“ბიძინა ივანიშვილი სალომე ზურაბიშვილს უსაფრთხოების საბჭოში შეიყვანს”

"ბიძინა ივანიშვილი სალომე ზურაბიშვილს უსაფრთხოების საბჭოში შეიყვანს"კონსტიტუციონალისტი ავთანდილ დემეტრაშვილი “ახალ თაობასთან” ინტერვიუში საუბრობს, უნდა იყოს თუ არა პრეზიდენტი წარმოდგენილი ეროვნული უსაფრთხოების საბჭოში.
– ბატონო ავთანდილ, სალომე ზურაბიშვილი უსაფრთხოების საბჭოში მისი, როგორც პრეზიდენტის, მონაწილეობას ითხოვს. “ქართული ოცნების” დეპუტატები, კონსტიტუციონალისტების ნაწილი მიიჩნევს, რომ ის არბიტრია და არ უნდა იღებდეს აღმასრულებელ ხელისუფლებაში მონაწილეობას. თქვენი პოზიცია როგორია?
– სალომე ზურაბიშვილის ეს პოზიცია ახალი არ არის. კონსტიტუციის ახალი რედაქცია როდესაც მუშავდებოდა, ის ამბობდა, რომ პრეზიდენტის პირდაპირი არჩევნები უნდა იყოს, რომ არ უნდა გაუქმდეს ეროვნული უშიშროების საბჭო და ა.შ. ოთხი წინადადება ჰქონდა სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიაში წარმოდგენილი. მისი ერთ-ერთი ძველი პოზიციაა, რომ პრეზიდენტი პოლიტიკური პროცესების აქტიური მონაწილე უნდა იყოს.
ამდენად, ჩემთვის სულაც არ არის მოულოდნელი, რომ ის ითხოვს უსაფრთხოების საბჭოში ჩართვას, როგორც წევრის.
კონსტიტუციურად, პრეზიდენტი, რომელიც პირდაპირი წესით არის არჩეული და ყველაზე მაღალი ლეგიტიმაცია აქვს ხალხისგან, ქვეყნის პოლიტიკის განსაზღვრაში მონაწილეობას უნდა იღებდეს. ამას საფუძველი აქვს მოქმედ კონსტიტუციაში. პირველ რიგში, ის არის სახელმწიფოს მეთაური. არა პარლამენტის, არა მთავრობის, არამედ მთლიანად სახელმწიფოსი.
მეორე, პრეზიდენტი არის შეიარაღებული ძალების უმაღლესი მთავარსარდალი.
რა საკითხები უნდა განიხილოს უსაფრთხოების საბჭომ თუ არა სწორედ ქვეყნის, ეროვნული ინტერესები და უსაფრთხოების საკითხები, სამხედრო საკითხები?! და თუ მთავარსარდალია პრეზიდენტი, მაშინ ეს ის საკითხებია, რომელთა გადაწყვეტაში მონაწილობა უნდა მიიღოს თავად პრეზიდენტმა.
კონსტიტუცია პირდაპირ გვეუბნება, რომ ხელისუფლებები ერთმანეთში უნდა თანამშრომლობდნენ. ხელისუფლების დანაწილება არა მხოლოდ განცალკევებას, არა მხოლოდ შეკავება-გაწონასწორობას ითვალისწინებს, არამედ თანამშრომლობასაც.
მითხარით ერთი ორგანო მაინც, სადაც ქვეყანაში განსაკუთრებული მდგომარეობის დროს პრემიერ-მინისტრი, პრეზიდენტი და პარლამენტის თავმჯდომარე იყვნენ წარმოდგენილი.
ასეთი ორგანოა უნდა იყოს უსაფრთხოების საბჭო, სადაც სწორედ ეს ხელმძღვანელი პირები უნდა იყვნენ წარმოდგენილი. მე არ მესმის, რატომ არ უნდა მიიღოს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოში მონაწილეობა პრეზიდენტმა! პრეზიდენტი ითხოვს, რომ მისი პოზიციაც იყოს მოსმენილი და სხვა არაფერი.
– კონსტიტუციონალისტების ნაწილი მიიჩნევს, რომ არბიტრია პრეზიდენტი.
– და თუ ინფორმაცია არ ექნება, როგორი არბიტრი იქნება?! ჯერ ერთი, არბიტრი კი არ არის პრეზიდენტი, ის არის სახელმწიფოს მეთაური, ყველაზე მაღალი ლეგიტიმაციის მქონე პირი ქვეყანაში. ამიტომ მე მხარს ვუჭერ პრეზიდენტის ამ წინადადებას, დიახ, ის უნდა იყოს ახალ, რეფორმირებულ ეროვნული უსაფრთხოების საბჭოში წარმოდგენილი.
– შეიძლება ეს საკითხი მთავრობასა და პრეზიდენტს შორის დაპირისპირების მიზეზი გახდეს?
– არა, არა, ჯერ ადრეა. სალომე ზურაბიშვილი არის პრინციპული პოზიციის მქონე ადამიანი, ეს იცის ყველამ, მათ შორის იციან მთავრობაშიც და ამიტომ ის ყოველთვის ეცდება, თავისი პრინციპული პოზიცია დაიცვას და გაიტანოს.
თუმცა, ერთიც კი არის – მას არ ავიწყდება, რომ მხოლოდ “ქართული ოცნების” მხარდაჭერით გავიდა პრეზიდენტის არჩევნებში და გახდა გამარჯვებული. ჯერ მადლიერების გრძნობა უფრო ძლიერია, ვიდრე სხვა ქვენა გრძნობები. ამიტომ, მე გამოვრიცხავ მწვავე დაპირისპირებას.
– თუ კონსტიტუციაც უშვებს ამას, მაშინ რატომ ეწინააღმდეგება მთავრობა, პარლამენტი პრეზიდენტის მონაწილეობას უსაფრთხოების საბჭოში?
– ჩემთვის ნამდვილად მოულოდნელია ირაკლი კობახიძის პოზიცია, რადგან მან, როგორც მაღალი დონის კონსტიტუციონალისტმა, ნამდვილად უნდა იცოდეს, რომ ხელისუფლებები ერთმანეთს არა მხოლოდ ეპაექრებიან, არამედ ეთანამშრომლებიან კიდეც.
პრეზიდენტი არ არის განცალკევებული ორგანო ხელისუფლებისგან. ასევე ნუ გვავიწყდება, რომ პრეზიდენტი პირდაპირი გზით არის არჩეული და მას მანდატი ხალხისგან აქვს.
– თუ პარლამენტი შეეწინააღმდეგება, როგორ გაიტანს ამ მოთხოვნას?
– როგორ ჩანს, ჯერ ბიძინა ივანიშვილის ყურამდე არ მისულა ეს ამბავი. მე მაინც ვფიქრობ, რომ მის ამ მოთხოვნას ბიძინა ივანიშვილი დააკმაყოფილებს.
ნათია ხურცილავა, ახალი თაობა