ეკა ბესელია უმრავლესობის სხდომაზე მივიდა – “ჩემს გარიცხვაზე საერთოდ არ ვფიქრობ”

ეკა ბესელია უმრავლესობის სხდომაზე მივიდა - "ჩემს გარიცხვაზე საერთოდ არ ვფიქრობ"საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, თუმცა გუნდთან დაპირისპირებული ეკა ბესელია, როსტომ მეფის სასახლეში მივიდა. ბესელიამ უმრავლესობის სხდომაზე დასასწრებად სტრასბურში ვიზიტი შეწყვიტა.

ეკა ბესელია შეხვედრის დაწყებამდე ამბობს, რომ მსჯელობა საქმიანი იქნება და მოხდება მთავარი საკითხის – მოსამართლეების შერჩევისა და სასამართლოს რეფორმის დასრულების საკითხის განხილვა. დეპუტატის თქმით, მას ორივე საკითხთან დაკავშირებით მყარი არგუმენტები და პოზიცია აქვს, რომელსაც როგორც პარტიის თავმჯდომარეს ბიძინა ივანიშვილს, ასევე მმართველი გუნდის მასთან დაპირისპირებული  სხვა ლიდერებს გააცნობს.

„ამ სხდომისთვის ჩამოვედი ამ დილით და მაქვს ძალიან საქმიანი განწყობა და ძალიან მინდა, რომ და მაქვს ასეთი მოლოდინი, რომ უმრავლესობის შეხვედრა, რომელიც პირველია უმრავლესობის ამ ფორმატში დეკემბრის ბოლო კვირის შემდეგ, გაიმართოს საგნობრივი, შინაარსობრივი და არგუმენტებით მსჯელობა. ძალიან მნიშვნელოვან და სახელმწიფოებრივ საკითხზე, როგორიც არის უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევა და სასამართლოს რეფორმირების საკითხი.

მე ვარ მზად იმისთვის, რომ ჩემი პოზიციები, რომელიც არის ძალიან პრინციპული, გავუზიარო ჩემს კოლეგებს და ვუთხრა არგუმენტები, რატომ მაქვს ეს პოზიცია და რატომ მიმაჩნია, რომ არ შეიძლება იმ სიის მხარდაჭერა, რაც იყო წარმოდგენილი და რატომ არ შეიძლებოდა ნაჩქარევად ამ საკითხის განხილვა და რა უნდა გაკეთდეს მომავალში. მაქვს მე მგონი ძალიან მყარი არგუმენტები. მე იმედი მაქვს, რომ ასეთი შეხვედრა იქნება დღეს, არგუმენტებით საუბარი და მინდა დავიტოვო ასევე იმის იმედიც, რომ შევჯერდებით საერთო ხედვაზე და პოზიციაზე,“-აცხადებს ბესელია.

კითხვას – გარიცხავენ თუ არა მას პარტიიდან, ბესელია არასერიოზულს უწოდებს. ამბობს, რომ მის გონებაში ამ საკითხზე ფიქრის ადგილი არ არის და არც თავად საკითხია მნიშვნელოვანი. დეპუტატი თანაგუნდელებს, რომლებიც მას გუნდურობის დარღვევაში ადანაშაულებენ უხსნის განსხვავებას, პარტიულ და სახელმწიფოებრივ საკითხებს შორის.

„მე ძალიან ვწუხვარ, რომ ყველაზე ხშირად ეს კითხვა ისმება ხოლმე თქვენგან. იმიტომ, რომ თუ რაიმეს ადგილი ჩემს გონებაში არ არის და რაიმეზე არ ვფიქრობ საერთოდ, ეს არის ერთადერთი ეს საკითხი და ასეთ არასერიოზულ საკითხებზე არ მაქვს არც დრო და არც გონებაში ადგილი, რომ ამით დავკავდე. ამიტომ, ამაზე ნუღარ ვისაუბრებთ. რაც შეეხება გუნდურობას, შიდა საკითხებს, ამაზეც ძალიან მყარი პოზიციები მაქვს და არგუმენტები მაქვს. მე არ ვარ ის ადამიანი, რომელსაც ესწავლება გუნდის მხარდაჭერა, შეხიდება, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ვასხვავებ და მიმაჩნია, რომ ჩვენ ყველამ უნდა დავინახოთ განსხვავება სახელმწიფოებრივ საკითხსა და შიდა პარტიულ ურთიერთობას შორის. ეს ცოტა სხვადასხვა რამეა.

„მთავარი კითხვა რა არის, მე წავალ უმრავლესობიდან თუ რა ეშველება სასამართლო სისტემას, რომელია მთავარი კითხვა? ჩემთვის გულწრფელად გეუბნებით, მთავარი კითხვა არის ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი მომავლისთვის, ჩვენი შვილების მომავლისთვის ჩვენ შევძლებთ დავტოვოთ ქვეყანაში გამართული მართლმსაჯულება თუ არა. მე სად ვიქნები, ეს მეორე ხარისხის, მეათე ხარისხის კითხვა,“-განაცხადა ეკა ბესელიამ.

რუსთავი 2