არასრულწლოვანზე ძალადობის ბრალდებით გორის რაიონში, ერთ-ერთ დევნილთა ჩასახლებაში 30 წლამდე მამაკაცი დააკავეს.
„ნიუპოსტის“ კორესპონდენტის ცნობით, ახალგაზრდა მამაკაცს გამოძიება ცოლის დის შვილის ცემას ედავება. როგორც დაკავებულის მეზობლები „ნიუპოსტს“ უყვებიან, მამაკაცი ბავშვზე სისტემატიურად ძალადობდა. სავარაუდო მოძალადის დაკავების შემდეგ, ძალადობის მსხვერპლი და მისი ძმა ხაშურის საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლში გადაიყვანეს.
“ობლები არიან ბავშვები, დეიდა ზრდიდა. ჩვენ ვიცით, რომ ხშირად ძალადობდნენ. აგინებდა ბიძამისი, ცემდა ბავშვებს. საშინელება ხდებოდა. გუშინ იყო პოლიცია, გამოკითხეს ბავშვებიც, დიდმა გოგომ მოუყვა ყველაფერი“-აცხადებს ერთ-ერთი ადგილობრივი, რომლის ვინაობასაც შეგნებულად არ ვასახელებთ.
შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გორის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა 1992 წელს დაბადებული ი.ს. წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის თანდასწრებით არასრულწლოვანზე განხორციელებული ოჯახში ძალადობის ბრალდებით, გორის მუნიციპალიტეტში დააკავეს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს.
მათი ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა თავის საცხოვრებელ სახლში მცხოვრებ, 2010 წელს დაბადებულ, უდედ-მამოდ დარჩენილ ცოლის დისშვილს, ოჯახის სხვა არასრულწლოვანი წევრის თანდასწრებით, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.
პოლიციამ ი.ს. საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე დააკავა. შსს-ს ცნობით, ძალადობის მსხვერპლი არასრულწლოვანი და აღნიშნული ძალადობის შემსწრე მისი და-ძმა კი სოციალური სააგენტოს თანამშრომლებმა სოციალური მომსახურების სააგენტოს საოჯახო ტიპის სახლში გადაიყვანეს.
გამოძიება წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის თანდასწრებით არასრულწლოვანზე განხორციელებულ ოჯახში ძალადობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს. ჩადენილი დანაშაული 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

