დავით ქაცარავა – “რუსეთი ხაშურის ტყეების მიტაცებას აპირებს”

დავით ქაცარავა - "რუსეთი ხაშურის ტყეების მიტაცებას აპირებს"მიმდინარეობს თუ არა ახალი ტერიტორიების ოკუპაცია, რა ხდება ხაშურის რაიონის სოფლებში და ჩორჩანას ტყეში? “ახალი თაობის” ამ და სხვა კითხვებს სამოქალაქო მოძრაობა ძალა ერთობაშია-ს ლიდერი დავით ქაცარავა პასუხობს.
– ბატონო დავით, რა ხდება ხაშურის რაიონის სოფლებში?
– ამბავი არ დაწყებულა გუშინ, გუშინწინ, ან თუნდაც ორი-სამი კვირის წინ. 2018 წლის ივნისში, ჩვენი მოძრაობა ძალა ერთობაშია ჩავიდა სოფელ აბანოში, რომელიც ესაზღვრება ამ ტყეებს და საბადოებს და 3 თვის განმავლობაში 24 საათიან პატრულირებას აწარმოებდა.
– რატომ ჩახვედით სოფელ აბანოში?
– იმიტომ, რომ ოსური მხარის ე.წ. პარლამენტში შეიქმნა ტერიტორიების დაბრუნების საპარლამენტო კომისია, რომელიც განიხილავდა ამ ტერიტორიების, ჩორჩანის ტყის და ჩორჩანის ტყეში მდებარე ტალკის საბადოებისა და სოფელ აბანოში მდებრე დოლომიტის საბადოს დაბრუნებას. ამასთან ერთად გაჟღერებული იყო კობის, თრუსოს ხეობის, დარიალის ხეობის საკითხი.
ჩვენ ჩამოვედით აბანოში, 3 თვის განმავლობაში ვიმყოფებოდით აქ, ვპატრულირებდით და ამ პერიოდში ჩვენ არ გვაძლევდნენ საშუალებას, შევსულიყავით ჩორჩანის ტყეებში.
– არ გიშვებდნენ?
– დიახ, დიდი წინააღმდეგობა იყო. მხოლოდ რამდენიმეჯერ, დიდი კონვოის თანხლებით მოვახერხეთ ჩორჩანას ტალკის ორ საბადოზე ჩასვლა. ზაფხულის შემდეგ ეს სიტუაცია კიდევ უფრო გააქტიურდა. დაახლოებით ერთი თვის წინ აქ გაჟღერდა ინფორმაცია, რომ რუსმა ოკუპანტებმა, ადგილობრივი კოდელი ახალგაზრდა მონადირე დააკავეს ამ ტყეებში.
ეს ტყეები ყოველთვის იმყოფებოდა ხაშურის რაიონის მუნიციპალიტეტის იურისდიქციის ქვეშ და არანაირი თეორიული შესაძლებლობა და იმის დაშვებაც კი არ შეიძლებოდა ყოფილიყო, რომ დეფაქტო ცხინვალის რეგიონის ადმინისტრაციულ საზღვარში ოდესმე ყოფილიყო ეს უზარმაზარი ტერიტორია, რომელზეც პრეტენზიას აცხადებენ ოკუპანტები.
– ახალგაზრდა მონადირის დაკავება როდის მოხდა?
– ეს ახალგაზრდა დააკავეს დაახლოებით ერთი თვის წინ და ეს ხდებოდა შუაგულ, ჩვენ მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე.
მას შემდეგ, რაც შსს-ს და სუს-ის მიერ დადასტურდა გატაცების ფაქტი, ჩვენ აქტიურად შევუდექით პატრულირებას აღნიშნულ ტყეში და ჩვენმა პატრულირებამ გამოიღო შედეგი. პირველივე დღეებში აქტიურად დავიწყეთ მუშაობა და ამ ბიჭის მითითებით ჩვენ ვიპოვეთ რიგი ნიშნულებისა, უფრო კონკრეტულად 23 ნიშნული, რომელთა მიხედვითაც, რუსი ოკუპანტები ჩვენს კონტროლირებად ტერიტორიაზე პატრულირებდნენ.
– ჩორჩანას ტყეში?
– დიახ, ჩორჩანას ტყეში. ეს არის სოფელ წნელისის თავზე. წნელისი კი არის ოკუპირებული. ჩვენ რა ნიშნულებიც ვიპოვეთ, ამის შესახებ ჩავაყენეთ საქმის კურსში პოლიცია, ასევე გასაჯაროვეთ ეს ინფორმაცია. რამდენიმე დღე ვეძებდით საბადოს ტერიტორიის გარშემო ნიშნულებს, რადგან ადგილობრივმა მოსახლეობამ მოგვცა ეს მინიშნება და ინფორმაცია, რომ უკვე საბადოს ტერიტორიაც მონიშნული ჰქონდათ და რამდენიმე დღიანი ძებნის შემდეგ ჩვენ ეს ნიშნულები ვიპოვეთ.
