ჩანაწერების საქმეზე ზურაბ სოლომნიშვილს პატიმრობა შეეფარდა, 7 პირს – გირაო

ჩანაწერების საქმეზე ზურაბ სოლომნიშვილს პატიმრობა შეეფარდა, 7 პირს - გირაოაღკვეთის ღონისძიების სახით სასამართლომ ფარული ვიდეოჩანაწერების საქმეზე დაკავებული რვა პირიდან შვიდს გირაო, ხოლო ერთს პატიმრობა შეუფარდა.

აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა ზურაბ სოლომნიშვილს, რომელსაც გამოძიება ფარული ჩანაწერის იუთუბზე განთავსებას ედავება. აღკვეთის ღონისძიების სახით ირმა ხოროიშვილს – 10.000 ლარის, ინგა ხოროიშვილს – 2.000 ლარის, სერგო ირემაშვილს – 5.000 ლარის, გიორგი ფარცვანიას – 5.000 ლარის, სპირიდონ სურამელს – 10.000 ლარის, გიორგი კასრაძეს – 5.000 ლარის, ბადრი ჩოფრიანს – 5.000 ლარის ოდენობის გირაო შეეფარდათ.

სასამართლოს სხდომა, ბრალდების მხარის შუამდგომლობით, ნაწილობრივ დახურულ რეჟიმში მიმდინარეობდა.

ზურაბ სოლომნიშვილმა განმიმარტა, რომ მას პირადად არ აუტვირთავს ეს ჩანაწერი იუთუბზე, – ამის შესახებ ზურაბ სოლომნიშვილის ადვოკატმა მუხრან ღურწკაიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

„გადაწყვეტილება, რომელიც სასამართლომ მოიღო, აბსოლუტურად დაუსაბუთებელია ჩემი დაცვის ქვეშ მყოფთან მიმართებაში. შვიდ ადამიანს, ვისზეც ბრალდების მხარე პატიმრობას ითხოვდა, სასამართლომ ყველას გირაო შეუფარდა. იგივე მუხლისთვის ედებოდა ბრალი ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს და მას პატიმრობა შეუფარდა.

სრულიად დაუსაბუთებელია მოსამართლის პოზიცია ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების გამოყენებასთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, ამ განჩინებას გავასაჩივრებთ კანონით დადგენილ 48-საათიან ვადაში და დაველოდებით სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას.

ზურაბ სოლომნიშვილმა განმიმარტა, რომ მას პირადად არ აუტვირთავს ეს ჩანაწერი youtube-ზე. შესაძლებელია, რომ მისი “იუზერიდან” მოხდა აღნიშნული ინფორმაციის ატვირთვა, მაგრამ პირადად მას არ აუტვირთავს.

სწორედ პირადი ცხოვრების ამსახველი ჩანაწერების გავრცელებას ედავებიან სხვა ბრალდებულებსაც, კვალიფიკაცია არის აბსოლუტურად ერთი და იგივე და რატომ გამოარჩია ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი პატიმრობისთვის, ეს იყო გაუგებარი. რა მნიშვნელობა აქვს იუთუბზე ატვირთავ თუ ფეისბუქზე”, – განაცხადა ადვოკატმა.

ბრალდების მხარეს მიგვაჩნია, რომ აღნიშნული 7 პირის მიმართ არსებობდა კანონით გათვალისწინებული საფუძველი იმისათვის, რომ მათ მიმართ პატიმრობა ყოფილიყო გამოყენებული, – ამის შესახებ ფარული ჩანაწერების საქმის პროკურორმა თორნიკე მარსაგიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

სასამართლომ ბრალდების მხარის შუამდგომლობა პატიმრობის შეფარდების ნაწილში მხოლოდ ერთი პირის მიმართ დააკმაყოფილა.

„8 პირიდან შვიდზე აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა იყო მოთხოვნილი. ბრალდების მხარეს მიგვაჩნია, რომ აღნიშნული 7 პირის მიმართ არსებობდა კანონით გათვალისწინებული საფუძველი იმისათვის, რომ მათ მიმართ პატიმრობა ყოფილიყო გამოყენებული, ხოლო ერთ პირზე მოთხოვნილი იყო გირაო პატიმრობის უზრუნველყოფით. სასამართლომ პატიმრობის ნაწილში მხოლოდ ერთი პირის მიმართ გაიზიარა ბრალდების მხარის შუამდგომლობა. დანარჩენი 7 პირის მიმართ სასამართლოს მიერ გამოყენებულ იქნა სხვადასხვა ოდენობის გირაო პატიმრობის უზრუნველყოფით”, – განაცხადა პროკურორმა.