პოლიციელებმა არასრულწლოვანს სცემეს. ინციდენტი თბილისში, მოსკოვის გამზირზე მოხდა. 14 წლის დაზარალებული “კურიერთან” ყვება, რომ თავს ორი სამართალდამცველი დაესხა, რომლებმაც მას ჯერ თავის არეში მუშტი ჩაარტყეს, შემდეგ კი მის წინააღმდეგ მათრახი გამოიყენეს.
ადგილზე მისულ სხვა ეკიპაჟის წევრებს კი თავდასხმაში მონაწილე პოლიციელებმა უთხრეს, რომ მოზარდმა დაზიანებები დაცემის შედეგად მიიღო.
არასრულწლოვანი პოლიციაში გამოკითხეს და მალევე გაათავისუფლეს. მას დაზიანებები სახის არეში გარეგანი დათვალიერების შედეგადაც ეტყობა. შსს-მ კი გამოძიება ქურდობის მუხლით დაიწყო.
უწყებაში აცხადებენ, რომ ცემის შესახებ შეტყობინება არ შესულა.
“პოლიციელები შემომივარდნენ და დამაგდეს ძირს. ერთმა ფეხი დამაჭირა ზურგზე და ერთი კი თავში მირტყამდა. მათრახი ეჭირა ხელში. ბევრნი რომ მოვიდნენ ამაყენა და უთხრა, რომ წაიქცაო. იქ ჩემი სისხლი ესხა. ექსპერტები რომ მოვიდნენ, ყველაფერი გააკეთეს და გადამიყვანეს განყოფილებაში, განყოფილებიდან კი გამომიშვეს მერე სახლში,”-აცხადებს არასრულწლოვანი.
რუსთავი 2

