გედი ფოფხაძე ირაკლი კობახიძის წინააღმდეგ – ”ჩემი გაწვევით პარლამენტის თავმჯდომარემ იუსტიციის საბჭოს დაუჭირა მხარი”

გედი ფოფხაძე ირაკლი კობახიძის წინააღმდეგ - ”ჩემი გაწვევით პარლამენტის თავმჯდომარემ იუსტიციის საბჭოს დაუჭირა მხარი”პარლამენტის წევრი გედევან ფოფხაძე “ახალ თაობას” ფრაქცია “ქართული ოცნების” მიერ იურიდიული კომიტეტიდან მის გაწვევისა და სასამართლო ხელისუფლებაასთან დაკავშირებულ პოზიციაზე ესაუბრა.
– ბატონო გედევან, რა იყო მიზეზი იმისა, რამაც ბოლოდროინდელი პროცესები გამოიწვია და საქმე თქვენს იურიდიული კომიტეტიდან გაწვევამდე მიიყვანა? “ქართული ოცნების” გუნდში შიდა განხეთქილებაა?
– მე შეფასებებს არ ვიძლევი. მე მაქვს ჩემი მკვეთრი პოზიცია, რომელიც დაკავშირებულია სასამართლოში მოსამართლეების შერჩევასთან. მე ეს საკითხი მაინტერესებს. ეს არის ჩემთვის არსებითი. ვის რა პოზიცია აქვს, ვის რა შეფასება აქვს ჩემს პოზიციაზე, ამას ჩემთვის არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. ყველა შეფასება არსებით საკითხზე, გვერდზე გადასვლის საფუძველია.
– არსებითი საკითხი რა არის?
– არსებითი საკითხია, უზენაეს სასამართლოში მოსამართლეებად ვის ავირჩევთ. ეს ის ადამიანები იქნებიან, ვინც ღირსეულ მართლმსაჯულებას განახორციელებენ მომავლისთვის, თუ სააკაშვილის ზონდერ მოსამართლეები დარჩებიან. ეს არის დავის საგანი და რას გამოიწვევს, არ ვიცი.
მე ვიცი, რომ პრინციპული პოზიცია უნდა მქონდეს ბოლომდე, რათა სააკაშვილის ზონდერ მოსამართლეებით უზენაესი სასამართლო არ დაკომპლექტდეს.
– ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე აცხადებს, რომ იუსტიციის საბჭოს უფლება იყო, უზენაეს სასამართლოში დასანიშნ მოსამართლეთა სია წარმოედგინათ, ანუ ის. რაც თქვენ გაღელვებთ სასამართლო ხელისუფლებასთან დაკავშირებებით, “ოცნების” დანარჩენ ნაწილს არ აღელვებს?
– იუსტიციის საბჭოს უზენაეს სასამართლოში ასარჩევ მოსამართლეთა კანდიდატურების წარმოდგენის უფლება ჰქონდა, მაგრამ ამ ფორმით – არა. სია წინასწარი კონსულტაციების საფუძველზე უნდა წარმოდგენილიყო, შემდგომში კი სია საჯარო სივრცეში განხილულიყო. უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებს ვირჩევთ, საბძლის ყარაულს კი არ ვირჩევთ.
მართლა ნუ გავაუბრალოვებთ ყველაფერს, ძალიან მნიშვნელოვანი რაღაც ხდება. სახელისუფლებო შტოებს შორის სასამართლო ხელისუფლება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შტოა და უნდა გავითვალისწინოთ, რომ მოსამართლეებს უვადოდ ვირჩევთ. ხვალ ჩვენ არ ვიქნებით პარლამენტში და იმ ხალხმა მართმსაჯულება უნდა აღასრულოს. პასუხისმგებლობა ჩვენ სასამართლო ხელისუფლებაზე ძალიან დიდი გვაქვს.
არათუ ჩინჩალაძეს არ უნდა მივცეთ ხმა და უნდა გამოვრიცხოთ ამგვარი რამ, არამედ, ვისაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ ავირჩევთ, ისეთი ღირებულებები და წარსული უნდა ჰქონდეს, რომ კითხვის ნიშნები და სადაო არ დაგვიტოვოს. ჩინჩალაძე, საერთოდ, რა სალაპარაკო იყო.
