გერმანიამ, საფრანგეთმა და ესპანეთმა მადუროს ულტიმატუმი წაუყენეს

გერმანია, საფრანგეთი და ესპანეთი ვენესუელის პრეზიდენტ ნიკოლას მადუროზე ზეწოლას ზრდიან. სამი ქვეყანა აცხადებს, რომ ვენესუელის დროებით მმართველად ხუან გუაიდოს დაუჭერენ მხარს, თუ ნიკოლას მადურო 8 დღის განმავლობაში ახალი საპრეზიდენტო არჩევნების თარიღს არ დანიშნავს. ამის შესახებ ინფორმაციას Deutsche Welle ავრცელებს.

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობის ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარტინა ფიტცმა Twitter-ზე დაწერა, რომ ვენესუელელ ხალხს უფლება აქვს თავისუფლად და უსაფრთხოდ განსაზღვროს საკუთარი მომავალი.

“თუ შემდეგი 8 დღის განმავლობაში ახალი არჩევნები არ გამოცხადდება, მაშინ ჩვენ მზად ვართ ვენესუელის დროებით პრეზიდენტად ხუან გუაიდო ვაღიაროთ, რომელიც ასეთ პოლიტიკურ პროცესს დაიწყებს”, – წერს მარტინა ფიტცი Twitter-ზე.

ესპანეთის პრემიერმინისტრის პედრო სანჩესის განცხადებით, მან ასეთი ქმედებისკენ ევროკავშირსაც მოუწოდა. სანჩესის მსგავსი განცხადება ჰქონდა Twitter-ზე საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონსაც.

კარაკასში გამართულ მრავალრიცხოვან აქციაზე ოპოზიციის ლიდერმა, ხუან გუაიდომ საკუთარი თავი ვენესუელის პრეზიდენტად 23 იანვარს გამოაცხადა. ხუან გუაიდო ვენესუელის დროებით პრეზიდენტად უკვე აღიარეს: არგენტინამ, ბრაზილიამ,  გვატემალამ, ჰონდურასმა, საქართველომ, კანადამ, კოლუმბიამ, კოსტა-რიკამ, პანამამ, პარაგვაიმ,  პერუმ, აშშ-მ, ჩილემ, ეკვადორმა.

ნიკოლას მადუროს კი მხარდაჭერა გამოუცხადეს რუსეთმა, ბელარუსმა, თურქეთმა, ბოლივიამ, კუბამ,  მექსიკამ და ურუგვაიმ.

იმედინიუსი