“კახა კალაძე ირაკლი კობახიძეს და მის გუნდს გაემიჯნა”

"კახა კალაძე ირაკლი კობახიძეს და მის გუნდს გაემიჯნა"რას აკეთებდა ზარდიაშვილი სკვერში მოსამართლეებთან ერთად, რა თქვა კალაძემ კობახიძეზე, ვისთან ერთად ქმნის “ოცნების” ძველი გვარდია ალიანსს, ვინ ავრცელებს პირადი ცხოვრების ამსახველ კადრებს? – ამის შესახებ “ახალ თაობას” სამოქალაქო აქტივისტი ლადო სადღობელაშვილი ესაუბრება.
ლადო სადღობელაშვილი:
– ის, რაც ქვეყანაში ხდება, უკვე არანაირ ჩარჩოებში აღარ ჯდება. ოპონენტის წინააღმდეგ პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებას არანაირი გამართლება არ აქვს.
სამწუხაროდ საქართველოში ფარული კადრები პოლიტიკური ბრძოლის იარაღად გადაიქცა. “ქართულმა ოცნება” ხელისუფლებაში ასეთი კადრებით მოვიდა, ეს ერთადერთი შემთხვევაა, როცა ფარული კადრების გავრცელებას მივესალმე. ეს არ ყოფილა პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები. ამ ჩანაწერებიდან გაიგო მთელმა ქვეყანამ, რომ სააკაშვილის რეჟიმი ციხეში პატიმრებს აუპატიურებდა.
ეს კადრები პირადად მე არაერთხელ ვაჩვენე ხალხს. ამას იმიტომ ვაკეთებდი, რომ მათთვის დამენახვებინა, თუ რას წარმოადგენდა რეჟიმი სინამდვილეში.
პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ რაიმე სახის ფარული ჩანაწერის გავრცელება არის უზნეობა. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა პოლიტიკოსს ასეთ რამეს უკეთებენ.
ახლა ასეთი კადრები ეკა ბესელიაზე გაავრცელეს და ყველანი ვხვდებით, რატომაც. არც ის არის ძნელი გამოსაცნობი, თუ ვინ დგას ამის უკან.
– თქვენ იცით, ვინ დგას ამის უკან?
– კონკრეტული სახელების და გვარების დასახელება არ შემიძლია, მაგრამ ამ ფირების უკან ის ხალხი დგას, ვინც სასამართლოდან მურუსიძე-ჩინჩალაძის ჩამოცილებას ეწინააღმდეგება.
ამ საზიზღრობასთან დაკავშირებით ეკა ბესელიამ სოციალური ქსელით განცხადება გაავრცელა. მას იქაც დავუწერე კომენტარი და აქაც ვიტყვი და მივწერე. ეკას მივწერე, რომ როცა მართალი და მაგარი ხარ, სწორედ მაშინ გიწყებენ ასეთი მიუღებელი მეთოდებით ბრძოლას. ბესელიას მაშინ ურტყამენ წელსქვემოთ, როცა წელსზემოთ ვერ ერევიან.
მე არ ვამტკიცებ, რომ ამ კადრების გავრცელების უკან მოსამართლეები დგანან, მაგრამ ეს ყველაფერი დროში დაემთხვა მოსამართლე გიორგი მიქაუტაძეზე გავრცელებულ კადრებს.
თამარ ხაჭაპურიძემ გაავრცელა კადრები, სადაც ჩანს, რომ მიქაუტაძე არასრულწლოვანს ურტყამს. იმ დროს ეკა ბესელია ლონდონში იყო. როგორც ჩემი წყარო მიყვება, ამ კადრების გავრცელება მიქაუტაძემ ერთგვარ სიგნალად მიიღო. მან ჩათვალა, რომ მის წინააღმდეგ დაიწყო კომპრომატებით ბრძოლა.
– არც ეს არის გამართლებული.
– არ ვამართლებ, მაგრამ კომპრომატი ერთია და მეორეა – პირადი ცხოვრების ამსახველი მასალები.
– პირადი ცხოვრების ამსახველი კადრებიც კომპრომატია.
– ეს კომპრომატი აღარ არის, ეს კომპრომატზე მეტია. მიქაუტაძესთან დაკავშირებით მართლა კომპრომატი გავრცელდა. მოსამართლე როცა ხარ, მუშტებს არ უნდა იქნევდე.
ეს მიქაუტაძე სააკაშვილის მიერ კონტროლირებადი მოსამართლეა. ის “ოცნებასაც” კარგად მოერგო. სხვათა შორის, ეგ იყო პირველი მოსამართლე, რომელმაც მე უზარმაზარი ჯარიმა მტკიცა.
– როდის და რისთვის გტკიცათ ეს ჯარიმა?
– 2014 წლის სექტემბერში ნაციონალების ოფისთან მოვაწყვე აქცია. იქ კვერცხები და საღებავები ვისროლეთ. პოლიციამ დაგვაკავა და, როგორც უკვე ვთქვი, მიქაუტაძემ უზარმაზარი ჯარიმა მტკიცა.