– საზოგადოება გაღიზიანებულია, რომ ისევ ის ადამიანები წარმოადგენენ სასამართლო ხელისუფლებას, ვინც სააკაშვილის ძალადობრივ მართლმსაჯულებას ახორციელებდა. ძალიან მიკვირს, როდესაც იგივე მურუსიძე უვადო მოსამართლოდ დაინიშნა.
– ამიტომაც იყო ჩვენი რეაქციები სიაზე. ჩვენთვის არავის შემოუთავაზებია ამ კანდიდატების განხილვა. მე ჩინჩალაძეს არასოდეს ხმას არ მივცემ, მაგრამ სია თავისი რეგალიებით შემოვიდა და უნდა განვიხილო. ეს რა უბედურებაა, წინასაახალწლოდ, ასეთი დაჩქარებული რეჟიმით. ყველა შემთხვევაში, პროცედურულადაც კი მიუღებელი და საეჭვო იყო.
– მურუსიძის რამდენიმე საქმეზე სტრასბურის სასამართლომ სახელმწიფოს სოლიდური თანხები დააკისრა. თუნდაც ეს საკმარისი არ იყო იმისთვის, რომ ეგრძნობინებინათ მაინც ამ ადამიანისთვის, რომ ის შეუფერებელი იყო სასამართლოსთვის და უვადო მოსამართლედ არ დაენიშნათ? პროცესი აქამდე რატომ მივიდა?
– პროცესი მიშვებულია. საბჭო გავიდა თავისი …
– უფლებამოსილებიდან?
– უფლებამოსილებიდან არ გასულა. აქ სხვა რაღაცაა ნიშანდობლივი – რასაც ახლა იუსტიციის საბჭო აკეთებს, ეს არის პოლიტიკურ სივრცეში გადასვლა. ახლა უკვე პოლიტიკურ გზავნილებს აკეთებენ.
– იუსტიციის საბჭოს თავმჯდომარეს კობახიძე შეხვდა. ეს შეხვედრა ისე აღვიქვით, რომ იუსტიციის საბჭოს თავმჯდომარემ მხარდაჭერა მიიღო კობახიძისაგან, რადგან მას შეხვდა იმ ფონზე, როცა ეკა ბესელია ამის გამო იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარეობიდან გადადგა.
– იუსტიციის საბჭოს თავმჯდომარემ არამარტო პარლამენტის თავმჯდომარე კობახიძესთან შეხვედრით მიიღო მხარდაჭერა, არამედ ფრაქცია “ქართული ოცნების” მიერ იურიდიული კომიტეტიდან ჩემი გამოწვევით.
– თქვენი გამოწვევაც იუსტიციის საბჭოს მხარდაჭერაა?
– დიახ, იურიდიული კომიტეტიდან ჩემი გამოწვევით ფრაქციაც იუსტიციის საბჭოს დღის წესრიგში ჩადგა. იუსტიციის საბჭოს სასარგებლო ჟესტი გააკეთა. რეალობა ისეთია, რომ პარლამენტში მართლა არის იუსტიციის საბჭოს ლობისტი ჯგუფი. ამ ჯგუფს ხელმძღვანელობს ვანო ზარდიაშვილი. მე ამ ჯგუფის მოსაზრებებს არ ვიზიარებ. მე მაქვს განსხვავებული მოსაზრებები მათი პოზიციებიდან გამომდინარე.
როდესაც ერთ-ერთი ჯგუფის წარმომადგენელს სადამსჯელო ოპერაციას უტარებ (ამ შემთხვევაში ჩემს გამოწვევას ვგულისხმობ. მე კი დიდად არ დავსჯილვარ ამ ყველაფრით, მაგრამ სადამსჯელო ოპერაცია მათი მხრიდან განხორციელდა), ვფიქრობ, ეს მაინც პარლამენტის თავმჯდომარისა და მისი გუნდის ტენდენციურობაზე მეტყველებს.
– ზარდიაშვილს ასეთი გავლენები აქვს, რომ იუსტიციის საბჭოს ლობისტად გამოდის? რატომ აქვს ზარდიაშვილს დიდი გავლენა?
– ზარდიაშვილს გავლენა კი არა, ფუნქცია აქვს. მისი ფუნქცია მდგომარეობს ჩინჩალაძისა და მისი ჯგუფის ლობირებაში. თავისი ინიციატივით ლობირებს, არა მგონია, ვინმეს დაევალებინოს.
