გუაიდო – ”ჯარი მალე ჩვენს მხარეზე გადმოვა”

გუაიდო - ”ჯარი მალე ჩვენს მხარეზე გადმოვა”ვენესუელას დროებითი პრეზიდენტის ხუან გუაიდოს განცხადებით, შეიარაღებული ძალები მალე მის მხარეს გადავლენ.

ამის შესახებ ხუან გუაიდომ გერმანულ ტელეარხ ARD-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

„ჯარისკაცების 75-80% ისე ცხოვრობს, როგორც მოსახლეობის დანარჩენი ნაწილი – შიმშილსა და სასოწარკვეთილებაში. მათი ხელფასი საკმარისი არ არის ოჯახების სარჩენად. უკმაყოფილება ყველგან ერთი და იგივეა. სამხედროებს შორის გვაქვს მხარდაჭერა და დარწმუნებული ვარ, რომ მალე ისინი ჩვენ მხარეს გადმოვლენ“, – განაცხადა ვენესუელას დროებითმა პრეზიდენტმა.

მან ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ ნიკოლას მადუროს ხელისუფლება კანონსაწინააღმდეგოა და მისი ხელისუფლებაში ყოფნის ვადა ამოიწურა.

შეგახსენებთ, რომ თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე ეროვნული უშიშროების საკითხებში აშშ-ს პრეზიდენტის თანაშემწემ, ჯონ ბოლტონმა ვენესუელას შეიარაღებულ ძალებს ოპოზიციის მხარეს გადასვლისკენ მოუწოდა.

თავად ნიკოლას მადურომ დონალდ ტრამპს მოუწოდა, თავი დაანებოს ვენესუელას.

„გადატრიალება ვენესუელაში? არ გამოვა! ნუ ერევი ვენესუელას საქმეებში, ხელები შორს ვენესუელასგან! დაუყოვნებლივ! ტრამპო, პასუხისმგებელი ხარ ნებისმიერ ძალადობაზე, რომელიც ვენესუელაში შეიძლება მოხდეს. სისხლი, რომელიც შეიძლება ვენესუელაში დაიღვაროს თქვენზე იქნება“, – განაცხადა ნიკოლას მადურომ.

მან ასევე მიმართა ოპოზიციას და მათ მოუწოდა „კეთილგონიერება გამოიჩინონ და დიალოგი დაიწყონ“.

„კიდევ ერთხელ ვაცხადებ: ვენესუელას სასარგებლოდ მზად ვარ მოლაპარაკებები დავიწყო ოპოზიციასთან, სადაც უნდათ და როდესაც უნდათ. ჩვენ ხალხს მოვუწოდებთ გაერთიანებისკენ, მშვიდობისკენ და კონსტიტუციის პატივისცემისკენ. ოპოზიციას კი მოვუწოდებ, კეთილგონიერება გამოიჩინონ. დროა, ეროვნული დიალოგი გამოვაცხადოთ“, – დასძინა მან.