ეკა ბესელიას კადრები ბუბა ლომთათიძემ ერევნის ციხიდან ატვირთა

ეკა ბესელიას კადრები ბუბა ლომთათიძემ ერევნის ციხიდან ატვირთაკურიერის ექსკლუზივი – ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები ინტერნეტში ერევნის ციხიდან აიტვირთა.

ერევნის უმკაცრესი რეჟიმის ციხეში უკვე ცხრა თვეა, სასჯელს საქართველოს მოქალაქე – ბუბა ლომთათიძე, იხდის. სწორედ მან ატვირთა პირველმა სოციალურ ქსელში ღია კედელზე დეპუტატ ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები.

ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების საქმის მასალები კურიერს სანდო წყარომ მიაწოდა.

კიბერდანაშაულის დეპარტამენტის გამომძიებელი, შოთა ჯანჯღავა, პატაკში სამინისტროს მაღალჩინოსნებს წერს, რომ ბუბა ლომთათიძეა ადამიანი, ვინც ბესელიას კადრებს ღია სივრცეში ავრცელებს.

პატაკში წერია, რომ ლომთათიძემ ბესელიას ვიდეომასალა გააზიარა, ანუ კადრები სხვისი ფეისბუქის გვერდზე იყო ატვირთული და კადრები მის პირად გვერდზე გადმოიტანა, თუმცა, რეალობა სულ სხვაა. ერევნის ციხის ქართველმა პატიმარმა კადრები 28 იანვარს თავად ატვირთა. ანუ ის იყო ვიდეომასალის გავრცელების წყარო, თუმცა, ეს ფაქტი შს თანამშრომელმა პატაკში არ ასახა.

სოციალური ქსელით გავრცელებულ განცხადებაში ბუბა ლომთათიძე წერს, რომ ვიდეომასალის გასაჯაროვების მიზეზი მხოლოდ ბიძინა ივანიშვილმა იცის.

ამ აღიარებითი წერილის მიუხედავად, შს სამინისტროს ბრალი ბუბა ლომთათიძისთვის ამ დრომდე არ წარუდგენია.

კანონის თანხმად, განცხადება, სადაც ლომთათიძე ივანიშვილის გვარს ახსენებდა, პოლიციას საქმეში რომ ჩაედო, მაშინ ბესელიას პირადი ცხოვრების კადრების გავრცელების საქმეზე ივანიშვილის დაკითხვაც მოუწევდა.

მოქალაქე სასჯელს განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი მკვლელობისთვის, საკუთარ მეუღლესთან ერთად, ერევნის ციხეში უკვე 9 თვეა, ბრალდებულის სტატუსით იხდის. სომეხი სამართალდამცველები მას 60 წლის ტაქსის მძღოლის მკვლელობას ედავებიან.

ბუბა ლომთათიძე კურიერისთვის მიცემულ ინტერვიუში ვრცლად საუბრობს მის დაპირისპირებაზე ივანიშვილების ოჯახთან და მის კონფლიქტზე ურეკის პოლიციასთან.

გაზეთ ქრონიკა+-ის რედაქტორი, ელისო კილაძე, აცხადებს, რომ ხელისუფლების ინტერესში საქმის გამოძიება არ არის, რადგან ობიექტური გამოძიების შემთხვევაში, კვალი სწორედ ოცნების მაღალჩინოსნებამდე მივა.

პირველად ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები ელისო კილაძის ოფისში 2016 წელს მიიტანეს. მაშინ კადრების გასაჯაროვება ქართული ოცნების მხარდამჭერმა გელა ღურწკაიამ სცადა. ღურწკაიამ ქრონიკა პლიუსის ოფისში კადრები სუს-ის ყოფილ მაღალჩინოსან ნიკოლოზ ხაჭაპურიძესთან ერთად, მიიტანა.

ხაჭაპურიძემ დანაშაული საკუთარ თავზე აიღო, რის სანაცვლოდაც პროკურატურამ მას საპროცესო შეთანხმება გაუფორმა და მან საპატიმრო დატოვა.

ნიკოლოზ ხაჭაპურიძესთან გასაუბრება კურიერმა სცადა, თუმცა ის დაიმალა.

2016 წელს გამოძიების დაწყების მომენტში ოფიციალურად ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების კადრები მხოლოდ ორ ადგილას უნდა ყოფილიყო – პროკურატურაში, რომელიც საქმეს იძიებდა და სასამართლოში, სადაც ამ საქმის განხილვა მიმდინარეობდა.

