“იურიდიულმა კომიტეტმა პირდაპირ ეთერში საკუთარი რეპუტაცია ააორთქლა” – ლევან გოგიჩაიშვილი

“იურიდიულმა კომიტეტმა პირდაპირ ეთერში საკუთარი რეპუტაცია ააორთქლა” - ლევან გოგიჩაიშვილი„ქართული ოცნების“ დეპუტატის ლევან გოგიჩაიშვილის განცხადებით, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა ამომრჩევლის დაკვეთა გადახაზა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შემადგენლობის ინტერესით მოიქცა. აღნიშნული შესახებ გოგიჩაიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

„გუშინ უნიკალური შემთხვევა მოხდა. ადამიანები, რომლებიც ხმალამოღებით ამბობდნენ, რომ ეს კონსტიტუციას ეწინააღმდეგება, თავი შეიკავეს. თუ გჯერა შენი სიმართლის, ეს თავშეკავებულობა უკვე ახალი მიმდინარეობაა. როდესაც არ შეგიძლია პოზიციის დაფიქსირება, თავს იკავებს. ცოტა ხანში ძალიან ბევრი თავშეკავებული დეპუტატი გვეყოლება. ეს თავშეკავებულობა გამომდინარეობს იქიდან, რომ არ შეგიძლია გამბედავი ნაბიჯი გადადგა, არ შეგიძლია წახვიდე იმ ცუდის წინააღმდეგ, რაც რეალურად ახლა ხდება და იგონებ რაღაც აბსოლუტურად თითიდან გამოწოვილ არგუმენტს, რომ ეს თითქოს რაღაც ანტიკონსტიტუციურია, როდესაც ერთი წინადადებითაც კი არ მტკიცდება, რომ პროექტი ანტიკონსტიტუციურია. ჩვენ, კანონმდებლებმა გარდამავალი დებულება რომ დავწერეთ, ზუსტად ის ვიგულისხმეთ, რომ სანამ ბოლომდე ყველა პროცედურის გაწერა არ მოხდებოდა, შეგვეძლო 2025 წლამდე მორატორიუმი გამოგვეცხადებინა და მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის უფლება შეგვეჩერებინა“, – განაცხადა გოგიჩაიშვილმა