“რიჟვაძე საკონტროლო გასროლით დამემუქრა და თანაგუნდელებმა არ დამიცვეს” – ჯელალ ქიქავა გაერთიანებულ ოპოზიციაზე ნაწყენია  

"რიჟვაძე საკონტროლო გასროლით დამემუქრა და თანაგუნდელებმა არ დამიცვეს" - ჯელალ ქიქავა გაერთიანებულ ოპოზიციაზე ნაწყენია  ხელისუფლების წარმომადგენლები აშკარა მუქარაზე გადავიდნენ. ისინი ოპონენტებს ჰპირდებიან, რომ მათ ცხვირში მოხვდებათ. ამ მხრივ თავი განსაკუთრებით აჭარის მთავრობის მეთაურმა თორნიკე რიჟვაძემ გამოიჩინა. მან პირობა დადო, რომ პირადად იძიებდა შურს.
შურისძიების განწყობაზე ყმაწვილკაცი ოპოზიციონერმა ჯელალ ქიქავამ დააყენა. ქიქავამ რევოლუციაზე საუბრისას 2017 წელს ბათუმში მომხდარი არეულობა გაიხსენა. მან ის პერიოდიც გაიხსენა, როცა აჭარა თურქებს ჰქონდათ მიტაცებული. ქიქავამ თქვა, რომ აჭარლები მშვიდობიანი ხალხია და ისინი ქუჩაში მაშინაც კი არ გამოვარდნილან, როცა დამპყრობელი ქართველ ქალებს აუპატიურებდა.
თორნიკე რიჟვაძემ ეს აჭარლების შეურაცხყოფად ჩათვალა და შურისძიებით დაიმუქრა. ჩვენთან საუბარში ქიქავა ამბობს, რომ მას აჭარლების შეურაცხყოფა არც კი უფიქრია.
ელოდება თუ არა რიჟვაძისგან ანგარიშსწორებას, როგორ აპირებს თავის დაცვას, რატომ გაემიჯნა გაერთიანებულ ოპოზიციას? – ამის შესახებ ჯელალ ქიქავა “ახალ თაობას” ესაუბრება.
– ბოლო დღეებში ხელისუფლების წარმომადგენლები აშკარა ძველბიჭობაზე გადავიდნენ. ოპონენტებს პირდაპირ ასე მიმართავენ – ცხვირში მოგხვდება, შურს ვიძიებ. თქვენი აზრით, რა ხდება, რამ გაამწარა და გადარია ეს ხალხი?
– არაფერიც არ ხდება, ეს არის ქოცების ბუნებრივი მდგომარეობა. მათგან მსგავსი განცხადებები არ გვიკვირს. თქვენ ის უნდა ნახოთ, რანაირი საუბრის მანერა აქვს რიჟვაძეს. ასე საუბრობს, ჩემი დედა სიმონ….. ამის შვილი ვიყო სიმონ,.,,,
კაცი ასე რომ ლაპარაკობს, იმისგან რატომ გიკვირთ, რომ გაიხაძის, შურს ვიძიებო.
– ოპონენტებს პირადი შურისძიებით ასლან აბაშიძე თუ ემუქრებოდა? მის სისატიკეზე ლეგენდები დადიოდა.
– ასლანის დაუძინებელი მტერი ვიყავი, მაგრამ შურისძიებით არასდროს დამმუქრებია არც მე და არც სხვას. არადა, სამაგიეროს გადახდა შეეძლო, ამის ერთი ადგილი ნამდვილად ჰქონდა. იმხელა ჰქონდა ეგ ადგილი, რამხელაც რიჟვაძეა მთლიანად.
ასლანას დამუქრება არ გოუბედია, მაგრამ მოვიდა, სახლი დამირბია და მანქანა დამიმტვრიეს.
– არც სახლის დარბევა და მანქანის დამტვრევაა კარგი ამბავი.
– კარგი როგორ არის. ასლანი სამაგიეროს გადაგიხდიდა, მაგრამ საჯაროდ არასდროს დაგემუქრებოდა. პირიქით აკეთებდა.
– რას აკეთებდა პირიქით?
– თეატრში კრიბავდა ხალხს და იქ ოპონენტებზე ამბობდა, ჩემი ნათესავია, ჩემი მეგობრის შვილია.
“ოცნებამ” სულ სხვანაირი ხალხი დასვა ხელისუფლებაში. ადამიანს ბიბლიოთეკის მმართველის დონე არა აქვს და ამხელა რეგიონის მართვა რანაირად უნდა ჩააბარო.
არც მე და არც სხვა ოპონენტები შარზე კი არ ვართ, როცა ვიძახით, რომ ასეთი ხალხის მაღალ თანამდებობაზე დანიშვნა არ შეიძლება.
– მოდით, ჩვენი საუბრის მთავარ თემას დავუბრუნდეთ. რიჟვაძე მიიჩნევს, რომ თქვენ აჭარლებს შეურაცხყოფა მიაყენეთ და ამიტომ დაგემუქრათ შურისძიებით.
– აჭარლებს შემევევლე მე, რაის შეურაცხყოფა მივაყენე. ეს ამგენმა მოიგონეს. რაზეც ახლა შარი ამიტეხეს, ეგი მანამდე ხუთჯერ მაინც მაქვს ნათქვამი. და ვინც ახლა რაღაცებს ყვირის, შემეჯიბროს აჭარლობაში.
