“არავინ არა სცემდა, ვინცა თქვა, ეგენია მოსყიდული ხალხი” – რას ყვება გარდაცვლილი 4 წლის გოგონას მამინაცვალი

"არავინ არა სცემდა, ვინცა თქვა, ეგენია მოსყიდული ხალხი" - რას ყვება გარდაცვლილი 4 წლის გოგონას მამინაცვალიგარდაცვლილი ბავშვის მამინაცვალი გოგონაზე ძალადობას უარყოფს. არკადი ზალაშვილი პირველ კომენტარს აკეთებს და ამბობს, რომ 4 წლის გოგონა ბოლო დროს ცუდად იყო და ის ბუნებრივი სიკვდილით გარდაიცვალა.

მისივე თქმით, ბავშვი ოჯახში აგვისტოში დაბრუნდა და ამის შესახებ პოლიციაც ინფორმირებული იყო.

დაღუპული ბავშვის მამინაცვალი იმასაც ამბობს, რომ გოგონას დედაზე არანაირი შემაკავებელი ორდერი არ იყო გაცემული.

„რა შემაკავებელი ორდერი, არავინ არა სცემდა, ვინცა თქვა, ეგენია მოსყიდული ხალხი, “კონტრაში” არიან ჩემთან. არავის ეკრძალებოდა მიახლოება, ჩემთან იზრდებოდა ბავშვი. იცოდა პოლიციამ, რომ დედასთან იყო ბავშვი. იცოდნენ, რომ დედა არაფრის ის არ იყო… და ყურადღების ქვეშ იყო ყველაფერი,“ – ამბობს ზალაშვილი.

ოთხი წლის გოგონა გარდაცვლილი გუშინ იპოვეს. მას ფიზიკური დაზიანებების კვალი აღენიშნება. როგორც მეზობლები ამბობენ, დედა და მამინაცვალი ბავშვს ხშირად სცემდნენ. ძალადობის ერთ-ერთი შემთხვევის დროს ადგილზე გამოძახებულმა პოლიციამ  ბავშვის დედას შემაკავებელი ორდერი გამოუწერა. ქალი გუშინვე დააკავეს.

არკადი ზალაშვილი კი დაკითხვაზე იმყოფებოდა, თუმცა ის პოლიციის სამმართველოში შეუძლოდ გახდა და საავადმყოფოში გადაიყვანეს. მას გამოძიების კითხვებზე პასუხების გაცემა დღეს მოუწევს.

რუსთავი 2