პირადად მე რაღაც ეჭვები მაქვს, თუ როგორ აღმოჩნდნენ მისნაირი მოსამართლეები და ვანო ზარდიაშვილი “ოცნებაში”.
– ზარდიაშვილი ახსენეთ და, თქვენი აზრით, რაზე ებაასებოდა ის მოსამართლეებს პარლამენტთან მდებარე სკვერში? თავად ამბობს, რომ ახლობელი გარდაეცვალათ და ამაზე მსჯელობდა ნაცნობ მოსამართლეებთან.
– ეგ ზღაპრები ზარდიაშვილმა თავის მეგობარ მოსამართლეებს მოუყვეს. როდის აქეთაა, ახლობლის გარდაცვალებაზე სკევრში მსჯელობენ. ამ სიცივეში გარეთ რომ არ დამდგარიყვნენ, ან ოფისი არა აქვთ, ან სახლი, ან ტელეფონი? ზარდიაშვილის განმარტება სრული ბოდვაა. ისინი სულ სხვა რამეზე სალაპარაკოდ შეიკრიბნენ.
– მოდით, იმას დავუბრუნდეთ, თუ როგორ აღმოჩნდა ზარდიაშვილი “ოცნებაში”. თქვით, რომ ამ თემაზე რაღაც ეჭვები გაქვთ.
– ჩემი აზრით, ივანიშვილმა ზარდიაშვილი იმიტომ მიიყვანა “ოცნებაში”, რომ უნდა, მისი მეშვეობით აკონტროლოს მოსამართლეები. მოსამართლეებიც თანახმა იყვნენ ამაზე. მათ სჭირდებოდათ თავისი კაცი პარლამენტში, რომელსაც სერიოზული პოზიციები ექნებოდა.
– ზარდიაშვილს რა პოზიციები ჰქონდა, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე იყო.
– ეს საკმაოდ მაღალი და საკვანძო თანამდებობაა. ზარდიაშვილი ივანიშვილსა და მოსამართლეებს შორის ერთგვარი ხიდი იყო. ეს ხიდი შემდეგ ძალიან გამსხვილდა.
– გამსხვილებაში რას გულისხმობთ?
– იმას, რომ ამ ხიდს კობახიძე, მდინარაძე, მათიკაშვილი და ასეთი ტიპები შეუერთდნენ. მოკლედ, იმდენად გამსხვილდნენ, რომ თავად “ოცნებისთვის” გახდნენ საფრთხის მომტანი.
პარლამენტში, მათ გარდა, “ოცნებას” სხვა დეპუტატებიც ჰყავს. მათ ვეღარ მოითმინეს ასეთი თავგასულობა და ამხედრდნენ. “ოცნების” საღად მოაზროვნე ნაწილისთვის მოძალადეების ან, სხვანაირად რომ ვთქვათ, კოლექტიური ზარდიაშვილების ერთ გუნდად შეკვრა მიუღებელი აღმოჩნდა.
– რატომ აღმოჩნდა მიუღებელი?
– ეს გამსხვილება საფრთხეს უქმნიდა “ოცნებას” და გუნდი სიბინძურის კეთების თანამონაწილე ხდებოდა.
– რომელ სიბინძურეზე საუბრობთ?
– რისი დასრულების პირობაც დადო ხელისუფლებამ. “ოცნება” შეგვპირდა, რომ წინა ხელისუფლების იმ წევრებს დასჯიდა, ვისაც ათასი სიბინძურე აქვს ჩადენილი. სამართლიანობის აღდგენის ნაცვლად, პორტირებული ნაცები მივიღეთ.
სამწუხაროდ, დღევანდელი ხელისუფლება ძალიან დაემსგავსა ნაცებს. მათ შორის განსხვავება მხოლოდ ისაა, რომ ესენი კაცებს არ აუპატიურებენ. სხვა მხრივ ერთნაირები არიან. ხომ ხედავთ, ადამიანს პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები გაუვრცელეს. ეს მაინცდამაინც მაშინ მოხდა, როცა ბესელია გუნდის ერთ ნაწილს დაუპირისპირდა.
– გამორიცხავთ, რომ ეს კადრები ნაციონალებმა გაავრცელეს დაპირისპირების გასაღრმავებლად? ბესელია ამბობს, რომ კადრები მათ დროს არის გადაღებული.
– აქ არაფერი არ არის გამორიცხული. ეს გამოძიებამ უნდა დაადგინოს. “ოცნებისთვის” კარგი იქნებოდა, ეს ფირები ნაცებს გაევრცელებინათ. პირადად მე ამაში ეჭვი მეპარება.
ნაციონალებიდან კომპრომატების ყველაზე მსხვილი კეისის მფლობელი ზურაბ ადეიშვილი იყო. ადეიშვილის გუნდად მოიაზრებიან ზარდიაშვილი და მდინარაძე.