ან ვინ ატეხა ამბავი? მაყვირლების 90% ბოტები იყვნენ. ამ ბოტებს ხელისუფლება ოპონენტების წინააღმდეგ იყენებს.
– აჭარის რეგიონში მაცხოვრებლები როგორ შეხვდნენ თქვენს განცხადებას?
– არავისთვის შეურაცხყოფა არ მიმიყენებია და რატომ ეწყინებოდათ. თან იმგენმა იციან ჩემი საუბრის მანერა. “ოცნებამ” ეს ხელზე დაიხვია, ამბავი ატეხა და შეეცადა, ხალხის ყურადღება სხვა თემებზე გადაეტანა.
– სხვა თემებზე ხალხის ყურადღების გადატანა რაში სჭირდებათ?
– რაში და ეშინიათ. ხომ ხედავ, როგორ ზეიმობენ არჩევნების შედეგებს – ტრუსიკიანა შავები აცვიათ.
– შავები რატომ აცვიათ?
– იციან, რაც მოუვათ, არ არიან ისეთი ბებრები, არ ახსოვდეთ, რა მოხდა 2003 წელს.
– ვარდების რევოლუციას გულისხმობთ?
– მაგას ვგულისხმობ და ეგ რევოლუცია სწორედ არჩევნების გაყალბებას მოჰყვა. ამ ეტაპზე არაფერი არ შეიცვლება. არც 16 დეკემბერს დაგეგმილი აქცია შეცვლის რამეს (ინტერვიუ 14 დეკემბერსაა ჩაწერილი). ეს ყველაფერი მე სისულელე მგონია და მაგიტომაც არ წავალ მაგ აქციაზე.
– იმიტომ არ მიდიხართ, რომ არაფერი არ შეიცვლება?
– არ მივდივარ იმიტომ, რომ ლიჩნად მე გუნდმა არ დამიცვა.
– სად არ დაგიცვათ?
– რიჟვაძის განცხადებაზე არ ჰქონიათ რეაქცია. არადა აჭარის მთავრობის მეთაური შურისძიებით და საკონტროლო გასროლით დამემუქრა.
თქვენ გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერებისგან რაიმე განცხადება გაიგონეთ? მე არაფერი გამიგია.
– მურმან დუმბაძემ საფუძვლიანად დაგმო რიჟვაძე.
– მურმან დუმბაძე ჩემი მეგობარია, ეკუთვნოდა ამ განცხადების გაკეთება და გააკეთა.
– ამ მუქარასთან დაკავშირებით სამართალდამცავებს არ მიმართეთ?
– რა აზრი აქვს, რომ მივმართო? რამდენიმე თვის უკან, ქოცების 12 ზონდერმა მცემა და ვინ აგო ამაზე პასუხი.
– გაემიჯნეთ გაერთიანებულ ოპოზიციას?
– გამიჯნული არა ვარ, მაგრამ 16 დეკემბრის აქციაში მონაწილეობისგან თავს ვიკავებ. იმ ხალხთან როგორ მივიდე, რომელმაც არ დამიცვა.
– იქნებ გამორჩა თქვენს თანამებრძოლებს რიჟვაძის განცხადება?
– რას ჰქვია გამორჩა? ხომ ნახეთ, რამხელა აჟიოტაჟი მოჰყვა ამას? სახალხო დამცველმა ატეხა ერთი ამბავი. ჟურნალისტებმა პრემიერს ჰკითხეს ჩემს შესახებ.
გაერთიანებულ ოპოზიციას არც თაკო ჩარკვიანზე თავდასხმაზე ჰქონდა სათანადო რეაქცია. დასკვნა ერთია – ეგენი ვერ იცავენ გუნდს.
– რიჟვაძის განცხადების შემდეგ თუ გქონდათ ლიდერებთან საუბარი?
– არა და არც ვაპირებ.
– გამოდის, რომ მარტო რჩებით, ამ მწვავე განცხადებების შემდეგ როგორ დაიცავთ მარტო თავს?
– მთელი ცხოვრება სულ მარტო ვიცავდი თავს, არავის დაცვა არ მჭირდება. ერთი რამე შემიძლია ვთქვა და ასე დაწერეთ პირდაპირ – მიხეილ სააკაშვილი რომ იტყვის, შემოვდივარ ქვეყანაში და დამხვდითო, რა ადგილსაც დაასახელებს, იქ დავხვდები.
– გამოდის, რომ გაერთიანებულ ოპოზიციასთან აღარ ხართ.
– ასე გამოდის. ეს ისინი არ მთვლიან მე თავისი გუნდის წევრად, რომ ჩავეთვალე, რაღაცას მაინც იტყოდნენ.
მაგათ გამო მე ბევრი განცხადება მაქვს გაკეთებული. აკლებული ქონდათ ქოცებს ქვეყანა, ნაცები კაცებს აუპატიურებდნენო. ისეთი რამეები ვთქვი ამ თემაზე ტვ პირველის ეთერში, მის მერე ქოცები გაუპატიურებაზე ხმას ვერ იღებენ.
ჩემ დასაცავად თუ არ ამოიღეს ხმა, მეც აღარ ვიტყვი არაფერს. არავისთან შესატენი არა მაქვს, იქეთ შემეტენოს ყველა.

შორენა მარსაგიშვილი, ახალი თაობა