რომან გოცირიძე – “თიბისი ბანკი ივანიშვილს ყელში გაეჩხირება”

რომან გოცირიძე - "თიბისი ბანკი ივანიშვილს ყელში გაეჩხირება"“ახალი თაობის” კითხვებს ფრაქცია ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე რომან გოცირიძე პასუხობს.
– ბატონო რომან, თიბისი ბანკიდან პროკურატურამ დოკუმენტაცია გამოითხოვა. ძალიან ცუდი სუნი ასდის ამ ყველაფერსო, ბრძანეთ და პოლიტიკურ სარჩულსაც ხედავთ ამ პროცესში. რა ხდება რეალურად? თუ ეს ასეა, რატომ გადაწყვიტა თიბისი ბანკზე შეტევა ხელისუფლებამ?
– სწორედ რომ ასეა, თიბისი ბანკიდან საბუთების ამოღებას და რაღაც გასაიდუმლოებულ საქმეზე გამოძიების დაწყებას ძალიან ცუდი სუნი ასდის. შესაძლებელია, ეს იყოს ივანიშვილის მხრიდან ბანკებზე კონტროლის დამყარების მცდელობა.
ზოგადად ჩვეულებრივი მოვლენაა კომერციული ბანკების შემოწმებაც, ჯარიმებიც და ასე შემდეგ. თუმცა ჩვენ არ ვიცით, რა ხდება. როდესაც ხელისუფლების მიერ შედგენილი ტექსტი ვრცელდება სხვადასხვა სააგენტოს მეშვეობით და ეს პირდაპირ ბრძოლის გამოხატულებაა ბანკის მიმართ, რა თქმა უნდა, ამას უკვე სხვა სარჩული უდევს.
როცა ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ვიყავი, იმდენჯერ დაგვიჯარიმებია ბანკები, რომ ვინ მოთვლის… მათ შორის თიბისიც და ქართუ ბანკიც. თუმცა ეს დაჯარიმება ყოველთვის ხდება სხვადასხვა ტექნიკური გადაცდომების გამო და ეს არის ჩვეულებრივი მოვლენა.
– იქნებ მათაც აქვთ გადაცდომა?
– როდესაც ჩვეულებრივი საბანკო შემოწმების შედეგად, თუნდაც იგივე ზედამხედველობის სამსახური ჯარიმას უწესებს და ამას უკვე ხელისუფლება იყენებს და იწყებს იდეოლოგიურ შტურმს, აქ უკვე სხვა რამესთან გვაქვს საქმე. აქ ჩვენ შეგვიძლია ვისაუბროთ უფრო ღრმა თემებზე.
– რას გულისხმობთ?
– ეს კონფლიქტი დიდი ხნით ადრე დაიწყო და მას შეეწირა კვირიკაშვილი, რომელსაც საკმაოდ წარმატებული ვიზიტი ჰქონდა ამერიკის შეერთებულ შტატებში. მან მოიპოვა პიროვნული ნდობა და ძალიან იშვიათი შემთხვევაა, როდესაც ამერიკის ვიცე პრეზიენტი ერთი ერთზე პატიჟებს საკუთარ ოჯახში. რანჩოზე შედგა შეხვედრა, რომელსაც არც ელჩი ესწრებოდა და არც არავინ.
ანაკლიის პროექტი, რომელსაც აქვს არამარტო დიდი ეკონომიკური დატვირთვა, არამედ სამომავლოდ შესაძლოა სამხედრო პორტადაც იქნას გამოყენებული, აღქმულ იქნა, როგორც კვირიკაშვილ-ხაზარაძის ტანდემის გაძლიერება და თავისებური ფარი, ქოლგა დასავლეთის ქვეშ.
ანაკლიის პროექტი, შესაძლოა, გამხდარიყო პოლიტიკური ზურგი ამერიკის მხრიდან კვირიკაშვილისთვის და მასთან ერთად მოიაზრებოდა იგივე ხაზარაძეც.
ძალიან მოულოდნელი და უცნაური იყო, რომ 150 კაცის თანდასწრებით, უმრავლესობის შეხვედრაზე, სადაც ყველა დეპუტატი მონაწილეობდა და ასევე მთავრობა, ივანიშვილმა პირდაპირ საჯაროდ დაადანაშაულა მამუკა ხაზარაძე იმ პერიოდში ქუჩაში გამართული ანტინარკოტიკული აქციის ორგანიზებაში, მის დაფინანსებაში, კვირიკაშვილი კი მის მხარდაჭერაში. პირდაპირ გვარებისა და სახელების დასახელებით.
– რამდენად შეესაბამებოდა ეს ბრალდება სინამდვილეს?
– ეს იყო სრული აბსურდი. მამუკა ხაზარაძე არის ძალიან ფრთხილი ადამიანი და ის არის ხელისუფლების მომხრე. ყოველთვის, ყველა არჩევნებში მამუკა ხაზარაძე მხარს უჭერდა ხელისუფლებას და ახლაც მხარი დაუჭირა სალომე ზურაბიშვილს.
ეს არ იყო უბრალო მხარდაჭერა, ეს იყო ირიბი ლანძღვა ნაციონალური მოძრაობის და გაერთიანებული ოპოზიციის. თურმე მას არ სურს ქვეყანაში რევანშისტული განწყობილებების შექმნა. დაახლოებით ასე ჟღერდა, რომ ხელისუფლებაში დაბრუნება სურს ნაცმოძრაობას, რომელიც ქვეყნისთვის იქნება ცუდი.
