შინაგან საქმეთა მინისტრი, გიორგი გახარია კანონმდებლების წინაშე 14:00 საათზე წარსდგება. მინისტრს ოპონენტების მწვავე კრიტიკის და კითხვების მოსმენა მოუწევს.
ხელისუფლების ოპონენტებს გახარიასთან არაერთი შეკითხვა აქვთ, იქნება ეს ოპოზიციის რეპრესიები, ველისციხესთან განვითრებული მოვლენები, არჩევნების გაყალბების ფაქტები თუ თავად მინისტრის როლი წინასაარჩევნო კამპანიაში.
თინა ბოკუჩავას თქმით, გიორგი გახარია დიდი ხნის გადამდგარი უნდა იყოს.
„ვკითხავთ მას რატომ არ გამოიძიეს და არ დასაჯეს შესაბამისი პირები სარალიძისსაქმეზე, მაჩალიკაშვილის საქმეზე, მუხთარლის გატაცებაზე, ახალქალაქში გაერთიანებული ოპოზიციის უმოწყალო ცემაზე, ონში მათ შორის მინისტრის მოადგილე საბანაძის მამის მიერ ჩადენილ დანაშაულებრივ ქმედებაზე,კინაღამ გარდაიცვალა ადამიანი, ქალბატონია ია კერზაიას გარდაცვალებაზე… უმარავი ძალიან მწვავე კითხვაა, მაგრამ მე არ ველოდები რომ მივიღებთ რეალურ პასუხებს“- განაცხადა თინათინ ბოკუჩავამ.
ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდების საქმე იქნება მთავარი რაზეც სხდომაზე „ევროპულ საქართველო“ გაამახვილებს ყურადღებას.
„დაგროვდა უმწვავესი პრობლემები ადამიანის უფლებების დარღვევის, უკანონო ბრძანების გაცემის, კონსტიტუციის დარღვევის, ოპოზიციის რეპრესიების და ასევე ხორავას ქუჩის საქმეში პირადი ვალდებულება და პასუხისმგებლობა გახარიასი,რომელმაც პირადად და “ქართულ ოცნებასთან” ერთად თითიც არ გაანძრია აქამდე იმისთვის რომ პარლამენტის საგამოძიებო კომისიის მიერ დავალებული, დასაბუთებული რეკომენდაციები შეესრულებინა.
ის ვალდებული იყო პარლამენტში მოსულიყო და გაეცა კითხვებზე პასუხი და რა თქმა უნდა, ჩვენ დღეს ძალიან მწვავედ მოვთხოვთ ყველა ამ კითხვაზე პასუხს,“-ამბობს “ევროპული საქართველოს” წევრი, დეპუტატი ხოშტარია.