ამ ამბავში აშკარად იკვეთება ადეიშვილის ხელწერა. მხოლოდ ისაა გასარკვევი, თუ რა მიზნით გაავრცელა მან ეს ყველაფერი.
– თქვენი აზრით, რა მოტივი უნდა იყოს?
– შეიძლება კოლექტიურ ზარდიაშვილს დაუჭირა მხარი, შეიძლება “ოცნების” გახლეჩვა სურს.
– ქვეყნის მთავარი მსაჯული, ბიძინა, რას აკეთებს ამ დროს?
– ბიძინა დიდ ამბებშია.
– მაინც?
– 29 იანვარს ირაკლი კობახიძემ ამ კადრებთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა. მისი გამომეტყველებიდან კარგად ჩანდა, თუ რას აკეთებს ივანიშვილი.
– რა გამომეტყველება ჰქონდა კობახიძეს, ტრადიციულად უემოციო იყო.
– მას სახეზე აშკარად ეტყობოდა, რომ ღამენათევი იყო. სავარაუდოდ, ის სერიოზულად მიიჭირხვნა გრიგორიჩისგან. მას ისეთი ფრაზა წამოსცდა, რომ სხვა ვარიანტი უბრალოდ გამორიცხულია.
– რა ფრაზა წამოსცდა?
– თქვა, რომ კადრების გავრცელების ამბავს საფლავში ჩაყვება. ამით მან თქვა, რომ ეს ყველაფერი პარლამენტს ეხება და ის ამ საქმის გამოძიებას მოითხოვს.
– მერე ეს რატომ არის ცუდი?
– ვინ გითხრათ, რომ ცუდია? მან აიღო უდიდესი პასუსისმგებლობა. ახლა მამამისის შვილია და ნუ გამოიძიებს საქმეს.
– ეგრე ბიძინაც დაგვპირდა, სამართლიანობას აღვადგენო, მაგრამ უსამართლობის მამებს უვადოდ შემოახვია მოსამართლის მანტია.
– ოპონენტები კობახიძეს ყოველთვის წამოაძახებენ, რომ მან ეს საქმე ბოლომდე არ მიიყვანა.
– ივანიშვილსაც აძახებენ, დანაპირები არ შეასრულეო, მაგრამ სულ არ დარდობს. ასევე იქნება კობახიძეც.
– ბიძინა სხვაა და თმახუჭუჭა ყმაწვილი სხვა. ოპონენტები სერიოზულ წნეხში გაატარებენ. კი მითხარით, არ იდარდებსო, მაგრამ მაგარი სანერვიულო აქვს.
– რა სანერვიულო?
– სანერვიულოც არის და სანერვიულოც. ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, მისი გუნდი დღეებს ითვლის.
– რატომ არიან ცუდ დღეში?
– ივანიშვილს აღარ მოსწონს.
– ეგ უკვე სერიოზული ამბავია.
– უსერიოზულესი. მეტსაც გეტყვით, კობახიძეს და მის გუნდს სერიოზული ხალხი განუდგა. ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, კობახიძესთან დაკავშირებით კახა კალაძემაც ხელები დაიბანა.
– რას ნიშნავს ხელები დაიბანა?
– იმას ნიშნავს, რომ კობახიძესთან არანაირი გუნდურობის პრინციპი არ დაიჭირა.
– ეს რაში გამოიხატა?
– პირდაპირ თქვა, პარლამენტის თავმჯდომარე თუ დამნაშავეა, ჯვარზე გააკარითო.
– სად თქვა ეს?
– უმრავლესობის დახურულ სხდომაზე. დეპუტატ დავით ჭიჭინაძის ინფორმაციით, ივანიშვილმა კობახიძეს სულ ბოდიშები ახდევინა.
ეს ყველაფერი მიუთითებს იმაზე, რომ “ოცნება”, როგორც ერთი გუნდი, აღარ არსებობს. მისი გაერთიანება ბიძინასაც კი აღარ შეუძლია. ძალიან მალე “ოცნება” დაიშლება.
სადღაც შემოდგომისთვის “ოცნების” ბაზაზე გაკეთდება ახალი პარტია, რომელიც ხელისუფლებას გადაიბარებს.
– ვინ შექმნის ამ ახალ პარტიას?
– ძველი მეოცნებეები, მათთან მხოლოდ ვოლსკი არ იქნება.
– ვოლსკი ერთ-ერთი ყველაზე ძველია და რატომ უარყო ძველები?
– კობახიძესთან ურჩევნია. დანარჩენი ძველები შექმნიან ახალ პარტიას, მათთან ერთად კოალიციაში შევლენ ბურჯანაძე, უსუფაშვილი, მეჭიაური, ინაშვილი.
ძალიან სერიოზული ძალა გაკეთდება. კობახიძე და მისი გუნდი ისე დარჩებიან.

შორენა მარსაგიშვილი, ახალი თაობა