საგამოძიებო სამსახურმა ყალბი ფულის შენახვა-გასაღების ფაქტზე ორი მოქალაქე დააკავა. უწყების ინფორმაციით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით ყალბი ფულის შენახვა-გასაღების ფაქტზე, ბრალდებულის სახით დაკავებულია თურქეთის რესპუბლიკის ორი მოქალაქე.
გამოძიებით დადგინდა, რომ 2018 წლის დეკემბერში, დანაშაულში მხილებულმა პირებმა ქალაქ ბათუმში მდებარე სავალუტო ჯიხურებში 7.000 ევროს ოდენობის ყალბი 500 ევროიანი კუპიურები გაასაღეს.
ბრალდებულების დაკავებისას, დამატებით ამოღებულია 6.000 ევროს ოდენობის ყალბი ფული.
საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

