ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ე.წ. დეპორტირებულების საქმეზე “საქართველო რუსეთის წინააღმდეგ” გადაწყვეტილება გამოაცხადა. სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით, რუსეთმა საქართველოს 1 500 მოქალაქეს არამატერიალური ზიანის მიყენებისთვის კომპენსაციის სახით, 10 მილიონი ევრო უნდა გადაუხადოს. გადაწყვეტილების მიღების შემდეგ აღსრულების პროცედურა ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტში გაგრძელდება.
სასამართლოს გადაწყვეტილებით, მე-4 ოქმის მე-4 მუხლის დარღვევის შესაბამისად, დაზარალებულად ცნობილ საქართველოს თითოეულ მოქალაქეს 2 ათასი ევროს ოდენობის კომპენსაცია უნდა გადაეცეს, ხოლო პირველი პარაგრაფის მე-5 მუხლის დარღვევისთვის, თითოელ მოქალაქეს 10 ათასიდან, 15 ათასამდე ევროს ოდენობის კომპენსაცია ეკუთვნის.
სასამართლომ ასევე დაადგინა, რომ რუსეთმა დაარღვია კონვენციის მე-3 მუხლი, რაც პატიმრობის დროს არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობას ითვალისწინებს.
საქმე ეხება საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც 2006 წლის შემოდგომაზე რუსეთის ფედერაციიდან მასობრივი დეპორტაციისა და ადამიანის უფლებების უხეში დარღვევების მსხვერპლნი გახდნენ. საქართველოს მთავრობამ აღნიშნულ საქმეზე საჩივარი სტრასბურგის სასამართლოში 2007 წლის 26 მარტს შეიტანა. იუსტიციის სამინისტრომ ევროსასამართლოში 1 795 ადამიანის სია წარადგინა.