– ზარდიაშვილმა დამოუკიდებლად შეიძინა იუსტიციის საბჭოს ლობისტის ფუნქცია და მას მხარს არავინ უმაგრებს?
– ეს თვითონ ზარდიაშვილს ჰკითხეთ.
– იურიდიული კომიტეტიდან თქვენი გაწვევის გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილეობისგან ივანიშვილმა თავი შეიკავაო. გამოდის, მან დაუთმო პარლამენტის თავმჯდომარეს და სხვებს, გადაწყვეტილება თვითონ მიეღოთ და პასუხისმგებლებიც ისინი ყოფილიყვნენ? რას ნიშნავდა მისი თავშეკავება?
– კითხვებზე, რომელიც ეხება ბატონ ბიძინას, ვანო ზარდიაშვილს, სჯობს, მათ გაგცენ პასუხი. ჩემი პოზიცია ცალსახაა – სასამართლო ხელისუფლების დაკომპლექტების საკითხი არის პრინციპული პოლიტიკური თემა, რომელზეც საზოგადოება, მედია, არასამთავრობო სექტორი, საერთაშორისო პარტნიორები, ყველა უნდა გავერთიანდეთ, რომ ჩვენი ქვეყნის მომავალი საეჭვო ხალხის ხელში არ ჩავაგდოთ.
მართლმსაჯულების, სიმართლის აღმსრულებელი ვინ იქნება ამ ქვეყანაში, ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ეს არის პრინციპული საკითხი.
– იუსტიციის საბჭო თავისას გაიტანს? 6 წელია, რაც “ოცნების” ხელისუფლებაა. ამ პერიოდში სააკაშვილის მოსამართლეებმა კანონებითაც და ისედაც ფესვები უკვე გაიდგეს. ეს როგორ დაიძლევა?
– მე გარანტირებულად გეტყვით, რომ თუ ის ყველა სეგმენტი, რომელიც ჩამოვთვალე, შევიკვრებით და ერთად მოვინდომებთ ამ პრობლემის დაძლევას, დავძლევთ. ეს დაძლევადი პრობლემაა.
– გუნდში როგორი სიტუაციაა, უმეტესობა მხარს უჭერს თქვენს და ეკა ბესელიას პოზიციას, სასამართლო ხელისუფლების პრობლემებსა და უზენაესი სასამართლოს დაკომპლექტებასთან დაკავშირებით?
– ძნელი სათქმელია. მიუხედავად იმისა, ძალიან ბევრი თანამოაზრე და მოკავშირე გვყავს, რაღაც კონიუნქტურა ამ შემთხვევაშიც მუშაობს, რომელიც ჩვენს კოლეგებს კარნახობს იმას, რაღაც შეარბილონ, შეცვალონ.

მე ერთი რამის იმედი უნდა ვიქონიო, შეიძლება რაღაც მეორეხარისხოვან საკითხებზე არ შემოგვიერთდნენ, მაგრამ ძირითად საკითხებზე მაინც იმედი მაქვს, რომ ისინი პრინციპულ პოზიციას დაიკავებენ. ეს არის მოსამართლეთა შერჩევის პროცესი. აქ არ შეიძლება უკანდახევა.
– იურიდიული კომიტეტიდან გამოგიწვიეს, მაგრამ ამბობენ, რომ ისევ “ოცნების” გუნდში რჩებით. ფრაქცია “ქართულ ოცნებასა” და უმრავლესობაში დარჩებით?
– ეს ისეთი საკითხია, არსებითად არ მიმაჩნია. ჩემი მთავარი ამოცანაა, მოსამართლეების არჩევის საკითხში პოზიტიური როლი ვითამაშო. დანარჩენი თვითონ გადაწყვიტონ.
– თქვენ პირადად არ მიიღებთ ამ გადაწყვეტილებას?
– მე მივიღე გადაწყვეტილება, ვიბრძოლო იმისათვის, რომ მიუღებელი მოსამართლეები არ მივიღოთ. კომპრომისებზეც წავსულვარ და უკანაც დამიხევია, მაგრამ ეს ისეთი საკითხია, უკანდახევა არ შეიძლება.

გულიკო ბალაძე, ახალი თაობა