“ნაჯახებით და იარაღით შემოვარდა 4 პირი, დაცვის წევრი სახის არეში დაიჭრა…” – საქართველოს ბანკზე თავდასხმის ახალი დეტალები

"ნაჯახებით და იარაღით შემოვარდა 4 პირი, დაცვის წევრი სახის არეში დაიჭრა...” - საქართველოს ბანკზე თავდასხმის ახალი დეტალებიშეიარაღებული თავდასხმა „საქართველოს ბანკზე“ – ვაზისუბნის ექსპრეს ფილიალი ამ დრომდე ყვითელი ლენტებით არის შემოსაზღვრული და ადგილზე პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟია მობილიზებული.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, ჯერჯერობით არავინ დაუკავებიათ. სამართალდამცველები ძაღლების მეშვეობით თავდამსხმელების კვალზე გასვლას ცდილობდნენ. ექსპრესფილიალიდან თავდამსხმელებმა თანხის წაღება შეძლეს, თუმცა ზუსტი რაოდენობა ჯერჯერობით უცნობია.

როგორც თვითმხილველები ამბობენ, ცეცხლსასროლი იარაღით და ნაჯახებით შეიარაღებული 4 ნიღბიანი შენობაში იმ დროს შეიჭრა, როდესაც „საქართველოს ბანკში“ მომხმარებლები და იქდასაქმებული ადამიანები იმყოფებოდნენ.

“ნაჯახებით და იარაღით იყვნენ, დაცვის წევრი სახის არეში დაიჭრა… 4 პირი იყვნენ და გაიქცნენ”, – ამბობს თვითმხილველი.

„კლიენტი შემოვიდა და ყაჩაღობააო და რაღაც ქენითო, მოიმოქმედეთო. მე ვუთხარი, მე ვარ უსაფრთხოებიდან. მე ვუთხარი სალაროები გახსენით, ჩქარა თანხა შეიტანეთ, მენეჯერის ოთახში დაკეტეთ-მეთქი და ვსიო, ეგ იყო,“ – ამბობს ერთ-ერთი თვითმხილველი.

დაშავებულია ბანკის უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელი. მას დაზიანება შუბლის არეში აქვს მიყენებული, სასწრაფო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით აღიძრა, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.

რუსთავი 2