ადვოკატი ირაკლი ფხალაძე, რომელიც ამავე საქმეზე ბრალდებული იყო, ყვება, როგორ გადადიოდა ხელიდან ხელში ეს კადრები და როგორ უწყობდნენ ამ პროცესს ხელს პროკურორები.

ოცნების ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, საჯარო სივრცეში ორი პოლიტიკოსის, ერთი ჟურნალისტის, საზოგადოებისათვის ცნობილი რამდენიმე ადამიანის ვიდეომასალა გავრცელა. ვერცერთ შემთხვევაში გამოძიებამ ვერ დაადგინა, საიდან გაჟონა და ვინ ატვირთა მასალა, რომელთაც ადამიანებს მორალური ტერორი მოუწყვეს.

შსს-მ შაბათის კურიერის ანონსის გასვლის შემდეგ დაადასტურა, რომ ერევნის ციხის ქართველი პატიმარი დეპუტატის საქმეში ფიგურირებს.

უწყების ინფორმაციით, სომხეთის ერთ-ერთ ციხეში ჩხრეკაც ჩატარდა და მობილური ტელეფონიც ამოღებულია, თუმცა, პოლიციის განცხადებაში არაფერია ნათქვამი, რატომ მალავდნენ ამ ამბავს მანამდე, ვიდრე ფაქტის შესახებ კურიერმა არ გაიგო და ინფორმაცია არ გაასაჯაროვა.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში, 28 იანვრიდან მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ამ ეტაპზე დგინდება, რომ facebook-ის გვერდზე ერთ-ერთმა მომხმარებელმა – buba lomtatidze-მ საკუთარ გვერდზე ატვირთა სხვისი პირადი ცხოვრების საიდუმლოების ამსახველი კადრები.

ქართველი სამართალდამცველების მიერ გატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების, ინტერნეტსივრცის მონიტორინგის და FACEBOOK-ის ადმინისტრაციასთან თანამშრომლობის შედეგად, პირადი ცხოვრების საიდუმლოების ამსახველი მონაცემის გავრცელებისთანავე დადგინდა, რომ facebook-ის გვერდით – buba lomtatidze-ის სარეგისტრაციო სახელით, სავარაუდოდ, სარგებლობდა საქართველოს მოქალაქე დ.ი. მან სოციალური ქსელის მეშვეობით მიმდინარე წლის იანვარში ინტერნეტსივრცეში არაერთხელ გაავრცელა პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები.

საქართველოს მოქალაქე დ.ი. მეზობელ ქვეყანაში ჩადენილი მძიმე დანაშაულისთვის – მკვლელობისთვის ამჟამად სასჯელს სომხეთის ერთ-ერთ ციხეში იხდის.

დ.ი.-მ საქართველოს საზღვარი, მეუღლესთან ერთად, 2016 წლის ნოემბერში გადაკვეთა.

ქართველი და სომეხი სამართალდამცველების თანამშრომლობით საქართველოს მოქალაქის საკნის ჩხრეკისას ამოღებულია მისი კუთვნილი samsung-ის მოდელის მობილური ტელეფონი.

შინაგან საქმეთა სამინისტრო აგრძელებს თანამშრომლობას სომეხ კოლეგებთან, ტარდება შესაბამისი ღონისძიებები, დამატებითი მტკიცებულებების მოპოვების მიზნით.

საზოგადოებას შევახსენებთ, რომ პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელების საქმეზე გამოძიების ფარგლებში შინაგან საქმეთა სამინისტრომ 17 პირი დააკავა, მათ შორის პირი, რომელმაც youtube-ზე კადრები ატვირთა.

პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე გრძელდება გამოძიება საქართველოს სსკ-ს 157 პრიმა მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით.

ადამიანების პირადი ცხოვრების ამსახველი მასალის უკანონო მოპოვება, შენახვა და გავრცელება სისხლის სამართლის დანაშაულია. სისხლის სამართლის წესით ისჯება პირადი ცხოვრების ამსახველი მასალის, როგორც ნებისმიერი საშუალებით გავრცელება (მათ შორის მობილური აპლიკაციის მეშვეობით გადაგზავნა), ასევე, მისი შენახვა, რაც ისჯება 4-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთით.

გვსურს, კიდევ ერთხელ მოვუწოდოთ საზოგადოებას, არ ჩაერთონ დანაშაულებრივ საქმიანობაში, ან მის წახალისებაში და შეწყვიტონ მსგავსი ვიდეოჩანაწერის ნებისმიერი სახით გავრცელება. წინააღმდეგ შემთხვევაში, სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან მიღებული იქნება კანონით გათვალისწინებული ზომები,“ – აღნიშნულია უწყების განცხადებაში.

რუსთავი 2