დონალდ ტრამპმა ხუან გუაიდო ვენესუელის დროებით პრეზიდენტად აღიარა

დონალდ ტრამპმა ხუან გუაიდო ვენესუელის დროებით პრეზიდენტად აღიარაამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ვენესუელას ოპოზიციის ლიდერი ხუან გუაიდო დროებით პრეზიდენტად აღიარა. ამის შესახებ BBC წერს.

ათი ათასობით ვენესუელელი ქვეყნის ქუჩებში პრეზიდენტ მადუროს წინააღმდეგ მასობრივ დემონსტრაციებს მართავს. საპროტექსტო აქციებისას ბოლო მონაცემებით ოთხი ადამიანი დაიღუპა.

ხუან გუაიდომ 23 იანვარს საკუთარი თავი ვენესუელას პრეზიდენტად გამოაცხადა.

ნიკოლას მადურო ვენესუელის პრეზიდენტად მეორე ვადით 2018 წლის მაისში აირჩიეს. 56 წლის ლიდერმა საპრეზიდენტო ფიცი მეორედ 10 იანვარს დადო.

ამერიკის შეერთებული შტატები და დანარჩენი 13 ქვეყანა აცხადებს, რომ მადუროს პრეზიდენტობას ლეგიტიმურად არ ცნობს.

ვენესუელაში ანტისამთავრობო დემონსტრაციები 2017 წლის აპრილში დაიწყო. არეულობებს 120-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. ამის გამო ოფიციალურმა ვაშინგტონმა კარაკასს სანქციები დაუწესა, ნიკოლას მადუროს აშშ-ში ყველა საბანკო ანგარიში გაუყინა და აშშ-ს მოქალაქეებს მასთან საქმიანი ურთიერთობა აუკრძალა.

მადურო, რომელიც უგო ჩავესის მმართველობის დროს ვიცეპრეზიდენტის პოსტს იკავებდა, მთავრობის სათავეში 2013 წლის მარტში, ჩავესის გარდაცვალების შემდეგ მოვიდა.

იმავე წლის აპრილში კი უკვე არჩევნებში გამარჯვებით მან ვენესუელის პრეზიდენტის პოსტი ოფიციალურად დაიკავა.