ფულის გამოძალვა სექსუალური ორიენტაციის გამჟღავნების მუქარით – დააკავეს 1 პირი

ფულის გამოძალვა სექსუალური ორიენტაციის გამჟღავნების მუქარით - დააკავეს 1 პირიშინაგან საქმეთა სამინისტრომ სექსუალური ორიენტაციის შესახებ ინფორმაციის გასაჯაროების მუქარით ჩადენილი გამოძალვისთვის თბილისში ერთი პირი დააკავა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის, დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1983 წელს დაბადებული ზ.ს. გამოძალვის ბრალდებით დააკავეს.

მათივე ინფორმაციით, ჩადენილი დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ზ.ს. რამდენიმე თვის განმავლობაში ზ.პ.-ს დიდი ოდენობით თანხას სძალავდა. თანხის არგადაცემის შემთხვევაში კი – ბრალდებული დაზარალებულს პატივისა და ღირსების შემლახველი ინფორმაციის, კერძოდ, მის სექსუალურ ორიენტაციასთან დაკავშირებული ინფორმაციის გავრცელებით ემუქრებოდა.

გამოძიება გამოძალვის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს.