მოვუწოდებ ყველას “თიბისი ბანკთან” დაკავშირებით, პოლიტიკური სპეკულაციებისგან თავი შეიკავონ – მამუკა ბახტაძე

მოვუწოდებ ყველას "თიბისი ბანკთან" დაკავშირებით, პოლიტიკური სპეკულაციებისგან თავი შეიკავონ - მამუკა ბახტაძესაქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ „თიბისი ბანკის“ საკითხთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა და განცხადა, რომ ეს არის ჩარჩოში მოქცეული პროფესიული მიდგომებიდან გამომდინარე შესაფასებელი სიტუაცია და მას არანაირი კავშირი პოლიტიკასთან არ აქვს.

მამუკა ბახტაძემ ასევე აღნიშნა, რომ „თიბისი ბანკის“ გარშემო მიმდინარე მოვლენების დაკავშირება ანაკლიის პორტის მშენებლობასთან, სრული უპასუხისმგებლობაა.

“სამწუხაროდ, კიდევ ერთხელ მოვისმინეთ პოლიტიკური სპეკულაციები ამ საკითხთან დაკავშირებით. “თიბისი ბანკი” არის სისტემური მნიშვნელობის, ძლიერი ფინანსური ორგანიზაცია. რა თქმა უნდა, ის, რომ “თიბისი ბანკი” წარმოდგენილია ლონდონის საფონდო ბირჟაზე, ჩვენი ეკონომიკის წარმატებაა და ეს ყველას კარგად აქვს გააზრებული.

ეროვნულმა ბანკმა, როგორც რეგულატორმა მიიღო გადაწყვეტილება და ბუნებრივია, მე მის შინაარსობრივ შეფასებას ვერ გავაკეთებ, მაგრამ ვიცი ერთი რამ – ეროვნული ბანკი ყოველთვის მოქმედებს ძალიან მაღალი პროფესიული სტანდარტების დაცვით და ეს არის ყველა საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტის პოზიცია.

“თიბისი ბანკი” არის ძლიერი, სისტემური ბანკი და ერთ-ერთი ყველაზე წამყვანი ფინანსური ინსტიტუტი არა მხოლოდ ფინანსური სექტორისთვის, არამედ ზოგადად ჩვენი ეროვნული ეკონომიკისთვის. აქედან გამომდინარე, მსურს, კიდევ ერთხელ მოვუწოდო ყველას, თავი შეიკავონ პოლიტიკური სპეკულაციებისგან. ეს არის ძალიან ჩარჩოში მოქცეული პროფესიული მიდგომებიდან შესაფასებელი სიტუაცია და მას პოლიტიკასთან არანაირი კავშირი არ აქვს. მარეგულირებელმა მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება და თუ ვინმეს აქვს პრეტენზია ამ საკითხზე, სწორედ შინაარსობრივი არგუმენტები უნდა ისმოდეს და არა პოლიტიკური სპეკულაციები. ეს ნამდვილად არ წაადგება საქმეს”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.