“ასეთი ტიპის ბრალდებები უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევაა და დისონანსი შემოაქვს გუნდში” -“ოცნების” ე.წ. ახლების გუნდი ბესელიას წინააღმდეგ

"ასეთი ტიპის ბრალდებები უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევაა და დისონანსი შემოაქვს გუნდში" -"ოცნების" ე.წ. ახლების გუნდი ბესელიას წინააღმდეგ“ქართული ოცნების” ე.წ. ახლების გუნდში აცხადებენ, რომ უნდა დადგინდეს ვინ იყო ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელების ინიციატორი და პირველწყარო.

რაც შეეხება ეკა ბესელიას მინიშნებებს, რომ კადრები შესაძლოა გავრცელებული ყოფილიყო მოსამართლეების მხრიდან ან “ნაციონალური მოძრაობიდან” “ქართულ ოცნებაში” პორტირებული პირებისგან, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევად აფასებს.

„ასეთი ტიპის „ბრალდებები“ არის უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევა და დისონანსი შემოაქვს გუნდში. ასე ხელაღებით დაბრალება ადამიანებისთვის ვფიქრობ, რბილად რომ ვთქვათ, არაკორექტულია.მაქვს ჩემი მოსაზრებები, ვის შეიძლება აწყობდეს ასეთი საზიზღრობის გავრცელება, ის ადამიანები და ის ჯგუფები, რომლებიც საბოლოდ დარჩნენ მოგებული, “ქართული ოცნება” ნამდვილად არ დარჩა მოგებული. როცა ასეთი ტიპის საშინელება ვრცელდება უნდა დავსვათ პირველ რიგში კითხვა- ვის აწყობდა ეს ყველაფერი?- და აქედან გამომდინარე გვექნება ლოგიკური პასუხები“ -ამბობს კილაძე.

საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი წევრი დიმიტრი ხუნდაძე ღია მინიშნებებს აკეთებს. ის ამბობს, რომ უნდა დადგინდეს კადრების გავრცელების პირველწყარო, მისი თქმით – დირიჟორი.ხუნდაძე განმარტავს, რომ მსგავსი კადრების ავტორები და დირიჟორები ისედაც ცნობილია.

„ავტორები და რეჟისორები ვიცით, მაგრამ ვინ გამოიყენა კიდევ ერთხელ?- ვფიქრობ, კვალი უნდა მიდიოდეს იქ, სადაც დაგეგმილი იქნა ასეთი კადრებით, ასეთი ბინძური მეთოდებით პოლიტიკური ბრძოლა,“- განახადა ხუნდაძემ.