ფლანგვის დეტექტორმა გამოაქვეყნა აუდიტის დასკვნა, რომლიდანაც ჩანს, რომ საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტმა გელა ბერუაშვილმა ტურნირში გამარჯვებულ სპორტსმენს მისი შვილის კომპანიის ბინა გადასცა საჩყქრად. ის ბინა კი ბიუჯეტის ხარჯით შეიძინა.
“ამონარიდი აუდიტის სამსახურის ანგარიშიდან:
“2016 წლის 15 ნოემბერს ფედერაციასა და სამშენებლო კომპანია შპს „ფალავანს“
შორის (რომელიც რეგისტრირებულია ხელშეკრულების გაფორმებამდე 5 თვით ადრე) გაფორმებული უძრავი ქონების ნასყიდობის წინარე ხელშეკრულების საფუძველზე 2016 წლის 15 ნოემბერს „ფალავნობა 2016-ის“ გამარჯვებულზე ბინის გადაცემის მიზნით, შპს „ფალავანს“ გადაერიცხა 54.920 ლარი. 17 აღნიშნული ხელშეკრულებისა და მასზე თანდართული 2017 წლის 4 აპრილს გაფორმებული ურთიერთშეთანხმების შესაბამისად, ფალავნობა 2016-ში გამარჯვებულ გიორგი კაციაშვილს 2018 წლის 1 სექტემბრამდე პერიოდში საკუთრებაში უნდა გადასცემოდა ქ. თბილისში ვაზისუბნის დასახლებაში
კომპანიის მიერ მშენებარე საცხოვრებელ სახლში არსებული 50 კვ.მ საცხოვრებელი ბინა ე.წ. „შავი კარკასის“ მდგომარეობაში.
ფედერაციის მიერ შესასყიდი უძრავი ქონების ოპტიმალური საბაზრო ფასის და მიწოდების პირობების დადგენის მიზნით ბაზრის კვლევა არ განხორციელებულა. მოცემულ შემთხვევაში ადგილი აქვს ინტერესთა კონფლიქტს, რაც გამოვლინდა შემდეგში:
გამყიდველი (შპს „ფალავანი“) და მყიდველი (ფედერაცია) − დაკავშირებული მხარეები, არიან ფედერაციის პრეზიდენტის ახლო ნათესავები (შვილები), რომლებიც შრომით ურთიერთობაში არიან ფედერაციასთან, ამავდროულად წარმოადგენენ შპს „ფალავნის“ დამფუძნებლებს.” – წერს ფლანგვის დეტექტორი, რომელიც ასევე მიუთითებს, რომ გელა ბერუაშვილმა თავის შვილს ხელფასის სახით ბიუჯეტიდან 25,375 ლარი ჩაურიცხა.

