წავკისში მომხდარი საზარელი მკვლელობის საქმეზე დაკავებულებს ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს. ყოფით ნიადაგზე დაწყებული დაპირისპირება, გუშინწინ ღამით, ორი ახალგაზრდა კაცის მკვლელობით დასრულდა.
დაკავებულ მამა-შვილს, ნიკოლოზ და გიორგი აბულაძეებს გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას და მკვლელობის მცდელობას ედავება, თუმცა ისინი დუმილის უფლებას იყენებენ და ბრალს არ აღიარებენ.
დანაშაულის შეუტყობინებლობას აღიარებს მესამე დაკავებული ანრი ყურაშვილი, თუმცა ამბობს, რომ მან მკვლელობის ადგილას მეგობრები ავტომანქანით მიიყვანა და არაფერი დაუნახავს.
მკვლელობა წავკისში 23 დეკემბერს გვიან ღამით მოხდა. გარდაცვლილები ბიძაშვილები არიან -დავით და ლექსო ფეიქრიშვილები. მათ სასიკვდილო ჭრილობები ცივი იარაღით მიაყენეს.
დაპირისპირების მიზეზი ამ მკვლელობამდე რამდენიმე დღით ადრე მომხდარი ავტოავარია გახდა. ლექსო ფეიქრიშვილი ზარალის ანაზღაურებას ითხოვდა.
„ქრონიკის“ ინფორმაციით, პოლიციამ სავარაუდო დამნაშავეები სარფის საბაჟოსთან მაშინ დააკავა, როცა ისინი საქართველოს დატოვებას ცდილობდნენ.
იმედინიუსი

