სანდრო ბარამიძე სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ – “სამარცხვინოა!”

სანდრო ბარამიძე სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ - "სამარცხვინოა!"იუსტიციის მინისტრის ყოფილი მოადგილე, ალექსანდრე ბარამიძე, საჯარო მოხელეების შესახებ კანონში შესატან ცვლილებებს ეხმაურება და მმართველი გუნდის ინიციატივას “სამარცხვინოს” უწოდებს.

ბარამიძე არ გამორიცხავს, რომ ინიციატივა უშუალოდ სალომე ზურაბიშვილისგან მოდიოდეს.

მისივე თქმით, საჯარო სამსახურის შესახებ 2015 წელს მიღებული ახალი კანონი ერთ-ერთი მთავარი მიღწევა იყო, რომლის შესრულების შემდეგ საქართველომ ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა მოიპოვა.

„უვიზო მიმოსვლის რეჟიმი – ამის ერთ-ერთი მთავარი განმაპირობებელი ფაქტორები იყო სხვა კანონებთან ერთად საჯარო სამსახურების შესახებ სხვა კანონის მიღება. ახლა გამოდის, რომ იმ კანონპროექტით, რომელიც ახლა ინიცირებულია პარლამენტში პრეზიდენტის ადმინისტრაციის, ფაქტობრივად, ყველა თანამშრომელი ამ რეჟიმისგან გადის გარეთ, ანუ ისინი უკვე არ ექვემდებარებიან ამ პროგრესულ კანონს. განმარტებითი ბარათი არის უპრეცედენტოდ ლაკონიური, არაფერი წერია საერთოდ, როგორც ჩანს, ახლადარჩეული პრეზიდენტის სურვილია ასეთი,“- ამბობს ბარამიძე.

ცვლილების მიხედვით, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყველა თანამშრომელი ვალდებული ხდება ხელშეკრულება გააფორმოს, შესაბამისად, მათ საჯარო მოხელის სტატუსი გაუუქმდებათ და კანონი, როგორც საჯარო მოხელეებს, ვეღარ დაიცავს.

ცვლილებები სალომე ზურაბიშვილის უფლებას აძლევს, თანამშრომლები კონკურსის გარეშე აიყვანოს.

ნიუპოსტი