს ინფორმაციებს აძლევდა, რომ საკუთარი სასჯელის ვადა შეემცირებინა. თუმცა კოენს მსგავსი შეთანხმებისთვის ხელი არ მოუწერია. საარჩევნო კამპანიის დროს ფინანსური დარღვევების გარდა, კოენმა ასევე აღიარა გადასახადების დამალვა, ბანკებისა და კონგრესის მოტყუება.

პატიმრობა და ორმილიონიანი ჯარიმები

კოენის ადვოკატების თქმით, მათი დაცვის ქვეშ მყოფმა გამოძიებას ბევრი ინფორმაცია მიაწოდა, ამიტომ სასჯელს არ იმსახურებდა.

_ მაიკლ კოენმა ხმა აღიმაღლა და ამ ქვეყანაში ყველაზე გავლენიანი ადამიანის წინააღმდეგ მტკიცებულებები წარმოადგინა, იმის მიუხედავად, რომ არ იცოდა, როგორ განვითარდებოდა მოვლენები და გაგრძელდებოდა თუ არა სპეციალური გამომძიებლის, მიულერის მოკვლევა, _ აღნიშნა კოენის ადვოკატმა გაი პეტროლომ.

მოსამართლემ კი განაცხადა, რომ კოენის მიწოდებული ინფორმაცია სასარგებლო იყო, თუმცა არა – ამომწურავი და მას 3 წელი მიუსაჯა ნიუ იორკის შტატში ჩადენილი დანაშაულებისთვის და 2 თვე – კონგრესის მოტყუებისთვის. მას დაახლოებით 2 მილიონი დოლარის ჯარიმების გადახდაც დაეკისრა.

მოსამართლის გადაწყვეტილებით, კოენმა სასჯელის მოხდა 6 მარტს უნდა დაიწყოს.

სასჯელის გამოცხადებიდან 20 წუთის შემდეგ კოენმა ჟურნალისტებთან მოკლე კომენტარი გააკეთა, რომ მის მიერ ჩადენილი ყველა ქმედების გამო პასუხისმგებლობას გრძნობდა. ამის შემდეგ სასამართლოს შენობა ჯერ მისმა ცოლმა და შვილებმა დატოვეს, ბოლოს კი _ მან და მისმა ადვოკატებმა.

  ელენე გოგალაძე, ახალი თაობა