ნუკრი ქანთარია – “იუსტიციის საბჭოს ნაჯახით ვერ შევუვარდებით და თავებს ვერ დავაყრევინებთ!”

ნუკრი ქანთარია - "იუსტიციის საბჭოს ნაჯახით ვერ შევუვარდებით და თავებს ვერ დავაყრევინებთ!"“ქართული ოცნების” წევრი, საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი ნუკრი ქანთარია “ახალ თაობასთან” ინტერვიუში მიმდინარე საკითხებზე საუბრობს.
– პარლამენტში წარმოდგენილმა ათივე კანდიდატმა უარი თქვა განხილვაზე. როგორ შეიძლება მოვლენები განვითარდეს?
– ამას ვერ გეტყვით, მაგრამ კონსტიტუციური უფლება აქვს იუსტიციის საბჭოს, რომ სია გამოაგზავნოს პარლამენტში. ახლა საუბარია კრიტერიუმების შემუშავებაზე. მათ საფუძველზე უნდა შეიქმნას სია, შეირჩნენ კანდიდატები და გამოაგზავნონ პარლამენტში.
მერე პარლამენტის საქმეა განხილვები, ფართო მსჯელობის მოწყობა, ხალხმა რომ დაინახოს, ვინ ვინ არის, როგორ არის და ა.შ. შემდეგ პარლამენტი სიას კი არ უყრის კენჭს, არამედ სახელობითი კენჭისყრა იქნება და თითოეული ადამიანი ცალკე წარდგება პარლამენტის, საზოგადოების წინაშე და პარლამენტი მიიღებს გადაწყვეტილებას.
არც ის მინდა, რომ ახლა ნაჯახით შევვარდეთ იუსტიციის საბჭოში.
– იუსტიციის საბჭოს ამ შემადგენლობის დაშლას არ ემხრობით?
– არა, მე მიმაჩნია, რომ ამ ეტაპისთვის შეიძლება აწონ-დავწონოთ ყველაფერი და ისე მივიღოთ გადაწყვეტილება. დაშლაზე ადვილი რა არის, ერთ დღეში შეიძლება დაიშალოს, მაგრამ შემდეგ რას მივიღებთ, თანმიმდევრობა თუ არ იქნება დაცული, ძალიან სახიფათო და ფაქიზი თემებია და არ ვიცი, როგორ შეიძლება მოვლენები განვითარდეს.
ასე ადვილი არ არის, ახლა წადით სახლებში, დაიშალეთ! ეს არ მგონია, სერიოზული იყოს. ზიანი არ უნდა მივაყენოთ, პირიქით, ისე უნდა გავაკეთოთ, რომ არაფერი დავაზიანოთ.
– ახალ სახელებს ელოდებით თუ შეიძლება მაინც ეს ადამიანები გავიდნენ?
– ვერ გეტყვით. აბა, იგივე სია იქნება?! შეიძლება ვიღაც იყოს ამ სიიდან, მაგრამ პარლამენტში ჩავარდეს და ვერ გავიდეს. ვნახოთ. როგორ განვითარდება მოვლენები, არ ვიცი.
ისე, 2013 წელს ის ადამიანები, ვინც მოგვიწოდებდა, რომ ხელი არ გვეხლო ამ მოსამართლეებისთვის, ახლა პირიქით გვეუბნებიან, თავები მოაჭერითო. ეს რას ნიშნავს, ვერ გავიგე. ეს პოზიციების ცვლილება მე ძალიან მაფიქრებს. თუ მაშინ დემოკრატიის გადახვევა იქნებოდა ამ ხალხის სახლში გაშვება, ახლა რა იქნება?!
– საუბარია ამ ადამიანების უვადოდ დანიშვნაზე ბოლო ინსტანციაში, რომელთა პროფესიული ბიოგრაფია საზოგადოებაში სერიოზულ უნდობლობას იწვევს.
– გასაგებია, მაგრამ ამ არასამთავრობო ორგანიზაციების პოზიციების ცვლილება ჩემში კითხვებს იწვევს. ისინი პირდაპირ მოგვიწოდებენ, აიღეთ ცულები და მათი თავები დაყარეთო! თუმცა, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ მოსამართლეს სანდოობის თვალსაზრისით არ უნდა ჰქონდეს ყველაზე დიდი რეპუტაცია საზოგადოებაში.
ნათია ხურცილავა, ახალი თაობა