ნათელა გობაძე – ”ვეფხია ბაქრაძემ შვილი მცირეწლოვანი ბავშვების თვალწინ მომიკლა, ის უვადო პატიმრობას იმსახურებს”

ნათელა გობაძე - ”ვეფხია ბაქრაძემ შვილი მცირეწლოვანი ბავშვების თვალწინ მომიკლა, ის უვადო პატიმრობას იმსახურებს”ვეფხია ბაქრაძემ შვილი მცირეწლოვანი ბავშვების თვალწინ მომიკლა. რა თქმა უნდა, ეს არის სისასტიკე! ის იმსახურებს უვადო პატიმრობას, – აღნიშნულის შესახებ ჟურნალისტებს პროცესის დასრულების შემდეგ ბარნოვზე მოკლული 25 წლის თამარ გამრეკელაშვილის დედამ, ნათელა გობაძემ განუცხადა.

როგორც ის განმარტავს, მკვლელობა რომ ნამდვილად სისასტიკით არის ჩადენილი, ეს ექსპერტიზამ დაადასტურა.

„დღევანდელი პროცესი ძალიან მძიმე მოსასმენი იყო, შოკირებული ვარ. ბრალდებულმა ჩაიდინა დანაშაული. ამბობს, რომ ბავშვები არ იყვნენ, ეს სრული აბსურდია. ბავშვი დაიკითხა და სასამართლოში მოყვა რა, როგორ იყო. თავის დაცვის მიზნით მის ადვოკატთან ერთად რაღაცას მოიმოქმედებს. ადვოკატი იცავს, მაგრამ რას იცავს, ვის იცავს და როგორ?

ამბობს თითქოს, ბავშვები არ იყვნენ და ჩემმა შვილმა იძალადა. ძალიან ბევრი უაზრობა მოვისმინე მისი მხრიდან. იმედი მაქვს, სასამართლო სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს.

მან შვილი მომიკლა და ამის გამო უნდა დაისაჯოს. შვილი მომიკლა თავისი მცირეწლოვანი ბავშვების თვალწინ, ეს არის სრული სიმართლე. რა თქმა უნდა, ეს არის სისასტიკე! ის იმსახურებს უვადო პატიმრობას”, – აცხადებს ნათელა გობაძე.

შემდეგი სასამართლო სხდომა 10 დეკემბერს, 14:00 საათზე დაცვის მხარის დასკვნითი სიტყვით გაგრძელდება.

შეგახსენებთ, რომ თამარ გამრეკელაშვილი მიმდინარე წლის 13 აპრილს, თბილისში, ბარნოვის ქუჩაზე მოკლეს. მას ყელი ჰქონდა გამოჭრილი. აღნიშნულ დანაშაულზე სამართალდამცავებმა მოკლულის მამინაცვალი, ვეფხია ბაქრაძე 14 აპრილს, თელეთში დააკავეს. ის მიმალვაში იმყოფებოდა.

გამოძიება 11 პრიმა 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახში ძალადობის ნიადაგზე ჩადენილ განზრახ მკვლელობას დამამძიმებელ გარემოებაში გულისხმობს. აღნიშნული მუხლი 16-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.

ინტერპრესნიუსი