”ისედაც დაკავებულ დავით კირკიტაძეს მეორედ ვერ დავაკავებთ” – რა უპასუხა მოსამართლე დარახველიძემ პროკურორს

”ისედაც დაკავებულ დავით კირკიტაძეს მეორედ ვერ დავაკავებთ” - რა უპასუხა მოსამართლე დარახველიძემ პროკურორს11 იანვარს პროკურატურამ სასამართლოს დავით კირკიტაძისთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლის, ხოლო მისი კუთვნილი ქონების აღსრულებაში გადაცემის შუამდგომლობით მიმართა.

საქმე ეხება მისი გუბერნატორობის დროს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებას.

კერძოდ, პროკურორ გიორგი მიქანაძის განმარტებით, დავით კირკიტაძეს გირაო ჰქონდა აღნიშნულ საქმეზე შეფარდებული, თუმცა, ვინაიდან ბრალდებულმა დაარღვია შეთანხმება, საჭიროა მის წინააღმდეგ აღკვეთის ღონისძიების სახედ გამოყენებული იქნას პატიმრობა.

ამასთან, პროკურორმა აღნიშნა, რომ ბრალდებულ დავით კირკიტაძის ქონებაზე ყადაღა იყო დადებული, ამჟამად საჭიროა, ეს ქონება აღსრულებას გადაეცეს.

ადვოკატი პროკურორის შუამდგომლობას არ იზიარებს.

თავად ბრალდებული დავით კირკიტაძე კი პროკურატურის შუამდგომლობას რეპრესიებს უწოდებს.

„ამ ეტაპზე, როდესაც განაჩენი უნდა დადგეს უახლოეს პროცესებზე, პროკურატურის შუამდგომლობა აჩვენებს, რომ პროკურატურა და ეს ხელისუფლება რეპრესიებზეა გადასული. ჩვენ აზრს და მოქმედებებს ეს გარემოებები ვერ შეგვაცვლევინებს“, – განაცხადა დავით კირკიტაძემ.

მოსამართლე გიორგი დარახველიძემ პროკურატურის მოთხოვნას ასე უპასუხა:

”პირის მიმართ ისედაც გამოყენებულია პატიმრობა და მას მეორედ ვერ დავაკავებთ”.

მოსამართლის განმარტებით, არ არსებობს აღკვეთის ღონისძიების შეცვლის საფუძველი.

რაც შეეხება პროკურატურის შუამდგომლობას ქონების აღსრულებისთვის გადაცემის თაობაზე, მოსამართლემ განმარტა, რომ ამ საკითხზე სასამართლო იმსჯელებს, თუმცა საჭიროა, დამატებითი დოკუმენტაცია წარმოადგინოს ბრალდების მხარემ.

ინტერპრესნიუსი