ხაზარაძე შეცდა იმაში, რომ ძალიან დიდი მნიშვნელობა მიანიჭა თავის სიტყვის წონას ივანიშვილის თვალში.
– ეს როგორ გავიგოთ?
– ყოველი არჩევნების წინ ერთხელ ხელისუფლების შექება და მისი მხარდაჭერა მან ჩათვალა დიდ პოლიტიკურ ხარკად. თუმცა ეს ასე არ აღმოჩნდა, მიუხედავად იმისა, რომ როგორც საქართველოს ბანკი და გილაური, ისე თიბისი ბანკი და ხაზარაძე ლოიალური იყვნენ ხელისუფლების მიმართ, ეს სულაც არ აღმოჩნდა საკმარისი ივანიშვილის თვალში, ვინაიდან ივანიშვილის მთავარი მიზანი არის ჩვენი ცხოვრების ყველა სფეროზე კონტროლის დამყარება.
თიბისი ბანკი და საქართველოს ბანკი არის საქართველოს ეკონომიკის ღერძი, ფინანსური სისტემის ღერძი და მისი მიზანია ამ სექტორზე მოახდინოს გავლენა.
– ანაკლიის პორტზე საუბრობთ და რატომ დაადგა ივანიშვილს გულზე ეს ლუკმა?
– მას ანაკლიის პორტში ან საკუთარი ინტერესების ჩადება უნდა, ან პოლიტიკური საფრთხის შემცველია მისთვის, ვინაიდან ანაკლიის პორტი უკვე ხდება ყურადღების ცენტრი და როგორც ბაქო-ჯეიჰანის პროექტი გახდა დასავლეთისთვის მნიშვნელოვანი და რეალურად საქართველო გახდა მათი ინტერესების საგანი, ასევე ანაკლიის პორტმა, შესაძლებელია, რომ მსგავსი მნიშვნელობა შეიძინოს.
– პროცესების რა განვითარებას ელოდებით თიბისი ბანკთან დაკავშირებით?
– თიბისი ბანკი არ არის პატარა ლუკმა, ეს ივანიშვილს ყელში გაეჩხირება, ვინაიდან მის უკან დგანან ძალიან დიდი ფინანსური ინსტიტუტები, უცხოეთის საფონდო ბირჟებზეა გასული. ლონდონის ბირჟაზე და ასე შემდეგ.
მეორეს მხრივ, ძალიან სახიფათოა ეს პროცესი, ვინაიდან საბანკო სისტემის რყევა გამოიწვევს ფინანსური სისტემის ჩამოშლას. ეს არის უბრალოდ მუქარა, ეს არის გაფრთხილება და დაშინება.
– კონტროლი ხომ არ უნდათ თიბისი ბანკზე?
– რა თქმა უნდა, პროგრამა მაქსიმუმი არის კონტროლის დამყარება, ხოლო პროგრამა მინიმუმი არის მდიდარი ქართველების დაშინებულ მდგომარეობაში ყოლა. თიბისი ბანკი იქნება, საქართველოს ბანკი თუ კოკა კოლა და სხვა ნებისმიერი დიდი ბიზნესი, ის უნდა იყოს შეშინებული.
ეს მესიჯი იკითხება ასე – ლონდონის ბირჟაზე გასულ უზარმაზარ ბანკს თუ ეს გავუბედე, მაშინ სხვას რას ვუზამ. მათ არ უნდა გაიხედონ ოპოზიციისკენ, არასდროს ოპოზიცია არ უნდა დააფინანსონ.
ხაზარაძისადმი მუქარას აქვს სხვა დატვირთვაც.
– რა დატვირთვა?
– ეს არის ბიზნესის დაშინება და კონტროლი. აქეთკენ რომ მიდიოდა საქმე, ამას ყველა ვამჩნევდით. ეს ჭარბვალიანობა, ბანკების რეგულირება და ასე შემდეგ. ეს ყველა შემოგდებული თემა შორს გამიზნული იყო. ეს ყველაფერი დამთავრდა წინასაარჩევნოდ ხალხის მოსყიდვით და ვითომდა ვალების ჩამოწერით.
ახლა არც კი ამბობენ, რა დაუჯდა ბანკ ქართულს ამ ვალების ჩამოწერა. ამბობენ, 4 მილიარდი ჩამოვწერეთო, რაც სრული აბსურდია. დაუჯდათ მიზერული თანხები, ეს სასაცილოა. უკვე ჩამოწერილი თანხები ჩამოწერეს.
ფაქტობრივად, სიები იყიდა ქართუ ბანკმა.
ორი მიზანი ჰქონდა ამ ჭარბვალიანობის და საბანკო თემის ამოწევას. ერთი, რომ შემდეგ ვითომდა ჰუმანური აქცია გაეკეთებინათ წინასაარჩევნოდ და მეორე, რომ განხორციელებულიყო შეტევა ფინანსურ ინსტიტუტებზე და აქედან სხვა პოლიტიკური შედეგი მიეღოთ.
ეს რუსული ვარიანტია. ფინანსური ინსტიტუტების ხელში ჩაგდება ერთ-ერთი საუკეთესო გზაა დიქტატურის დასამყარებლად, პუტინმაც ზუსტად ასე გააკეთა.
საქართველოში ეს არ გამოვა! ხელისუფლება ცეცხლს ნუ ეთამაშება ბანკებთან დაკავშირებით!

ნონა ცაბაძე, ახალი თაობა