აქ უკვე საუბარი არ არის იმაზე, რომ შეიძლება ეს ვიღაც მეტყევეს მონიშნული იყოს, რადგან ეს სრული აბსურდია. ჩვენ ყველამ ვიცით, რომ ეს არის ოკუპანტების მიერ მონიშნული ტერიტორიები.
– ეს რა მოცემულობას ქმნის?
– ეს ნიშნავს იმას, რომ თუ სასწრაფოდ არ იქნება მიღებული ზომები, ამ ტყეს და იქ მდებარე 3 ტალკის და 1 პემზის საბადო აღმოჩნდება ოკუპანტების ხელში. ისინი ამას უპრობლემოდ განახორციელებენ.
7 თებერვალს აქ პოლიციის თანხლებით ვიყავით და ყველა შევთანხმდით იმაზე, რომ ეს სწორედ ის ნიშნულებია, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ.
– რატომ არაფერს ამბობს ხელისუფლება ამის თაობაზე?
– ეს ქმედება შეიძლება ისევ და ისევ იმ არგაღიზიანების პოლიტიკის ფარგლებში იყოს განხილული – ოღონდაც რუსი არ გაგვიბრაზდეს და გააკეთოს, რაც უნდა.
მინდა ვიყო დარწმუნებული, რომ ხელისუფლება სხვაგვარად ფიქრობს და სხვაგვარად მოქმედებს, თუმცა ასე არ არის. ხელისუფლება ამ საკითხებზე უნდა საუბრობდეს, აკეთებდეს მკვეთ და მკაფიო განცხადებებს, იკავებდეს კრიტიკულ პოზიციას. დიდი იმედი მაქვს, რომ ერგნეთის შეხვედრაზე ამ საკითხებს დააყენებს ქართული მხარე და მკაცრად მოითხოვს პასუხს იმ გადამეტებულ მოქმედებებზე, რასაც ახალი ტერიტორიების ოკუპაციის მცდელობა ჰქვია.
– ხურვალეთში ოკუპანტების მიერ სათვალთვალო კოშკურა დამონტაჟდა, ამასთან დაკავშირებით რა ინფორმაცია გაქვთ?
– ხურვალეთში სათვალთვალო კოშკურა დაიდგა ოკუპანტების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე. ეს კოშკურა დადგეს პირდაპირ მავთულხლართებთან.
ეს ძალიან ცუდი ნიშანია. ბოლო პერიოდში ძალიან გააქტიურებულია საოკუპაციო რეჟიმი ხურვალეთის მიმდებარე ტერიტორიაზე. ძალიან აქტიურად რაღაცისთვის ემზადება, ისინი, როგორც მინიმუმ, კიდევ დამატებითი ტერიტორიის მიტაცებისთვის ემზადებიან ხურვალეთის ტერიტორიაზე.
ჩვენ ამაში ხელს შევუშლით და ამაზე რეაგირებისთვის ჩვენ ერთი საათი დაგვჭირდება, ატოციდან რომ გადავისროლოთ ჩვენი ჯგუფები და ხელი შევუშალოთ მათ ბორდერიზაციაში. თუმცა, მხოლოდ მოხალისეების ხარჯზე არ უნდა ხდებოდეს ეს.
– ხელისუფლება უნდა აქტიურობდეს ამ კუთხით?
– ხელისუფლება დღეს უკვე ძალიან აქტიურ ქმედებებს უნდა ახორციელებდეს და უნდა ეუბნებოდეს ოკუპანტს, რომ არცერთი კვადრატული სანტიმეტრის დათმობას არ ვაპირებთ!
ხურვალეთში ძალიან მალე ოკუპანტები ძალიან აქტიურ ქმედებებზე გადავლენ და მოქმედებებს დაიწყებენ უკვე ჩვენ მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე და დაიწყებენ დამატებით მიწების მიტაცებას. მე შემიძლია დოკუმენტურად გაჩვენოთ ის მოცემულობა, რაც გახლავთ ხურვალეთში.
– რას გულისხმობთ?
– ის საოკუპაციო ხაზი, რომელიც ჩვენთვის სამწუხარო მოცემულობაა, რომლისთვისაც თვალის არიდება შეუძლებელია, ეს საოკუპაციო ხაზი არსებობს და ოკუპანტები ავლებენ ახალ საოკუპაციო ხაზებს.
ხურვალეთის შემთხვევაში ჩვენ გვაქვს უკვე ბორდერიზებული ტერიტორია, რომლის დადასტურება ძალიან მარტივად არის შესაძლებელი ჯიპიეს კოორდინატებით, მათ დამატებით, საოკუპაციო ხაზიდან, საშუალოდ 100 მეტრი კიდევ დამატებით აქვთ მიტაცებული ხურვალეთის მიწები და ამის დადასტურება ძალიან მარტივადაა შესაძლებელი – ყველა საოკუპაციო ხაზიდან საზღვარი 60-70 მეტრით არის გადმოწეული და ჯამში ეს მრავალ ჰექტარ მიწას წარმოადგენს.

ნონა ცაბაძე, ახალი თაობა